ქუთაისის სამების ტაძრის წინამძღვარმა მრევლს ჟურნალისტზე ძალადობისკენ მოუწოდა. დეკანოზმა ილია კარკაძემ ეკლესიაში შეკრებილებს ლოცვა-კურთხევა მისცა, რომ მთავარი არხის წარმომადგენელი “გაკოჭონ” და თუ არ დაემორჩილება, “დაიმორჩილონ”.
“აი, ასეთი თავხედობა ჩვენ ეკლესიაში არ დავუშვათ. პირდაპირ ლოცვა-კურთხევას გაძლევთ. შენ ვიდეოს შეაბრუნებ, დედაკაცი რომელიმე გადით, სამმა-ოთხმა დაურეკეთ პატრულს, რომ ეკლესიაში შემოიჭრა ტელეგადამღებები და ასე თავხედურად გვიშლიან ხელს წირვაზე. ბიჭებმა მოკიდეთ ხელი და გაკოჭეთ. არ დაგემორჩილებათ? დაიმორჩილეთ. პირდაპირ ლოცვა კურთხევას გაძლევთ. ანახებენ რანაირი სპორტსმენები გაუზრდია და რანაირი ძალა გვაქვს იმასაც […] ხელის დარტყმა არა, გაკოჭეთ. 3-4 კაცი კი არა, ათ კაცს გაკოჭავთ, იმნაირი მუტრუკები ხართ. ასე ჩავაბაროთ პატრულს”, — თქვა სასულიერო პირმა წირვის დროს.
ამ განცხადებასთან ერთად, მთავარი არხი ავრცელებს ვიდეოს, სადაც დეკანოზი ჟურნალისტს ეკითხება, ტაძარში როცა შევიდა, ჰკითხა თუ არა ვინმეს, რაზეც ჟურნალისტი უხსნის, რომ ამისთვის ნებართვა არ სჭირდება. საპასუხოდ, კარკაძემ ეკლესიაში შესვლა ტელევიზიაში შესვლას შეადარა და იკითხა, მისცემენ თუ არა უფლებას პირდაპირ შევიდეს მთავარი არხის შენობაში.
მთავარი არხის ინფორმაციით, კარკაძის უკმაყოფილება ბზობასთან დაკავშირებით მომზადებულმა სიუჟეტმა გამოიწვია, სადაც საუბარი იყო საგანგებო მდგომარეობის დროს სასულიერო პირების მხრიდან ბზობის გაყიდვაზე.
კომენტარები