რეჟისორის, გუჯა ბიძია, სოციალურ ქსელში ავრცელებს ცოტნე გამსახურდიას ფოტოს და წერს:
“წამოიდგინე, 27 წლის წინ, დეკემბრის თვე და ტყე და ღრე, სოფლიდან სოფელი, სიცივე, წვიმა და თოვლი და წარმოიდგინე დევნილი, რომლის სახელთან და ცხოვრებასთან არის დაკავშირებული საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.
და რომელიც, სწორედ იმიტომ, რომ ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობა სურდა – მოკლეს.
მოკლეს სწორედ 31 დეკემბერს, ახალი წლის წინ.
და მის სიკვდილში დაინტერესებული იყო ყველა, ვისაც არ აძლევდა ხელს, რომ ის ქვეყანა, სადაც ახლა ცხოვრობ, დამოუკიდებელი ყოფილიყო.
და წარმოიდგინე და მათ ეს შეძლეს.
შენ არ ხარ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქე.
შენ თავისუფალი არჩევანის უფლებაც კი წაგართვა იმ სისტემამ, რომელსაც დღესაც არ აძლევს ხელს გამოიძიოს სისტემის მსახურების მიერ ჩადენილი დანაშაული.
სისტემას არ აწყობს სიმართლე.
მაგრამ სიმართლე გვჭირდება ჩვენ, რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს ვინმეს ზვიად გამსახურდიას პიროვნების მიმართ.
სიმართლეს დადგენა გვჭირდება ყველას, რადგან ერთი ტყუილი მეორეს შობს, და ასე მოვედით დღევანდელ დღემდე – ქვეყანაში, სადაც სიცრუე ნორმაა, და სიმართლის მაძიებელი დაცინვის ობიექტი.
და წარმოიდგინე ახლა,
ამ 27 წლის განმავლობაში, რა ცხოვრებით ცხოვრობდა ეს კაცი – ცოტნე.
თუ წარმოიდგენ იმ ყველაფერს, რასაც აკეთებდა სიმართლისთვის, წარმოიდგენ იმასაც, თუ რა იყო მისთვის ყოველი წლის დეკემბრის თვე, და როგორ ხვდებოდა 31 დეკემბერს, და როგორ იწყებდა ყოველ ახალ წელს ყველაფერს თავიდან სიმართლის დასადგენად.
ცოტნე, კაცი, – ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულება რომ დააბრალა სააკაშვილმა, და ციხეში გამოკეტა.
კაცი, მერე, უკვე ამ ხელისუფლების დროს საყდრისის დაცვისას რო ვნახე.
ვნახე მერეც, როგორ აპროტესტებდა მიწის უცხოელებზე გაყიდვას, ვნახე როგორ იდგა საზმაუსთან, ვნახე შვილმკვდარი მამების აქციაზე, ვნახე საოკუპაციო ხაზთან, ვნახე საელჩოებთან, სასამართლოებთან, პროკურატურასთან, და რამდენჯერ, და რამდენ ადგილზე კიდევ.
ვნახე ყველგან, სადაც სიმართლე იყო, და ვნახე ის, რომ ამ კაცისთვის, როგორც ჩემთვის, მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვინ ამბობს სიმართლეს. მნიშვნელობა აქვს სიმართლეს, და ჰკიდია, ამის გამო რომ აგინებს ბევრი, ჰკიდია, რომ გაყიდა ბევრმა და მისი გინებით ცხოვრება მოიწყო.
ჰკიდია ათასი სხვა ბრალდება, ჭორი და ცილისწამება, და სხვა მის ადგილზე მართლა დაიკიდებდა ყველას და ყველაფერს, იმდენი უმადურობა ნახა ხალხისგან, ისე გაუძაღლეს ბავშვობაც, ყმაწვილკაცობაც, და მთელი ცხოვრებაც.
ადამიანია ისიც, რკინა კი არაა, სხვა მართლაც გაბოროტდებოდა, და ერთი თქვენიც ყველასიო, იტყოდა და წავიდოდა. წასასვლელი არ ჰქონდა სადმე დალაგებულ ქვეყანაში, თუ რა,? მაგრამ ეს კაცი კვლავ აქ იყო, და სიმართლეს ითხოვდა, და თავისთვის არა, ხალხო – ყველასთვის!
თავისთვის რო ნდომოდა, მოწყობილი ექნებოდა ცხოვრება, გინდა შევარდნაძის დროს, გინდა სააკაშვილის დროს, გინდა ახლა.
ყველამ შეთავაზა შესათავაზებელი და რა?
რა და როგორიც იყო, ისეთი დარჩა, მარტო, დამოუკიდებელი, და სიმართლეს ადევნებული, ქონების, ფულის და კომფორტის ფეხებზე დამკიდებელი, ნათქვამზე ჯიუტად მიმწოლიც და ბევრჯერ ალალად ბოდიშის მომხდელი. ბევრის გვერდით დამდგომი, და გადამრჩენი. ბევრი რამის ამტანი, კი, და ხშირად უბრალო რამეზეც გულაჩვილებული.
ბევრნაირი მინახავს.
სხვა ბევრი რამეც მინახავს, და ბევრი ვინმეც მინახავს, მაგრამ ცოტა ვიცი მე ასეთი, მართლა კაცი და მინდა ეს კაცი რომ გადარჩეს, მისმა გონებამ რომ მოუგოს ომი მისივე სხეულს.
აიძულოს სხეული გონებას ემსახუროს, და ფეხზე დადგეს.
ხო, კიდევ ერთხელ მოუგოს ომი, საკუთარ ბედს, თუ უბედობას.
სიმართლეს ჭირდება ეს, სიმართლეს სჭირდება მისი სიცოცხლე, ადამიანებს სჭირდებათ.
მეც მჭირდება.
2021 წელი შენი გამარჯვებისა იყოს, ცოტნე, ძმა!”
კომენტარები