ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა, სადაც წერდა, რომ მე-18 დაწესებულებაში პატიმარს აწამებენ, კიდევ ერთ წერილს წერს:
“სამწუხაროა, პრობლემის აღმოფხვრის ნაცვლად პენიტენციურმა სამსახურმა სიცრუეშიც დამადანაშაულა. პატიმარმა ჟურნალისტებსაც (მაგ: Anuna Akhalaia) დაურეკა, აღნიშნა, რომ გაუსაძლის მდგომარეობაშია და რამდენიმე დღეა შიმშილობს. გატარებულ ღონისძიებებს და ისტორიას არც უარყოფს, სჯობდა მე დამკავშირებოდნენ ვიდრე ბრმად სამედიცინო ისტორიას გადმოაკოპირებდნენ.
ნათლად ჩანს დამოკიდებულება, პატიმრის მიმართ გულისხმიერების ნაცვლად ჩემი სიცრუეში დადანაშაულება დაიწყეს. რამდენი წერილი მაქვს გაგზავნილი პროთეზის თხოვნით, რათა პატიმარი გადაეყვანათ გეგუთში, მიჯაჭვულია ლოგინს და სავარძელს, ჰაერზე გაყვანას ითხოვს, სუნთქვას…
მე შევედი ადამიანი ტიროდა, ასეთი უსუსური და სასოწარკვეთილი მეც არასდროს ვყოფილვარ, როგორ დავხმარებოდი ვერ გავიგე. სამწუხაროდ დავის განხილვის დროს, განაჩენის დადგომამდე მისი ადვოკატი არ ვყოფილვარ.
პატიმრის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც გაუსაძლისი ტკივილები ეწყება ამ დროს არანაირი ყურადღების გამოვლენა არ ხდება, შემდეგ ცხოველივით ღმუის და ყვირის კაცი, ფაქტია, რომ გარდუვალია სულ მალე მეორე ფეხის ამპუტაციაც. ელემენტარულად მედიკამენტი არ დააფინანსა სახელმწიფომ და ჩემი ხარჯით შევუძინე, მომწერა სამედიცინო დეპარტამენტმა თავად შეიძინეთო.
ოჯახს საშუალება აღარ აქვს, ანუ მოკვდეს? მედიკამენტის სახელწოდება – პარკინია. არასდროს არაა საკმარისი ექიმი და მედიკამენტი ეს პირველად ჩემგან გაიგეთ? რამდენი პატიმარი იტანჯება სამედიცინო მომსახურების ხარვეზების გამო სასჯელაღსრულების სისტემაში, ან კლინიკა ,,ვივამედი” ვისია და რატომ არის მიჯაჭვული პენიტენციური სამსახური კონკრეტულად ამ კლინიკაზე? ჩემი პოსტის შემდეგ პატიმარი ,,ვივამედში” გადაიყვანეს, სადაც უამრავი ხარვეზია ქრონიკულად. საერთოდ ყველა პატიმარი იქ გადაჰყავთ, არ აქვს მნიშვნელობა რა ჩივილები აქვს მას. ყოვლისშემძლეა კლინიკა ,,ვივამედი”. სირცხვილია სხვა თუ არაფერი! სხვა დეტალებზე მოგვიანებით!”
შეგახსენებთ, პენიტენციურმა სამსახურმა, ადვოკატის პირველ წერილს უპასუხა და თქვა, რომ პატიმარს ბევრჯერ ჩაუტარდა მკურნალობა და ოპერაცია: “მსჯავრდებულისთვის 2018-2020 წლებში მხოლოდ სამოქალაქო სექტორის კლინიკებში ჩატარებული გამოკვლევები და ქირურგიული ჩარევები სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 66 537.5 ლარი დაუჯდა. ამ ციფრებიდან გამომდინარე ადვოკატის მხრიდან მედიკამენტების მიწოდებაზე საუბარი რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია.”
ქალბატონო მინისტრო, ბევრჯერ რომ ჩაუტარდა ოპერაცია და გამოკვლევა, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც ძალიან მძიმეა და თუ თვლით, რომ არ სჭირდება ქირურგიული ჩარევა – მაშინ კლინიკას უნდა მიმართოთ, ხოლო, თუ თვლით, რომ სახელმწიფო არ უნდა იხდიდეს მისი მკურნალობის ხარჯებს, შეწყალების კომისიას უნდა მიმართოთ, იქნებ, გაუშვან და მერე თქვენ აღარ იქნებით ვალდებული მისი მკურნალობის ხარჯი დაფაროთ.
ოპერაციის ფული კლინიკებს ჩაერიცხათ, პატიმარს კი მედიკამენტი არა აქვსო, წერს ადვოკატი, მიგიწერიათ, მედიკამენტს ვერ ვყიდულობთო, მხოლოდ კლინიკებში გადასარიცხი ფული გაქვთ? რა პრინციპია, რაკი დიდი ფული გადაუხადეთ მისი ოპერაციებისთვის კლინიკას, ამიტომ, კარგად უნდა იყოს და წამალი არ უნდა დასჭირდეს? გინდა რბილად და გინდ მყარად – უპასუხისმგებლო განცხადებაა.
კომენტარები