ჩვენს მიერ დაანონსებული, ხორბალზე ფასის მატება რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ოფიციალურად დააჩაქუჩა და ტონა ხორბალს 50 ევრო მოუმატა. ამასთან ერთად, იმავე სამინისტრომ დაადასტურა, რომ გაისად ხორბლის იმპორტს შეამცირებს და ჩვენს გარდა, კიდევ არაერთ ქვეყანას მოუწევს პურის ფქვილისთვის საჭირო ხორბლის ალტერნატიული და უფრო ძვირი გზების ძიება. რეალურად, როცა ქართული სახელმწიფო პურის ფქვილზე სუბსიდირებას შეწყვეტს და ამას 1-ლი აპრილიდან გააკეთებს, ერთი პურის ფასი საუკეთესო შემთხვევაში 1.30 ლარი იქნება. პურის ფქვილის სუბსიიდიის გარდა, 1-ლი მარტიდან სუბსიდია კომუნალურებზეც შეწყდება და გაძვირებული ტარიფი მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება. საყოველთაო უმუშევრობის ფონზე, მოსახლეობას ერთადერთი იმის იმედი უნდა ჰქონდეს, რომ გაზაფხულზე ბოსტნეული და ბაღჩეული შემოვა და კვება შედარებით იაფი დაჯდება. პარალელურად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლება პანდემიასთან ბრძოლის სახელით, დახმარებების დარიგებას კვლავაც გააგრძელებს და ჩვენს მიერვე შევსებული ბიუჯეტიდან ისევ ჩვენ დაგვიბრუნებს პროდუქტებისა და მცირე ფულადი კომპენსაციის სახით. ეს ყველაფერი ჩვენზე კარგად სწორედ ოპოზიციამ იცის და მოსახლეობის გაჭირვების პიკზე აპირებს აქციების დაწყებას. მშიერი ხალხის შეკავება ხელისუფლებას ძალიან უნდა გაუჭირდეს და ამ გადმოსახედიდან, გამოავალიც არ ჩანს, ამ სიდუხჭირიდან რომ ამოვიდეთ.
სხვათა შორის, თუ მოსახლეობას დენი და გაზი გაუძვირდა, უფრო მეტად გაუძვირდათ კომპანიებსა და ბიზნესს. მარტივად რომ ავხსნათ, ამ გაძვირებამ მაგალითად ერთ-ერთ ლუდის კომპანიში ის გამოიწვია, რომ მათ წლიურად, დამატებით, 1.6 მილიონი ლარი უნდა გადაიხადონ. ეს ყველაფერი კომპანიაში დაადასტურეს და რა ძნელი მისახვედრია, რომ პროდუქციის გაძვირება სწორედ ამ მატების გამოც მოუწევთ. იგივე ითქმის ნებისმიერ პროდუქციაზე, რომელიც საქართველოში იწარმოება და არამარტო პროდუქციაზე – ყველანაირი მომსახურება ძვირდება. ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად ადასტურებენ, თუ უახლოეს მომავალში, მაგალითად რაჭის ან პანკისის ხეობის მოსახლეობა სახელმწიფოს უფლებას არ მისცემს განახორციელოს ენერგოპროექტები, აღნიშნული ტარიფის შენარჩუნებაც გაჭირდება.
„ის, რომ მარეგულირებელი კომპანია და მისი ხელმძღვანელი დაბეჯითებით აცხადებენ, ტარიფი უახლოესი 3 წლის განმავლობაში აღარ შეიცვლებაო, არის ტყუილი. თუ ეროვნული ვალუტა ისე გაუფასურდება, რომ ხელშეკრულების გადახედვა გახდება საჭირო, ტარიფი აუცილებლად ისევ მოიმატებს, რადგან მიმწოდებლები დენისაც და გაზსაც დოლარში ყიდულობენ. არადა, ეროვნული ვალუტის სიმყარე უცხოურ ინვესტიციებზეა დამოკიდებული და ხელისუფლება ისევ ბიძინა ივანიშვილის იმედად არის. ბოლო წლებია, ყველაზ მსხვილი „უცხოელი ინვესტორი“ სწორედ ივანიშვილია“, – გვეუბნება ამ სფეროს ექსპერტი.
მოლოდინისამებრ, წლის ბოლოს, საქართველოში მოქმედი ხელშეკრულება აღარ გააგრძელა არაერთმა ბრენდულმა მაღაზიამ და ისინი ქართული ბაზრიდან გავიდნენ. გარდა იმისა, რომ ეს ქვეყნისთვის არის ცუდი, კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანი დარჩა უმუშევარი, თუმცა…
„უცნაური ხალხი ვართ ქართველები. რეგულაციების მიუხედავად, უბნის მცირე მაღაზიებიც კი, წინასაახალწლოდ სავსე იყო მომხმარებლით და არც სოფელია უკმაყოფილო, გოჭი თუ ინდაური შედარებით იაფად, მაგრამ მაინც გაყიდა. არავინ იცის საიდან, მაგრამ ფაქტია – ქართველები ახალ წელს საჭმლის ფულს ყოველთვის შოულობენ და შემდეგ უკვე რთულია ადგილობრივი ხელისუფლება თუ დონორი ორგანიზაციები დაარწმუნო იმაში, რომ მოსახლეობის 70%-ზე მეტს ყოველდღიური პურის ფულის პრობლემა უდგას. თუმცა, რეალურად, ციფრებით ასეა“, – გვეუბნება ექსპერტი.
მოკლედ, გაზაფხულთან ერთად, მომატებული ტარიფები გველოდება და ამასთან ერთად, რეგულაციები უდიდესი ალბათობით, წლის ბოლომდე ვერ და არ მოიხსნება. ის ვაქცინაც, რომელზეც ამდენი ხანია საუბრობენ, საუკეთესო შემთხვევაში, თურმე შემოდგომას გვექნება, მანამდე კი თავს უნდა გავუფრთხილდეთ, თორემ გარდაცვლილების რიცხვმა საქართველოში უკვე 3 ათას მიუკაკუნა და ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან, ძალიან ბევრია.
ანი დვალიშვილი, ალია
კომენტარები