ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.
– ბატონო გიორგი, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ საქართველოს ხელისუფლებას ბრალი დასდო, რომ საქართველოს გავლით კონტრაბანდული ტვირთი გადის რუსეთში და მიანიშნა, რომ მათ შორის, სამხედრო დანიშნულების ტვირთიც არის. რამდენად დამაჯერებლად მიგაჩნიათ უკრაინული მხარის ეს სკანდალური ბრალდება?
– ამ ხელისუფლებისგან დიდი ხანია, აღარაფერი მიკვირს. ეს განცხადება უკრაინის სამხედრო დაზვერვამ გაახმაურა, მაგრამ ეს ინფორმაცია მოპოვებულია ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის და სპეცსამსახურების მიერ. ამერიკის სენატში თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის მოსმენა იყო, რომელმაც პირდაპირ განაცხდა, რომ სადაზვერვო მონაცემებს უკრაინულ მხარეს აწვდიან. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, დიდი ალბათობით, უკრაინული მხარე სიმართლეს ამბობს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ღიად, პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთისთვის დაწესებულ არანაირ სანქციებს არ უერთდება და არც შეუერთდება. ასევე, საქართველოს საჰაერო სივრცე თავისუფალია რუსული, მათ შორის, სამხედრო თვითმფრინავებისთვის. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თვითმფრინავები ჩვეულებრივად დაფრინავენ ჩვენს საჰაერო სივრცეში და რა გასაკვირია, რომ მათ სამხედრო ტვირთები გადაჰქონდეთ და ცოცხალი სამხედრო ძალაც გადაჰყავდეთ. ასევე, ლარსის მხრიდან სამხედრო ტვირთების გატარებაზე გამახვილდა ყურადღება. მე დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით უკრაინულმა მხარემ, დახურული სამთავრობო არხებით, ჩვენი ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს მიაწოდა მტკიცებულებები და ჩვენმა ხელისუფლებამ მიმართა ვირეშმაკულ ხრიკს, მოითხოვა საჯაროდ წარმოადგინოს უკრაინულმა მხარემ ეს მტკიცებულებებიო. ამ ტიპის სადაზვერვო მასალებს უკრაინა ვერ გაასაჯაროებს, მაშინ ამით მთელი სადაზვერვო სქემა უნდა გაასაჯაროონ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ისეთ განცხდებებს აკეთებენ, ამ ომზე, რომელიც რუსეთსა და დასავლურ ცივილიზაციას შორის მიმდინარეობს, რომ ცალსახად, მკაფიოდ დგანან რუსეთის მხარეს. გამოიკვეთა ალიანსი – რუსეთი, ბელარუსი და საქართველო. „არამეგობრული ქვეყნების“ სია გამოაქვეყნა რუსეთმა და იმ სიაში საქართველო არ იყო. რუსეთის ფარული თუ ღია მხარდაჭერის გამო, ხან როგოზინი შეგვაქებს, ხან კარასინი და ხან მარგარიტა სიმონიანი და ამ საცოდავებს ეს უხარიათ. ეს იმ დროს, როდესაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, რუსეთთან დღემდე არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, დღემდე ომის პირობებში ვიმყოფებით რუსეთთან და ასეთ ვითარებაში, „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში არ შეგვიყვანეს. ამით ყველაფერი ნათელია. პრინციპში, აქამდეც ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის დასმული იყო ქვეყნის მმართველად და ვიცოდით, რომ რუსეთის ნებისმიერ დაკვეთას უსიტყვოდ ასრულებდნენ თავად და მისი მარიონეტები. ზოგი იჯერებდა და ზოგი არა, მაგრამ რუსეთ–უკრაინის ომმა ყველას ჩამოხადა ნიღაბი. ეს ხელისუფლება და მისი პოლიტიკა, უდიდეს საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. აგერ 9 აპრილი იყო და რისთვის გაწირა იმ ხალხმა თავი? რისთვის აღუდგა შიშველი ხელებით რუსულ ტანკებს? იმისთვის, რომ თავისუფლება მოგვეპოვებინა. რუსებმა ბუჩამდე გაგრა, სოხუმი, ოჩამჩირე მოაწყეს. პატარა ბავშვები დახვრიტეს აფხაზეთში, ქართველების თბილი სისხლი დალიეს, გაგრაში ქართველთა მოკვეთილი თავებით ფეხბურთი ითამაშეს, დედას მოკლული შვილის თვალი გადააყლაპეს, 4 წლის ბავშვი და 96 წლის მოხუცი ჰყავთ აფხაზეთში დახვრეტილი, კანალიზაციის ჭებში ყრიდნენ გვამებს. 2008 წლის ომის დროს, ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე, პოლიციელი და სამხედრო პირი დაგვიხოცეს. ტყვედ აყვანილ ქართველებს აწამებდნენ და ცხინვალის რეგიონშიც იყო ომის დანაშაულის არაერთი ფაქტი, ტალიავინის კომისიამ, რუსეთისა და ოსეთის მხრიდან ქართველთა ეთნოწმენდა დააფიქსირა ამ ომში. ეს ყველაფერი იმისთვის გადავიტანეთ, რომ ჩავბარებოდით რუსეთს? ასე დააყენეს საკითხი, მშვიდობა თუ თავისუფლება? ტელეკომპანია „იმედმა“ ინტერაქტიული გამოკითხვაც კი ჩაატარა და ზუსტად ასე დასვა კითხვა. მშვიდობის მომხრეებმა გაიმარჯვეს, მეტნი აღმოჩნდნენ. მეტი რაღა სირცხვილი გინდა? არ არსებობს მშვიდობა თავისუფლების გარეშე, ეს ათეულობით საუკუნეა უკვე იცის კაცობრიობამ, მაგრამ ამათ ტვინში მაინც არ შედის. თავისუფლების საწინააღმდეგო მხარე არის მონობა. ამათ გათვლა ჰქონდათ, რომ რუსეთი ბლიც–კრიგით მოიგებდა უკრაინასთან ომს და დასვამდა იქ თავის მარიონეტებს. მერე, მოიცლიდა ჩვენთვის, საქართველოში ჩაატარებდა „ქართული ოცნება“ რეფერენდუმს ქვეყნის სამხედრო ნეიტრალიტეტის შესახებ. ჩვენთვის ნეიტრალიტეტის გამოცხადება იცი, რას ნიშნავს? აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სამუდამოდ დაკარგვას. ნეიტრალური როგორ იქნება სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც უცხო ქვეყნის, რუსეთის ჯარი დგას? რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და ე.წ. დამოუკიდებლობა და ამ პირობებში ნეიტრალიტეტი როგორ უნდა გამოაცხადო? რუსეთი პირდაპირ გვეუბნება, რომ გამოაცხადეთ ნეიტრალიტეტი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშეო. ე.ი. უნდა ვაღიაროთ მათი დამოუკიდებლობა. ეს არის ქართული სახელმწიფოს დაშლაზე ხელის მოწერა. აი, ამას მხარს უჭერენ „ქართული ოცნება“ და მათი მომხრეები. ეს არის ქვეყნის ღალატი და მეტი არაფერი. უკრაინაში ომი გაგრძელდა, თორემ ეს გეგმა უკვე შესრულებული ექნებოდათ პუტინსა და ივანიშვილს.
– ხელისუფლება აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ წარმოგვიდგინოს მტკიცებულება, რომ საქართველოს გავლით რუსეთში სამხედრო ტვირთი გაედინებოდაო. თქვენ ვარაუდობთ, რომ დახურული სამთავრობო არხებით, ამგვარი მტკიცებულებები უკვე გაუგზავნეს ქართულ მხარეს. მოდით, დავუშვათ და დადასტურდა, რომ ნამდვილად მიდიოდა რუსეთში სამხედრო ტვირთი საქართველოს გავლით და ამის დამადასტურებელი ფაქტებიც გასაჯაროვდა. რა ბედი ელის საქართველოს? დაგვსჯიან? სანქციებს დაგვიწესებენ და თუ დაგვიწესებენ, რა სახის სანქციები შეიძლება იყოს? რამდენად დაზარალდება ქვეყანა და ხალხი?
– კი არ ვვარაუდობ, დარწმუნებული ვარ, რომ დახურული სამთავრობო არხებით ეს მტკიცებულებები უკვე მიაწოდეს ჩვენს ხელისუფლებას და ამის შემდეგ გააკეთა განცხადება უკრაინულმა მხარემ. ამ განცხადებას პრევენციული ხასიათი ჰქონდა, რომ არ გაგრძელებულიყო სამხედრო ტვირთების რუსეთში გატარება. ვიმეორებ, ეს მტკიცებულებები მოიპოვეს ამერიკულმა და ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა. გავიხსენოთ, ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების განცხადებები, რომ ეს ინფორმაცია არის ძალიან სერიოზულიო. დიპლომატები უფრო ხისტები ვერ იქნებოდნენ განცხადებებში. ფაქტები არსებობს და თუ მაინც გააგრძელებენ რუსეთისკენ სამხედრო ტვირთების გატარებას, უკვე ღიად დაიდება მტკიცებულებები და მერე ამას მოჰყვება სათანადო რეაგირება. სამწუხაროდ, სანქციებს უკვე აღარ დაიშურებენ ჩვენი ქვეყნისთვის და რა მრავალფეროვანი სანქციები ჩვენ გვინდა, რომ მძიმედ დაგვაზარალონ? ეკონომიკა ჩვენ არ გაგვაჩნია. რაზე დგას ჩვენი ეკონომიკა? უცხოეთიდან ემიგრანტების მიერ გამოგზავნილ ფულსა და ტურიზმზე. ევროკავშირის ქვეყნების ბანკებმა საქართველოში რომ აკრძალონ ფულის გადმორიცხვა და ევროლიბერალიზაცია გაგვიუქმონ, ევროპელებს საქართველოში შემოსასვლელად ვიზები რომ დასჭირდეთ, მორჩა ქართული ეკონომიკა, ერთ თვეში ჩამოიშლება. ტურისტი თუ არ შემოვა და აქ უცხოურ ვალუტას არ გადაცვლის ლარზე, ასევე, ევროპაში მყოფი ემიგრანტები თუ ვეღარ გამოაგზავნიან უცხოურ ვალუტას და ვეღარც ის გადახურდავდება ლარში, ეს კატასტროფულ ინფლაციას გამოიწვევს. ეს გაუბედურებული ლარი უარესად გაუბედურდება და გაძვირდება ყველაფერი. თუ ეს მოხდა, ცხადია, ვერც ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლები გადაურჩებიან სანქციებს, მაგრამ მაგათი დარდი არ მაქვს, ხალხი მეცოდება, რომელთაც ცხოვრება, შესაძლოა, ისე გაუძვირდეთ, ასეულობით ათასი სოციალურად დაუცველი შეგვემატოს. ივანიშვილმა ქვეყანა აიფარა, რომ სანქციები არ დაუწესონ. ქვეყნისა და ქართველი ხალხის ბედით თამაშობს, რომ ქონება და ფული შეინარჩუნოს. უნდა დაადონ ივანიშვილს სანქციები. ბევრი აპატიეს, არჩევნების გაყალბება, ხალხის დევნა და უკანონო დაჭერები, პროკურატურისა და სასამართლოს ჯიბეში ჩადება და ათასი უბედურება, რაც ევროპულ, დემოკრატიის ღირებულებებს ეწინააღმდეგებოდა. 140 რუს ოლიგარქს დაადო სანქციები ევროკავშირმა, ამერიკამ და სხვა ქვეყნებმა, დაუყადაღეს ქონება და ფული ბანკებში, ბიძინა ივანიშვილიც რუსი ოლიგარქია, რუსეთში იშოვნა ფული და რუსეთის ხელისუფლებას ემსახურება დღემდე. მეტიც, იმ რუსი ოლიგარქებისგან განსხვავებით, მთელი ქვეყანა ანაცვალა რუსეთის ინტერესებს.
კომენტარები