იურიდიული კომპანია MKD- ი„კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის ქმედებათა აღმწერი სტატიის საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებაზე უარის შესახებ განცხადებას აქვეყნებს და ამჯერადაც უცხოურ მედიას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს:
„როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილი არის ბატონ ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“-ს შორის მიმდინარე გლობალური დავის შესახებ. ერთ-ერთი წამყვანი წყარო, ძირითადი საშუალება, რომლის გამოყენებითაც არის უზრუნველყოფილი სწორედ საზოგადოების ინფორმირებულობა, არის ბეჭდური მედია და ინტერნეტ გამოცემები.
საზოგადოებასთან ურთიერთობაში მხარდაჭრის კუთხით მომსახურებას წლების განმავლობაში სწევდა ინგლისური ფირმა „მეტიგენი“ (Metigen). სწორედ აღნიშნული ფირმის ჩართულობით, წლების განმავლობაში არაერთი სტატია და წერილი გავრცელდა სხვადასხვა მედია საშუალებაში, რაც დამატებით გადაიბეჭდა ათობით გამომცემლობაში, მათ შორის, მსოფლიოს წამყვან პრესაში (Wall Street Journal, Bloomberg, Reuters და სხვა). აღნიშნული სტატიები და წერილები საუბრობდა „კრედიტ სუისს“-თან მიმდინარე დავებზე. თუნდაც, სულ ახლახანს, 2023 წლის 25 იანვარს გამოქვეყნებული სტატია, რომელიც „კრედიტ სუისს“-ის უმძიმეს კრიტიკას შეიცავდა. ამგვარი პუბლიკაციების გამოქვეყნება შეფერხებების გარეშე ხორციელდებოდა.
2022 წლის 18 ივლისის წერილში ვაცხადებდით:
„შვეიცარიული მედია ჩვენი ჩართულობითაც და თავადაც, ჩვენგან დამოუკიდებლად, ყოველთვის უყოყმანოდ აქვეყნებდა კრიტიკულ, ნეგატიური შინაარსის შემცველ სტატიებს შესაბამის ბანკთან დაკავშირებით.მოცემულობა შეიცვალა, როდესაც საუბარი შეეხო ბანკის მენეჯმენტის მიერ თვით-დაზიანების რეჟიმში ყოფნასა და ჩვენ მიერ გამოთქმულ ეჭვს – ხომ არ იყო ბანკის მოქმედებებში სხვა საფუძველი ან რაიმე ინტერესი. აქედან გამომდინარე, წარმოიშვება ლოგიკური დასკვნა, რომ ათზე მეტი გამომცემლობის, ტელევიზიისა და რადიოს მიერ უნისონში გამოთქმული ზრდილობიანი უარის მიღმა შეიძლება სხვა საფუძველი არსებობდეს, რაც მორიგი სამწუხარო, იმედგამაცრუებელი სიგნალი იქნებოდა შვეიცარიიდან“.
მაშინ ჩვენ იძულებული გავხდით პირადი წერილებით მიგვემართა შვეიცარიელი პოლიტიკოსებისთვის და მათი ყურადღება მიგვეპყრო იმ საკითხებზე, რაზეც შვეიცარიულმა მედიამ საუბრის საშუალება არ მოგვცა.
დღეის მოცემულობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მორიგი სამწუხარო სიგნალი ამჯერად უკვე შვეიცარიის გარეთ, ევროპული/ბრიტანული მედიიდან მივიღეთ, რომლებიც ყველანაირი შეფერხების გარეშე აქვეყნებდნენ სტატიებს, როდესაც შინაარსი „კრედიტ სუისს“-ის მძიმე კრიტიკას შეეხებოდა.
ჯერ იყო და ჩვენ მიერ მიწოდებული წერილიდან სრულად იყო ამოღებული ის მესიჯები, რომლებიც ეხებოდა კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტს, ხოლო მომდევნო კომუნიკაციის შედეგად, მედიამ გადაასხვაფერა, გააფერმკრთალა ყველა აქცენტი, რომელიც ისევ იმავეს, „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის კრიტიკას შეეხებოდა.
ჩვენთვის, ცხადია, მიუღებელი იყო და არის ინფორმაციის გადასხვაფერებული, დაშტრიხული თუ შეკვეცილი სახით გამოქვეყნება, ამიტომ ჩვენი მხრიდან საერთოდ უარი ითქვა პუბლიკაციაზე.
მართლაც იმედგამაცრუებელია ის, რომ ევროპული მედიაც მონოპოლიზირებული აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ბატონ ივანიშვილს განზრახული აქვს კვლავაც მისცეს შანსი შესაბამის მედია საშუალებებს, რათა გამოაქვეყნონ მომდევნო ინფორმაცია და წერილები, რომლთა გასაჯაროვება უკვე არის დაგეგმილი, მხოლოდ იმ დათქმით, თუკი იგივე მედია საშუალებები ამ დრომდე დაბლოკილ ინფორმაციასაც გამოაქვეყნებენ არარედაქტირებულ ფორმატში.” – წერია განცხადებაში.
კომენტარები