Edison Research-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 62%-ს უნდა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს და არ სურს, ქართულმა ოცნებამ 43% მიიღოს თვითმმართველობის არჩევნებზე. ამავე თემაზე, მოსახლეობის მხოლოდ 38% ამბობს, რომ არ უნდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით ხელმოწერილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თუკი ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, მაშინ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.
Edison Research-ის კვლევით, გამოკითხულთა დიდი ნაწილი, 43% ყველა მხარისათვის ერთნაირად ხელსაყრელად მიიჩნევს ევროკავშირის მიერ წარდგენილი 19 აპრილის შეთანხმებას.
მოსახლეობის 16% ფიქრობს, რომ შეთანხმება ძალიან ხელსაყრელი იყო ქართული ოცნებისთვის, 9%-ის აზრით კი, მიშელის დოკუმენტი ოპოზიციისთვის ძალიან ხელსაყრელი იყო. მოსახლეობის 8%-ის თქმით, შეთანხმება არცერთი მხარისთვის არ ყოფილა ხელსაყრელი.
გამოკითხულთა 12% ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია ამ შეთანხმების შესახებ.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 – 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.
წყარო – ფორმულა
კომენტარები