ნანა სულავა
„ალია“ აგრძელებს ინტერვიუს თბილისში სიცოცხლისთვის საშიშ ადგილებზე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორთან ანზორ საკანდელიძესთან:
– ქალაქში კიდევ სხვა, სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ, ადგილებზე რას იტყვით?
– მაგალითად, აზერბაიჯანული ფირმა „დირსი“ ქალაქის პრესტიჟულ ადგილებზე, თუნდაც ისნის რაიონში, მთლიანად მძიმე ბეტონებისა და ნაკეთობების კონსტრუქციების გამოყენებით აშენებს კორპუსებს, რის გამოც შენობის მთლიანი ჯამური წონა გაზრდილია თითქმის 100 პროცენტით, რაც ძალზე უარყოფითად მოქმედებს სეისმომედეგობის დაცვაზე. გარდა ამისა, ვინაიდან საკედლე მასალად გამოყენებულია მძიმე ბეტონი, შესაბამისად, საიზოლაციო თვისებები გაუარესებულია და ასეთი შენობების გათბობა შეუძლებელია. ორჯერ და სამჯერ მეტად იზრდება გათბობის საფასური. საფრთხის შემცველია ეს კორპუსები, რადგან იქაც ნაგავსაყრელები იყო დიდ სივრცეზე, ყურადღებით იყო შესასწავლი ფუძე-საძირკვლების მოწყობა. დარწმუნებული ვარ, რომ თითქმის შეუსწავლელია. ჩვენ, მშენებელთა ლიგას, სადაც გაერთიანებულია სამეცნიერო-პრაქტიკული ფირმა, რომელიც აწარმოებს შენობა-ნაგებობათა შესწავლას სეისმომედეგობაზე, უნდა მოგვცენ იმის საშუალება, რომ შევისწავლოთ თითოეული კორპუსის მდგომარეობა, ეკონომიკის სამინისტროს სპეციალისტებთან ერთად. ამ კორპუსების სეისმომედეგობა და სხვა ტექნიკური პარამეტრები უნდა დადგინდეს და ნაკლოვანებების აღმოჩენის შემთხვევაში ეს კომპანიები უნდა დაჯარიმდეს. მსოფლიოს კატასტროფების ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრების შედეგად 2000-2010 წლებში 49 პროცენტით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე 1950 წლიდან 2000 წლამდე. ბოლო ათი წლის განმავლობაში თბილისსა და ბათუმში აშენებული ყველა ცათამბჯენი საშიშია სეისმომედეგობის თვალსაზრისით და ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების აბსოლუტური უმოქმედობა თბილისელებს და ბათუმელებს სეისმოამოჟუჟვით ემუქრება. გაიგეთ კარგად, სასიკვდილო სამშენებლო ნებართვები უნდა იკრძალოს! 12-სართულიანების ნაცვლად 40-50 სართულიანი სიკვდილის კორპუსების აშენება უნდა შეჩერდეს. ფულის გამო ხალხს ნუ ამოხოცავთ ამ კორპუსებში, რადგან ამ კომპანიების მიერ აშენებული კორპუსების ფუნდამენტი საშიშია, სიმაღლე საშიშია, გეოლოგია საშიშია, ჰაერის დატვირთვები უნდა იყოს გათვლილი. სამშენებლო და სეისმომედეგობის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, აკადემიკოსი გურამ გაბრიჩიძე ამბობდა, ყველა მაღლივი შენობა აუცილებლად უნდა იყოს შემოწმებული სივრცით მდგომარეობაზეო. ამ მხრივ არცეთი კორპუსი არ არის შემოწმებული თბილისში, რის გამოც მოსალოდნელია, ეს შენობები წამოიქცეს, როგორც შანხაიში მოხდა 10 წლის წინ, დაწვა მიწაზე, რადგან სივრცით მდგომარეობაზე არ იყო გათვლილი. მის ბედს გაიზიარებს ყველა კორპუსი თბილისში. მე სიმართლეს გეუბნებით. მხოლოდ ჩვენ, მშენებელთა ლიგას, შეუძლია შეამოწმოს, მაგრამ ჯერჯერობით არცერთ ფირმას სეისმომედეგობის შემოწმებაზე ხელშეკრულება ჩვენთან არ დაუდია. მათ კარგად იციან, რომ მათ საპროექტო მოთხოვნებს არ დავაკმაყოფილებთ. ერთი წელია ვაცხადებთ, რომ ვიწყებთ შემოწმებას. არცერთი ფირმა არ გამოდგა მსურველი. დღესაც ვაცხადებთ. არ უნდათ, რადგან იციან, რომ გაიშიფრებიან. მეტი რანაირად ავუხსნა ამ ხალხს, მთავრობას, მერიას, იქნებ აწ გარდაცვლილი პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის წინასწარმეტყველური ლექსის სტრიქონების შეხსენების შემდეგ მაინც მოეგონ გონს, რომელიც ამბობდა: „ოღონდაც ფრთხილად, ძვირფასებო, ფრთხილად ოღონდაც, ეს დედამიწა ალმაცერად გვიმზერს ბებერი,რადგან ჩვენს შემდეგ დაიწყება თქვენი გოლგოთა და აღარავინ არ იქნება მიმტევებელი!“ – ეს ჯანსუღ ჩარკვიანმა 2017 წელს გვითხრა. ფულზე გაგიჟებულ სამშენებლო მაფიას მინდა შევახსენო ქვეყნის პირველი გეოფიზიკოსის, გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ თამაზ ჭელიძის სიტყვები: „8-9 ბალიანი დამანგრეველი მიწისძვრები გველოდება როგორც ჩრდილოეთიდან, ისე სამხრეთიდანაც. რღვევა მიდის მთელს კავკასიონზე. მთელი კავკასიონი სეისმურად არის საშიში და პოტენციურად მოხდება 9 ბალიანი მიწისძვრა. გვაქვს სეისმური რღვევა, რომელიც აქტიურია და მოძრაობს და რახან აქტიურია და მოძრაობს, ეს მეტყველებს მოსალოდნელ მიწისძვრებზე. არაბეთის ფილაქანი კავკასიას აწვება. ის წელიწადში 15 სანტიმეტრით გადმოადგილდება ჩრდილოეთისაკენ და ეჯახება ევრაზიის ფილას. მიწოლის შედეგად ან მთებმა უნდა აიწიოს და ან მოხდეს შეცოცება. ეს იწვევს მიწისძვრას“. ბატონმა თამაზმა ეს გაფრთხილება-განაჩენი გამოგვიტანა.
– რას აკეთებს დღევანდელი ადგილობრივი ხელისუფლება, ქალაქის მერია?
– არაფერს! უზარმაზარი მოგების მიღებაზე ჭკუადაკარგულმა სამშენებლო მაფიამ სეისმომედეგობის ძირითადი კანონი თავზე გადაგვახია. ნუ გავაკეთებთ იმას, რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა შეგვრაცხონ უსჯულოებად და ცოდვილებად, მოგვიგონონ იერემია წინასწარმეტყველის ამ ბიბლიური სიტყვებით: „მამათა ჩვენთა ცოდეს, და არღა არიან და ჩვენ უსჯულოებათა მათთა მოვისჟამთ“. ნუ „მოვისჟამიებთ“ მომავალ თაობებს ჩვენს დღევანდელ ცოდვებსა და უსჯულოებებს!
– ბატონო ანზორ, ფონიჭალიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ფონიჭალაში კორპუსებმა დაიწიაო.
– ამ კორპუსებს საექსპლოატაციო ვადა დიდი ხანია გაუვიდა. შენობების საძირკვლებმა, ბუნებრივია, დაიწია. მე იქ 80-90-იან წლებში ვმუშაობდი რკინა-ბეტონის ქარხნის დირექტორად და კარგად ვიცნობ ამ უბანს. მწყობრიდან არის გამოსული წყალმომარაგება, კანალიზაციის მილები სარდაფებში გადის. კორპუსები ნადგურდება, რადგან სარდაფებში წყლის ჩასვლის გამო ავარიულ მდგომარეობაშია. საზღვარგარეთის ქვეყნებში, როცა სარდაფებში და საძირკვლებში წყალი დგება, ის კორპუსი ავარიულად ითვლება. ამაზე უნდა იფიქროს მერიამ.
– რა უნდა გავაკეთოთ?
– პირველ რიგში, ამ „სიკვდილის“ კორპუსებში სამშენებლო მაფიის მიერ მოტყუებით ჩასახლებულები უნდა დავარწმუნოთ, რომ მათ და მათი ოჯახის წევრების სიცოცხლეს მართლაც ემუქრება სასიკვდილო საფრთხეები და უნდა იბრძოლონ საცხოვრებლების გამოცვლაზე.
– როგორ უნდა მოახერხონ ეს, საიდან უნდა მოიძიონ ამხელა ფინანსები?
– როგორ და სახელმწიფომ, რომლის ჩინოვნიკებმა გამოსცეს უკანონო სამშენებლო ნებართვები, ეს დაზარალებულები თავად უნდა აღიაროს მათი მიზეზით დაზარალებულებად… უნდა შეიქმნას უკანონო, უხარისხო მშენებლობებით დაზარალებულთა ფონდი, სადაც ძირითად შენატანებს შეიტანენ ის სამშენებლო თუ სხვა სახის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები, რომლებმაც დააზარალეს კორპუსებში შესახლებულები. თუ ამას თავისი ნებით არ გააკეთებენ დამნაშავე სამშენებლო ორგანიზაციები, სახელმწიფომ უნდა მოგვცეს უფლება, საქართველოში სამშენებლო სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად გამტარებელ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად შევამოწმოთ ამ სამშენებლო ორგანიზაციების მიერ აშენებული ობიექტების ხარისხი, სეისმომედეგობა და სამშენებლო ეკოლოგიური უსაფრთხოება, მათივე ხარჯებით. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ეს ორგანიზაციები დავაჯარიმოთ და ჯარიმები შევატანინოთ დაზარალებულთა ფონდში. მოგიწოდებთ დაზარალებულებს და მთელ საქართველოს, დავდგეთ ერთად და ბოლომდე ვიბრძოლოთ ამ მეგაპროგრამის განსახორციელებლად.
(გაგრძელება იქნება)
„ალია“ კომენტარისთვის დაუკავშირდა სამშენებლო კომპანია ,,დირსის”. სამშენებლო კომპანიისვე გავრცელებული ინფორმაციით, AS Georgia-ს დამფუძნებელი შაჰინ მოვსუმოვი განაგრძობს “დირსის“ პროექტის განვითარებას და რეგიონში უკვე 40–მდე დასრულებული პროექტია, შესაბამისად, უამრავი ოჯახი ცხოვრობს ,,დირსიში”. ცხადია, კომპანიამ პასუხი უნდა გასცეს ყველა კითხვას, ყველა გამოთქმულ საეჭვო მოსაზრებას და თავისივე აშენებულ მრავალსართულიან სახლებში მაცხოვრებლები არ დატოვოს ასეთ გაურკვეველ მდგომარეობასა და მუდმივ შიშში.
მთავარი კითხვაა – არიან თუ არა ,,დირსის” მაცხოვრებლები რეალური საფრთხის ქვეშ? – სრულიად მოულოდნელად, კომპანიამ არათუ პასუხის გაცემა არ ისურვა ,,ალიას” კითხვებზე, არამედ, განაცხადა, რომ საერთოდ არ სურს გაეცნოს, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ანზორ საკანდელიძის ინტერვიუში მოყვანილ ფაქტებსა თუ ვარაუდებს. გვითხრეს, რომ ,,მსგავსს კონტენტს” არ პასუხობენ. ავუხსენით, რომ ინტერვუუში მშენებლობის უსაფრთხოების ნორმებზეა საუბარი და შესაძლოა, ათასობით ოჯახი იყოს სერიოზული საფრთხის ქვეშ, „დირსის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მასალას არ გაეცნობა(!!!) და არ აინტერესებს(!!!) რას გვიყვება პროფესორი საკანდელიძე(!!!), მაგრამ უსაფუძვლო კითხვებს არ უპასუხებენ. თუმცა, საიდან იცის, რომ კითხვები უსაფუძვლოა, თუ არ მოისმენს, არ ,,გვიმხელს”.
მართალია, კომპანია თავის გვერდზე წერს, რომ მათი მიზანია: – „ღირებულებები, მოგების ნაცვლად!“, თუმცა, რომელ ღირებულებებს გულისხმობს, უცნობია. ფაქტია, იმას არა, რომ ნებისმიერი სავარაუდო საფრთხე საფუძვლიანად უნდა შეისწავლოს და უპასუხოს მაცხოვრებლებს, არც იმას, რომ ამდენი ოჯახი და ადამიანი არ დატოვოს უპასუხოდ. თუ საფრთხის მცირედი რისკი მაინც არსებობს, ,,ღირებულებების მატარებელი კომპანია”, წესით, ეცნობა ინფორმაციას, აანალიზებს და შემდეგ დეტალურ ინფორმაციას აწვდის მედიასაც და მაცხოვრებლებსაც. თუმცა, კომპანია ,,დირსი”, რომელიც გვიმტკიცებს, რომ ,,მოგება ჩანაცვლებულია ღირებულებებით”, ანუ, არ აქვს მოგება და ღირებულებებით არსებობს მხოლოდ, რატომ შეიძლება არ მატყუებდეს?
„დირსის“ პასუხები იმდენად არაადეკვატური გვეჩვენა, კიდევ ერთი კითხვა გაგვიჩნდა – არის თუ არა ეს ნამდვილად კომპანიის პოზიცია და ხომ არ არის კომპანიის რომელიმე ერთი თანამშრომლის პირადი პოზიცია. ამაზე კომპანიის წარმომადგენელი გვიმტკიცებს, რომ კი, ნამდვილად კომპანიის პოზიცია გახლავთ მასალის არ გაცნობაც და პასუხის არგაცემაც, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამომდინარე იქედან, რომ ათასობით ოჯახის ბედზეა საუბარი, ,,ალიამ” წერილობითი ფორმითაც შეატყობინა კომპანიას ოფიციალურ გვერდზე, რომ „დირსის“ წარმომადგენელმა ასე უპასუხა კითხვებს. პასუხი არ მიგვიღია.
კომენტარები