12 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლო ნარკოდანაშაულის გახმაურებულ საქმეში მსჯავრდებულ ირაკლი ქორიძისთვის სასჯელის გადავადების საკითხს განიხილავს.
სასჯელის გადავადების მოთხოვნით სასამართლოს პატიმრის ადვოკატმა მიმართა, თუმცა მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა საქმის განხილვა სექტემბრამდე გადადო.
პროცესი 12 სექტემბერს ჩაინიშნა, თუმცა მსჯავრდებული ირაკლი ქორიძე გასულ კვირას, მძიმე ავადმყოფობით უკვე გარდაიცვალა.
მას მეოთხე სტადიის კიბოს დიაგნოზი ჰქონდა დასმული და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
ირაკლი ქორიძე საქართველოში გახმაურებული ნარკოდანაშაულის საქმის ფიგურანტი გახლდათ, სადაც ასევე ფიგურირებს, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის, იგივე „ბახალას“ სახელი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მძიმედ დაავადებული პატიმრისთვის სასჯელის გადავადების პროცესს სასამართლო რამდენჯერმე სდებს, “ალია” წერდა პროცესზე, სადაც ასევე მძიმედ დაავადებული პატიმრისთვის სასჯელის გადავადება უნდა განხილულიყო და პროცესი გადაიდო მოტივით, რომ ბადრაგმა პატიმრის ჩაყვანა 7 წუთით გადაიდო. მიუხედავად იმისა, რომ ბადრაგის თქმით, დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია, ასეც რომ ყოფილიყო, პატიმარი უმძიმესი დაავადებით, თბილისიდან ბათუმში ჩაიყვანეს და უკან გამოუშვეს ამხელა გზაზე! მას შემდეგ რაც “ალიამ” ამ პროცესზე დაწერა, სასწრაფოდ ჩაინიშნა ახალი სხდომა და პატიმარის სასჯელი გადაიდო. მაშინ პატიმარს გაუმართლა და ბათუმში, ჩამოსული იყო უცხოელი ექიმი, რომელმაც მას უსასყიდლოდ გაუკეთა მას ოპერაცია და დღეს იგი ცოცხალია. თუმცა, რომ არა “ალია”, რომ არა პატიმრის ადვოკატი, დღეს მასაც ამ პატიმრის ბედი ექნებოდა გაზიარებული.
როცა გაქვს ექსპერტიის დასკვნა, რომ პატიმარს მძიმე დაავადება და არის მომაკვდავი, როცა ვერ შველი შენ, გადაუვადე პატიმრობის ვადა, იქნებ, სადმე მოახერხოს მკურნალობა, იქნებ, რომელიმე ექიმმა გადაარჩინოს, თუ არადა, ოჯახის წევრებს მაინც დაემშვიდობება სიკვდილის წინ. სირცხვილია, სასამართლო, სირცხვილია!
კომენტარები