7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ – ლია ორკოდაშვილმა, ნინო ელიეშვილმა და მაია ქოქიაშვილმა მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ სააკაშვილი სატელეფონო ზარების განხორციელების უფლებით ისარგებლებს.
7 ნოემბრის საქმე იყო ერთადერთი, რომელზეც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
მოსამართლე ნინო ელიეშვილმა განმარტა, რომ სასამართლო სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას ვერ ხედავს.
რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს და დავით კეზერაშვილს, რომლებიც ამ საქმეზე ბრალდებულები არიან, მოსამართლის თქმით, ახალი გარემოება არ ყოფილა წარმოდგენილი, რომ პატიმრობა გაუქმებულიყო, რის გამოც, პატიმრობა უცვლელად იქნა დატოვებული.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
კომენტარები