„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძე, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს:
„არც ქუჩაში ჩახოცილი ბიჭების, არც გირგვლიანის ოჯახის წინაშე, რომელიც მისი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უშუალოდ აწამეს, პასუხისმგებლობას არ გრძნობს, პირიქით, თქვა, რომ ეს იყო პიარსაქმეო, რითაც, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფა მიაყენა მთლიანად ქართულ საზოგადოებას, რომ არაფერი ვთქვათ გარდაცვლილზე.
ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომლებიც საერთოდ არ იყო კავშირში საქმესთან, მიუხედავად პროკურატურის მოთხოვნისა, მოსამართლემ არანაირი უფლებამოსილება არ გამოიყენა და არ შეაჩერებინა ის რიტორიკა, რომელსაც სააკაშვილი ეწეოდა, თუმცა მას ამის უფლება და ვალდებულებაც ჰქონდა, რადგან არცერთი წინადადება, რომელზეც საუბრობდა, არ ეხებოდა საქმეს. აქედან გამომდინარე, მან გამოიყენა სასამართლო პირად ტრიბუნად, რომ მიემართა საზოგადოებისთვის. როდესაც პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა, რომ შეეჩერებინა მოსამართლეს არასაქმიანი გამოსვლა, მოსამართლემ მოიშველია ის, რომ ბევრი პროცესი ჩავატარეთ სააკაშვილის წინააღმდეგ და მას არ ჰქონდა საშუალება გამოსულიყო და ახლა ვაძლევთ ამის საშუალებასო, ეს საშუალება არავის წაურთმევია მისთვის, ეს იყო მისი არჩევანი, როდესაც იმალებოდა და თავს არიდებდა ქართულ მართლმსაჯულებას, ის ამ შესაძლებლობას არ იყენებდა თავისი ნებით. ვფიქრობ, სააკაშვილის გუშინდელი სიტყვა იყო შეურაცხყოფა ქართველი ხალხის მიმართ“
შეგახსენებთ, მოსამართლემ განაცხადა, რომ ბრალდებულს ჰქონდა როგორც საქმესთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირების უფლება, ასევე, განცხადების გაკეთების უფლებაც.
კომენტარები