„ალიას“ ესაუბრება, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.
– რამდენიმე ადამიანის გვარი დასახელდა, ვინც სავარაუდოდ, ტელევიზიას გადასცა ეს ჩანაწერები – გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, სოსო გოგაშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ლაშა ნაცვლიშვილი. ამ „ეჭვმიტანილთაგან“, თქვენი აზრით, რომელი უფრო იყო ამის გამკეთებელი, ვინ უფრო იხეირებდა ამ სიტუაციით?
– ვისი გვარებიც დასახელდა, მათგან არც ერთზე არ ვფიქრობ, რომ ჩანაწერები გადასცა ტელევიზიას. მე ერთი ლოგიკიდან გამოვდივარ და მინდა, რომ ყველა დაფიქრდეს. ამ ქვეყანაში ყველა სახის მოსასმენი აპარატურა ნაყიდია ბიძინა ივანიშვილის მიერ, ზოგი „ნაცების“ დროს და ზოგიც „ქართული ოცნების“ მმართველობისას. თვითონ ნაყიდი აქვს ამ მოსასმენი აპარატურისგან დამცავი აპარატურა, მას, მისი ოჯახის წევრებს, სახლში ძალოვანი სტრუქტურების ხელთ არსებული მოსასმენი აპარატურით ვერ მოუსმენენ და ცხადია, ვერ ჩაიწერენ. აქედან გამომდინარე, ქვეყნის შიგნით ჩამწერის მოძებნას აზრი არ აქვს. მე უფრო მგონია, რომ იმ ქვეყნის სპეცსამსახურების ჩაწერილია, ვისაც ამ ქვეყანაში დაძაბულობა და არეულობა უნდა და ეს უნდა მოხდეს „ქართული ოცნების“ ბოლომდე დისკრედიტაციით.
– რუსეთს გულისხმობთ?
– კი, ზუსტად რუსეთს ვგულისხმობ. გახარიას გაწევა, შემდეგ ღარიბაშვილის მოსვლა, სპეცოპერაციით ნიკა მელიას დაჭერა და ახლა ამ ჩანაწერების გასაჯაროება, ეს ერთი ხელის გაკეთებულია და ის ხელი რუსეთიდან იმართება. ამ ჩანაწერების გასაჯაროება ოპოზიციას რომ შესძლებოდა, ამას ადრე, არჩევნების წინ გააკეთებდნენ. შიდა მტერიც არჩევნების წინ გაუსაჯაროებდა, მეტი ეფექტი ექნებოდა და „ქართულ ოცნებას“ უფრო დიდ დარტყმას მიაყენებდა.
– ვერც იმას ვიტყვით, რომ ძალოვანი სტრუქტურებიდან ვინმემ გამოიტანა და მიჰყიდა პირდაპირ ტელევიზიას ან რომელიმე ფულიან ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, რადგან არჩევნების წინ ამ ჩანაწერებს ათჯერ მეტ ფასად გაყიდდა, ვიდრე დღეს ღირს?
– კი, რა თქმა უნდა, არჩევნების წინ ამ ჩანაწერებს ბევრად მეტი ფასი ექნებოდა და მისი შეძენის მსურველიც მეტი იქნებოდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რუსეთი ცდილობს, გაანადგუროს „ქართული ოცნება“. ვერც ოპოზიციაა ძლიერი და ორივეს ერთად განადგურება სურს, რომ ქვეყანაში ქაოსი დათესონ, სახელმწიფო ინსტიტუტები სრულიად უფუნქციო გახადონ. შემდეგ, იქამდე მიიყვანონ საქმე, რომ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება და უმართავი პროცესები დაიწყოს. ამის შემდეგ რუსეთი ღიად ჩაერევა ჩვენს საშინაო საქმეებში. ახლახან რუსეთის ხელისუფლებამ კონსტიტუციაში ცვლილებები განახორციელა, რომლის თანახმადაც თუ რომელიმე მეზობელ ქვეყანაში შეიქმნება ისეთი ვითარება, რომელიც რუსეთის უსაფრთხოებას შეუქმნის საფრთხეს, რუსეთს უფლება აქვს, ამ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩაერიოს და თუ საჭირო გახდა, ძალის გამოყენებითაც დაამყარონ წესრიგი. აი, საითკენ მიდის რეალურად საქმე. აქედან გამომდინარე, პირდაპირ ამ ვერსიისკენ ვიხრები, რომ ჩვენი ჩრდილოელი „მეგობარი“ აქ ქაოსის დათესვას ცდილობს, რომ საქმე იქამდე და იმდენად გაართულონ, რომ არიონ სიტუაცია, მერე ხალხი რომ დაიღლება არეულობით, ქაოსით, შემდეგ საქართველოში ვითარების დასალაგებლად ჯარითაც კი შემოვიდნენ. რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფის, სერგეი ნარიშკინის განცხადებაც ამ მიზნის ნაწილია. ამრევები და „შავრაზმელები“ კი ბევრი ჰყავს საქართველოში რუსეთს.
– ბევრი ამბობს, რომ პირიქით, ამერიკის საგარეო დაზვერვა შეიძლება უსმენდეს ივანიშვილს, მათ მოიპოვეს ეს ჩანაწერები და გავრცელებაზეც იზრუნესო. ამ ვერსიის მომხრეები აცხადებენ, რომ ამერიკას პრორუსული „ქართული ოცნების“ დასუსტება და მოშორება უნდა ხელისუფლებიდან და პროდასავლური ძალების მოსვლას შეუწყობს ხელს.
– ამერიკას რა უნდა, ჯერ თვითონაც არ იცის. ევროპა გაცილებით აქტიურად არის ჩართული ჩვენი პრობლემების მოგვარებაში, ვიდრე ამერიკა. თუმცა, დღეს უკვე იმდენად მძიმე სიტუაციაა, გამოსწორდება ეს მძიმე ვითარება თუ არა, ძნელი სათქმელია. მოფიქრალი ადამიანების რესურსიც კი აღარ არის ქართულ პოლიტიკაში. არ შეიძლება შაბლონებით აზროვნება. რაღაცას იტყვიან, ტრენდულიაო ეს აზრი და მერე ყველა იმას იმეორებს. ცოტა ღრმად უნდა შევიდეთ პროცესების გაანალიზებაში. დღეს ჩვენ გვყავს კომენტატორები პოლიტიკაში, რომლებიც ახდენენ მომხდარის კომენტირებას და არავინ საუბრობს, მოსახდენზე, რა შეიძლება მოხდეს, არავინ ცდილობს მოსალოდნელის განჭვრეტას. ამერიკას ჯერ ქვეყნის შიგნით ვერ მოუგვარებია პრობლემები, ჩვენთვის ჯერ არ სცხელათ და საერთოდ თუ მოიცლიან, ესეც საკითხავია. კავკასიაში ამერიკის პოლიტიკა და გავლენების დაბრუნება კი არა, აგერ, ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს საკუთარი თავდაცვის მინისტრის გვარ–სახელი დაავიწყდა. არის ეს ინფორმაცია სოც–ქსელებში. საქართველო სად არის, ბაიდენს ესეც არ ემახსოვრება.
ლევან ჯავახიშვილი, ალია
კომენტარები