ინფექციონისტი, გიორგი კანდელაკი:
“მოკლედ ჩემი აზრით, მოვიდა დრო რამდენიმე საკითხზე გავაკეთო განმარტება და დავაფიქსირო ჩემი პოზიცია:
1. პირველი საკითხით დავიწყებ, რამაც გაუგებრობა გამოიწვია, თითქოს მე სადმე ვამბობ, რომ აცრილები მოკვდებიან და ყველანი დავიხოცებით. ამას არაფერი არ აქვს საერთო იმასთან, რასაც ვწერ. აქ საუბარია იმაზე, რომ თუ განვითარდა ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება (რისი მაღალი ალბათობაც არის) რეზისტენტული შტამის აღმოცენების დროს, (რეზისტენტობის განვითარება სრულიად გარდაუვალია) რაღაც პროცენტით გაიზრდება როგორც მძიმე ავადობა, ისევე შესაბამისად სიკვდილიანობაც. მაგრამ სიკვდილიანობა (Infection fatality rate) თუ ეხლა არის საშუალოდ 0.2-0.3 %, შეიძლება გაიზარდოს ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობ ნიშნულამდე, მაგალითად 0.7%-მდე ან ნებისმიერ სხვა პროცენტამდე, რაც ნიშნავს რომ ინდივიდის დონეზე, ვაქცინირებულ ადამიანებში, ინფიცირებულთა დიდი ნაწილი, სრული უმრავლესობა, კვლავ განიკურნება ამ დაავადებისაგან, მაგრამ პოპულაციურ დონეზე ეს იქნება უდიდესი დარტყმა და დანაკარგი. გაიზრდება ტალღის ან ტალღების მიერ ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა და ჯამური, პოპულაციური სიკვდილიანობა. ანტისხეულით გაძლიერებული დაავადების განვითარება არ არის გარდაუვალი, მაგრამ არის ამის მაღალი ალბათობა, და როდესაც ვეწევით რაიმეს აგიტაცია, უნდა ვთქვათ პოტენციური პრობლემების შესახებ, რომ ადამიანმა თავად გასაზღვროს რა უნდა მას.
2. ასევე მინდა გამოვეხმაურო უამრავ კორექტულ რჩევას, უხეშ მოთხოვნას, თუ ეგზალტირებულ შეძახილს, რომელთა საერთო შინაარსი არის ის, რომ შეჩერდეს სახალხოდ ამ თემაზე საუბარი და დისკუსიამ გადაინაცვლოს სამეცნიერო საზოგადოებაში. ასეთივე პათოსს ატარებდა ქართველ ექიმთა საერთაშორისო საზოგადოების განცხადებაც. საქმე იმაშია, რომ თვეზე მეტია, საზოგადოების შიგნით ვითხოვდი ამ საკითხების არგუმენტირებულ განხილვას. რამდენიმე წევრს თვეების წინაც გვქონდა გარკვეულ საკითხებზე წამოჭრილი შეკითხვები, მაგრამ საზოგადოებამ მდუმარებით თავი აარიდა დისკუსიას და ქვორუმის შეუკრებლობის გამო შეხვედრები ვერ განხორციელდა. ასე, რომ მე გადავწყვიტე დამეტოვებინა საზოგადოება. ქართველ ექიმთა საერთაშორისო საზოგადოების მიმართ კვლავ ვადასტურებ ჩემს კეთილგანწყობას, სრულ მხარდაჭერას სხვა საკითხებთან მიმართებაში და გამაჩნია გარკვეული სენტიმენტები მისი დატოვების შემდეგ, რადგან დღესაც ვთვლი რომ შემადგენლობით უკიდურესად მაღალი პოტენციალის მატარებელია და იქ რჩება ბევრი, ჩემი მრავალი წლის თუ ახლად შეძენილი მეგობარი. დავტოვე მხოლოდ იმ მოტივით, რომ არ ვყოფილიყავი შეზღუდული ჩემი სტატუსით.
3. ხოლო იმ მოსაზრებას, რომ ინფორმაცია არ უნდა მივაწოდოთ ხალხს, და დარჩეს მხოლოდ „სამეცნიერო საზოგადოების“ წიაღში, კატეგორიულად ვერ დავეთანხმები, რადგან საკითხი ეხება ადამიანების სიცოცხლეს, მათ სიცოცხლეს ვინც უნდა აიცრას. ასეთ ვითარებაში, სწორედ მათ უნდა ავუხსნათ როგორც პოტენციური სარგებელი, ისე პოტენციური რისკები და მივცეთ მათ გადაწყვეტილების მიღების საშუალება. პატერნალისტური მიდგომები მედიცინაში, დიდი ხანია ჩაბარდა ისტორიას, როდესაც ექიმი იყო „ღმერთი“ და პაციენტს ისღა დარჩენოდა ბრმად შეესრულებინა მისი ბრძანება. ასეთი მოთხოვნებით ძირითადად გამოდის ადამიანების ორი კატეგორია. ერთი, რომელიც ხელმძღვანელობს „კეთილშობილი ტყუილის“ მოსაზრებით და ფიქრობს რომ ხალხს არ აქვს თავისთვის სარგებლისა და რისკების თანაფარდობის განსაზღვრის უნარი და კომპეტენცია და მეორე, გავეშებული ნეობოლშევიკები, რომელთა ფილოსოფია მდგომარეობს იმაში, რომ აიძულონ სხვას ის, რაც თავად ჰგონიათ ჭეშმარიტება – ამ უკანასკნელი კატეგორიისთვის რაიმეს ახსნა ან შეგონება სრულიად უიმედო საქმიანობაა.
4. არის მოთხოვნები, შეწყდეს დისკუსია ფეისბუქზე, რადგან ეს არ არის შესაბამისი პლათფორმა მეცნიერული მსჯელობისთვის. ამას ვისმენთ ისეთი საპატივსაცემო ადამიანებისგან, ვისაც დარწმუნებული ვარ აქვთ ტვიტერის ექაუნთები და ვინც ხართ გაწევრიანებული ტვიტერში ნახავთ თუ როგორი ინტენსიური, გაცხოველებული, სამეცნიერო დისკუსიები მიდის იქ, სადაც გაწევრიანებულია მსოფლიოს უამრავი ჩვეულებრივი ადამიანი. ჩვენ ფეისბუქს იმ მიზეზით ვხმარობთ, რომ საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობა არ არის ტვიტერის მომხმარებელი. ასე რომ ეს საკითხი, მსოფლიოში ჩვეულებრივ პრაქტიკას წარმოადგენს.
5. რატომ ეხლა და არა აქამდე? საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მე არ მჩვევია, ბევრი ექსპერტივით დაუსაბუთებელი მსჯელობა და ფაქტებით გაუმყარებელი თეორიების აფიშირება და პროპაგანდა. იმ ბევრ ურთულესად გასარკვევ საკითხში, მრავალთვიანი შრომა და უძილო ღამეებია ჩადებული. ასეთი გადაწყვეტილებები ჰაი-ჰარალოდ არ მიიღება და მაღალი პასუხისმგებლობის სტანდარტს მოითხოვს. როდესაც სრულად ჩამოვყალიბდი პოზიციაში, ამის შემდეგ კიდევ ვცადე სამეცნიერო საზოგადოებაში მსჯელობის გადატანა და უკვე შემდეგ განვაცხადე საჯაროდ.
6. ძალიან მსაყვედურობენ თუ რატომ არ ვებმები პოლემიკაში, არ ვცემ პასუხს თითოეულ კომენტარს რომელიც იდება ჩემს პოსტებზე. ჯერ ერთი თუ დახედავთ ჩემს პოსტებს, ზოგ მათგანზე კომენტარების რაოდენობა აჭარბებს ათასს, და უბრალოდ შეუძლებელია მათზე პასუხის გაცემა. მეორეც ჩემი კლავიატურაზე ბეჭდვის სისწრაფე, ვერ აუვა იმ უამრავი საკითხის განხილვას, რაც დაგროვდა, თუმცა არავინ იწუხებს მათზე პასუხის გაცემას. ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩემი გრაფიკი იწყება დილის 8 საათზე ამბულატორიული პაციენტების მიღებით, გრძელდება სტაციონარებით და მთავრდება ვაიბერით დისტანციური კონსულტაციებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოთავსებულ კოვიდ პაციენტებთან დაახლოებით 11-12 საათისთვის და მძინავს 5-6 საათი. ამ პირად დეტალებს იმიტომ გიყვებით მხოლოდ, რომ ყოველი ჩემი პოსტის დაწერა დიდ ძალისხმევად მიღირს და სიტუაციის სიმძიმეს რომ არ ვაცნობიერებდე არაფრის დიდებით არ გავაკეთებდი ამას. გამონაკლის შემთხვევებში, შეიძლება კონკრეტულ ადამიანებს გამოვეხმაურო, მაგრამ ეს ვერაფრით ვერ გახდება წესი. გარდა მაგისა, პერიოდულად, როგორც აქ, ყველაზე ხშირად დაგროვილ კითხვებზე გავცემ პასუხს. ასევე მომავალ პოსტებში განვიხილავთ თანმიმდევრულად, ბევრ ისეთ საკითხს, რაც გასცემს პასუხს ადრე დასმულ შეკითხვებს. ასე რომ მოთმინებით დაელოდეთ, თუ ამის სურვილი გაქვთ რა თქმა უნდა.
7. მინდა შევეხო ორ, გავრცელებულ, კომიკურ შენიშვნას. პირველი რომ მე ანტივაქსერი ვარ. ყველა ცოდვაში შეიძლება მე ვინმემ დამდოს ბრალი, გარდა ანტივაქსერობისა. ამ ადამიანებს ან სრულიად არ ესმით ტერმინის მნიშვნელობა (და ძალიან სამწუხაროა, რომ მათი დიდი ნაწილი ექიმია) ან უბრალოდ იყენებენ მარტივ, პროპაგანდისტულ ხრიკს, როდესაც ოპონენტს მიაწებებ რომელიმე ნეგატიურად აღსაქმელ ტერმინს, მოახდენ მის სტიგმატიზაციას და შეუდგები ერთადერთ საქმიანობას, რისი თავიც და განათლებაც გაქვს – ბულინგს. მე ვარ ერთერთი დიდი პროვაქსერი, ჩემი თანამდებობრივი მოვალეობა ორი წლის განმავლობაში, სწორედ საქართველოში იმუნიზაციის პროგრამის ზედამხედველობა იყო. დიდ დროს ვუთმობ ამბულატორიული ვიზიტების დროს როგორც პედიატრიულ, ისე მოზრდილ პოპულაციაში ვაქცინების აუცილებლობის პრომოციას. ასე, რომ ღიმილის მომგვრელია ეს ბრალდება და უფრო მეტყველებს მათ კეთილსინდისიერებაზე, ვინც ამ ბრალდებას მიყენებს. და მეორე ბრალდება – „ეძებს იაფფასიან პოპულარობას პაციენტების მოზიდვის და ფულის კეთების მიზნით“ – ვინც იცის ჩემი გრაფიკი, ვინც მიცნობს, კარგად იცის რომ შესაძლებლობების ზედა ზღვარზე ვმუშაობ და სამწუხაროდ ვერ ვახერხებ ყველა მსურველის მიღებას. ჩემთვის რაიმე დამატებითი პაციენტების ნაკადის ათვისება უბრალოდ შეუძლებელია. ესეც მათ სპეტაკ სინდისზე იყოს.
8. და ბოლოს, რამაც პირველად გამაბრაზა, ამდენი შეურაცყოფის კორიანტელიდან. ეს არის შეკითხვა: „და თქვენ აცრილი ხართ?“. ამაზე გიპასუხებთ მოკლედ, მთელი ჩემი წამოწყებული საქმის მთავარი მიზანი არის ის, რომ არავის საქმე არ არის ვინმე აცრილი არის თუ არა. ყველა თავისთვის გადაწყვეტს აცრის საჭიროებას. მე არავის ვეუბნები აიცერით ან არ აიცრათ. ჩემი პოზიციაა, რომ ადამიანებმა იცოდნენ რისკი და სარგებელი და თავად გადაწყვიტონ რა უნდათ მათ და არ გახდნენ პროპაგანდის, მოტყუების ან ძალადობის მსხვერპლნი. მე ჩემი აცრის სტატუსს არ ვიტყვი საჯაროდ, არა იმიტომ რომ ვინმეს ან რამის მეშინია, არამედ იმიტომ, რომ თქვენგან განსხვავებით პატივს ვცემ აცრილსაც და აუცრელსაც, ჩემთვის ერთნაირად პატივსაცემია ორივე! და არავის მივცემ სტიმულს, რომ თავისი გადაწყვეტილება მიიღოს ჩემი მაგალითით, არამედ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკუთარი განსჯის შედეგად. ვინც ამას ვერ ხვდებით, აყალიბებთ ტოტალიტარულ, ბოლშევიკურ/ფაშისტურ საზოგადოებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელით, იმიტომ რომ არ შეგიძლიათ თავისუფალი აზროვნება!”
კომენტარები