საქართველოში მოქმედი ხუთი ბიზნესგაერთიანება ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობისა და სასწრაფოდ მისაღები კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს.
ერთობლივი განცხადება საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციას, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციას, საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას, ევროკავშირი -საქართველოს ბიზნეს საბჭოს ეკუთვნის.
„ვმოქმედებთ რა ჩვენს გაერთიანებებში გაწევრიანებული კომპანიების სახელით, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში მოქმედი ყველა დარგის, ყველა სფეროს, მსხვილი, საშუალო თუ მცირე, როგორც ადგილობრივ წარმოებებს, ასევე იმპორტიორი კომპანიების დიდ უმრავლესობას, ვაცხადებთ:
მივესალმებით მთავრობის მიერ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმის დაანონსებას. თუმცა, გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რომ გლობალურად მთელი მსოფლიო და მათ შორის, ჩვენი ქვეყანა იმყოფება ურთულეს ვითარებაში და შეუძლებელია ეკონომიკური პროცესის პროგნოზირება და კრიზისის დასრულების ვადების განსაზღვრა, საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა გადაიდგას თამამი, კონკრეტული და ეფექტური ნაბიჯები იმისათვის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკა არ აღმოჩნდეს კატასტროფის წინაშე.
დღეს სწრაფი და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების დროა, ყოველი დღე ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. შესაბამისად, გრძელვადიანი გეგმიური მოქმედებების გაწერასთან ერთად, აუცილებელია ყოველდღიურ გამოწვევებზე მყისიერი და ხისტი პასუხები. აქ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებს შეუნარჩუნდეს ის აუცილებელი რესურსი, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, არ გამოეთიშონ ეკონომიკურ პროცესს. ეპიდემიის მასშტაბების შემცირებასთან ერთად კი, დროთა განმავლობაში, სრულად აღიდგინონ სტაბილური ფუნქციონირების რეჟიმი და შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკაც სწრაფად დაუბრუნდეს საწყის მყარ პოზიციებს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ კრიზისის პერიოდში მთავრობის მიერ სასწრაფოდ გადასადგმელ აუცილებელ კონკრეტულ ნაბიჯების ჩამონათვალს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს რეკომენდაციები ჩამოყალიბდა ჩვენს გაერთიანებებში შემავალი კომპანიებთან კონსულტაციების შედეგად და ეჭვგარეშეა, რომ მათ, კონკრეტული დარგების წარმომადგენლებმა, დღეს ყველაზე კარგად იციან ბიზნესის ფუნქციონირების სხვადასხვა საფეხურზე, მათ შორის საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის საფინანსო ვალდებულებების (ბიუჯეტისა და საკრედიტო ინსტიტუტების მიმართ) თუ უშუალოდ საოპერაციო პროცესში ჩართულობის კუთხით, რა გადაუდებელი ღონისძიებების გატარებაა საჭირო, რომ არ მოხდეს შემდგომ პერიოდში სიტუაციის მკვეთრად დამძიმება.
ერთობლივი განცხადების თანახმად, აღნიშნული რეკომენდაციებია:
სასწრაფოდ გაუქმდეს ტვირთების განბაჟების დროს ე.წ. ყვითელი დერეფანი, როგორც დამამუხრუჭებელი და არაპროგნოზირებადი მექანიზმი, უაღრესად ხელის შემშლელი ბიზნესისათვის ფულადი საბრუნავი საშუალებების შესანარჩუნებლად;
დღგ-ს გადახდის ვალდებულება დადგეს საქონლის რეალიზაციის შემდეგ, რაც იძლევა საშუალებას, მეტი საბრუნავი თანხა დარჩეს ბიზნესს.
აუცილებელია, აღდგეს ე.წ. ოქროს სიის პრინციპი, მხოლოდ, აქამდე არსებულისგან იმ განსხვავებით, რომ ეს წესი უნდა გავრცელდეს უკლებლივ ყველა კომპანიაზე;
შეჩერდეს საშემოსავლო გადასახადის გადახდა, ექვსი თვის ვადით;
შეჩერდეს საპენსიო შენატანების გადახდა, ასევე ექვსი თვის ვადით;
ქონების გადასახდის ივნისში გადახდის ვალდებულება გადავადდეს ექვსი თვის ვადით.
როგორც ბიზნესგაერთიანებები მიიჩნევენ, აღნიშნულიდან პირველი ორი საკითხი მნიშვნელოვანია იქედან გამომდინარე, რომ ბიზნესოპერატორებმა ჯერ კიდევ სტაბილური ეკონომიკის პირობებში შეკვეთილი ნედლეული თუ სხვა პროდუქცია მიიღეს ახლა, კრიზისის და გართულებული ეკონომიკური ოპერირების დროს.
შესაბამისად, უაღრესად პრობლემურია და ზოგ შემთხვევაში, შეუძლებელიც კი, ზემოაღნიშნული საბაჟო დერეფნებისა და დღგ-ს მყისიერად გადახდის მოთხოვნის პირობებში ფულადი სახსრების მობილიზება.
ეს კი იწვევს კანონით განსაზღვრულ სანქციებს, ინკასოებს, დაჯარიმებებს და რაც მთავარია, საქონლის საბაჟო სივრცეში დაყოვნებას. შესაბამისად, კომპანიების უმეტესობა აღმოჩნდება უმძიმეს მდგომარეობაში, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის საჭირო პროდუქტებით მომარაგებაზე და შემდგომ, მთლიანად ეკონომიკაზე. მე-3, მე-4 და მე-5 საკითხები კი პირდაპირ კავშირშია მოქმედი ბიზნესსუბიექტების მიერ სამუშაო ადგილების შენარჩუნებასთან, რაც კრიზისულ ვითარებაში ასევე სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს. აქ, ბუნებრივია, თავად კომპანიებმაც უნდა აიღონ თავისი წილი პასუხისმგებლობა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მთავრობა, სასწრაფოდ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და მიღებულ იქნას კონკრეტული გადაწყვეტილებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, რათა ერთიანი ძალისხმევით დავძლიოთ დღევანდელი კრიზისი და ასევე, უზრუნველვყოთ პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი სტაბილური განვითარება.
გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს აღნიშნულ მოთხოვნებს, რათა თავიდან ავიცილოთ სერიოზული პრობლემების წარმოქმნა ქვეყნის ეკონომიკაში აქედან გამომდინარე ყველა უარყოფითი შედეგებით“
კომენტარები