ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი:
“მეორე დღეა ვფიქრობ და მაინც ვერ ვალაგებ თავში.
განა ვერ ვხვდები, რატომ და რისთვისაც აკეთებენ ამას ე.წ. მედია პორტალები, კლიკები სჭირდებათ, რიჩი, ინგეიჯმენტი, მაგრამ მაინც რად უღირთ ამის კეთება? განა ტროლ-ბოტებზე ნაკლები ბოროტებაა, რასაც ისინი აკეთებენ?
თუმცა ფაქტია, სწორედ ამ ინფორმაციას ეხვევა სოციალური ქსელის მომხმარებელი. ათასობით ლაიქი, კომენტარი, გაზიარება გარწმუნებს, რომ ხალხი ამ ტიპის ინფორმაციით იკვებება.
გუშინ მომიწია მსგავსი ტიპის პორტალებზე ნახევარი დღის გატარება და აქამდე კიდევ არ მცოდნია, როგორი კონტენტით იკვებებიან ეს პორტალები.
– ამ წუთას ვრცელდება ინფორმაცია, რომ 27 წლის ბიჭი მაღალი სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა.
– შემაძრწუნებელი ინფორმაცია – ავარიაში დაიღუპნენ კლასელები.
– ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუშინ დაღუპული ბიჭი, სამი დღის წინ დაღუპული გოგოს მეგობარი იყო.
– პირველი კადრები ავტოავარიის ადგილიდან – კადრები შოკში ჩაგაგდებთ.
– ახალგაზრდა ქალს ქიბროწაშვილის ქუჩაზე აგური დაეცა – ნახეთ როგორ გამოიყურება ის.
და ა.შ. დაუსრულებლად.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ინფორმაციას აგროვებენ ასე, გადაუმოწმებლად, ვიღაცების ფბ პოსტებიდან.
და ყველაზე საოცარი კიდევ ის არის, რომ ამ პორტალების რედაქტორები საკუთარ თავსა და თანამშრომლებს ეთიკურ ჟურნალისტებად მოიხსენიებენ.
გუშინ ერთ-ერთმა მათგანმა, სატელეფონო კამათისას წამომაძახა, არ გიცნობ ვინ ხარ და არც შენ მიცნობ და კოლეგებს როგორ მიმართავ და იქ რო არ მუშაობდე, სადაც მუშაობ, შენც ასეთ საიტებზე იმუშავებდიო.
შე მამაცხონებულო, თუ აზრზე არ ხარ ვინ ვარ, რაღას დაეხეტები ჩემს კედელზე და რაღატო დაათრევ ჩემს პოსტებს ამ სრულიად გაუგებარ საიტებზე. იქნებ რას ვბოდავ, რას ვიტყუები.
მრიცხველი აქვთ ჩართული და მკვდრებს ითვლიან დაგეშილები. წარმოვიდგინე კიდეც, როგორი შემახტუნებელი სიხარულით ხვდებიან ასეთ ინფორმაციას ვიღაცის პრივატულ გვერდზე და მერე როგორი ხელების ფშვნეტით გადააქვთ იმ თავიანთ საიტებსა და ფბ გვერდებზე – წავიდა ლაიქებიიი, ცრემლები, გატეხილი გულებიიიი და ბრჭყვიალა ქრისტეები და სანთლებიიი.
კარგი საკვლევი მასალაა ამ ტიპის პორტალები.
კარგად მეტყველებს ვირტუალურ ბაზარსა და ზოგადად, საზოგადოებაზე.”
კომენტარები