ექიმი ნანა გეგეჭკორი:
„რთულია პროპაგანდის მსხვერპლი სიმართლეში დაარწმუნო, მაგრამ მაინც ვცდი…
როგორც მოვისმინე ყოფილი პრეზიდენტის დიაგნოზი ამ წუთას არის კახექსიის მეოთხე ხარისხი. ეს პროგნოზულად უმძიმესი დაავადებაა, მიუხედავად მისი გამომწვევი მიზეზისა. გავიმეორებ, რა გინდა რა მიზეზით კახექსიის მეოთხე დონე არის სიკვდილის და ინვალიდობის მაღალი რისკის შემცველი დაავადება.
ამ პირობებში, როცა საქმე გაქვს პაციენტთან სიკვდილის და ინვალიდობის მომატებული რისკით;
ვივამედის ოფიციალურ განცხადებას “პაციენტი არ იღებს” საკვებს, სამედიცინოს გარდა აქვს ეთიკური და იურიდიული მხარე.
რას ვაკეთებთ როცა საქმე გვაქვს ანორექსიით დაავადებულ პაციენტთან?
პირველ რიგში ვცდილობთ გავარკვიოთ, ანორექსია არის გამიზნული, გააზრებული ქმედების შედეგი, თუ ის რომელიმე თანმხლები დაავადების ერთ-ერთი სიმპტომია.
იმ შემთხვევაში, თუ გავარკვიეთ რომ პაციენტი შეგნებულად არ იღებს საკვებს, დგება შემდეგი კითხვა, არის თუ არა პაციენტის განზრახვა თვითდაზიანება, სიკვდილი? ანუ არის თუ არა პაციენტი სუიციდალური.
სუიციდის თანამონაწილეობას კრძალავს საქართველოს და მსოფლიოში არსებული ქვეყნების უმრავლესობის კანონმდებლობა. ანუ, თუ ექიმმა დაადგინა, რომ პაციენტის განზრახვა თვითდაზიანებაა და ამის შესაჩერებლად არაფერს აკეთებს, სუიციდის თანამონაწილე ხდება და ეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა.
მეორე მნისვნელოვანი მომენტი, როცა პაციენტი უარს ამბობს მკურნალობაზე, ან საკვებზე, ექიმის უპირობო ვალდებულებაა ზედმიწევნით ზუსტად შეაფასოს პაციენტის ფსიქიური მდგომარეობა და დადოს დასკვნა, არის თუ არა პაციენტი საკმარისად ჯანმრთელი ფსიქიურად საიმისოდ, რომ კომპლექსური გადაწყვეტილებები მიიღოს. მურნალობის, დიაგნოსტიკის ან თვითდაზიანების შესახებ გადაწყვეტილებები კომპლექსურ გადაწყვეტილებებად ითვლება და ამისთვის საჭიროა გარკვეული დონის კოგნიტიური უნარების, მენტალური სტატუსის არსებობა. ხშირად ფსიქიკის კომპლექსური შეფასება სცილდება ჩვეულებრივი ექიმის კომპეტენციას და ასეთ დროს ვითხოვთ პაციენტის ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, რომელიც ტარდება მხოლოდ ფსიქიატრის და არა რიმელიმე სხვა მკურნალი ექიმის მიერ. თუ ფსიქიატრი დაადგენს, რომ საქმე გვაქვს სუიციდთან ან პაციენტის ფსიქიური მდგომარეობა ისეთია, რომ მას კომპლექსური გადაწყვეტილებების გააზრება და მიღება არ შეუძლია, გამოსაკვლევი პირი ჩაითვლება არაკომპეტენტურად საკუთარი სიცოცხლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას და ეს უფლება კანონით განსაზღვრულ სხვა პირზე გადადის. ყველა ქვეყანას კანონით აქვს გამსაზღვრული იმ პირების თანმიმდევრობა ვინც უნდა გახდეს შემდეგი თუ რიგის წინა პირი არ არის ხელმისაწვდომი, ან ჩაითვლება, რომ არაკომპეტენტურია რაიმე სამედიცინო თუ იურიდიული მიზეზით. თუ პაციენტის არ ყავს გადაწყვეტილების მიმღები პირი, კლინიკის ეთიკის საბჭო იღებს ყველა საჭირო გადაწყვეტილებას, საბჭოს წევრების კონსენსუსით.
მსგავსი შემთხვევები პირადად ხშირად მიმართავს, როცა პაციენტი უარს ამბობს მკურნალობაზე და ირთვება გრძელი ჯაჭვი მოქმედებების, რათა განისაზღვროს ამ უარის მიზეზი და ვიმოქმედოთ პაციენტის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საუკეთესო ინტერესის ფარგლებში.
ყველაფერი რასაც ამ გზაზე აკეთებ, უმცირესი დეტალების გათვალისწინებით უნდა იყოს აღრიცხული პაციენტის სამედიცინო ისტორიაში და მკაცრად უნდა იყოს მითითებული თარიღი და დრო, როდის რას აკეთებდი და იმ წამისთვის რა გადაწყვეტილება იყო ძალაში. სხვა შემთხვევაში ნებისმიერ გამოსავალზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მკურნალ ექიმს და დანარჩენ სამედიცინო პერსონალს, ვინც პაციენტის მართვაში იყო ჩართული.
უფრო დეტალურად ავხსნი ეს რას ნიშნავს. ვთქვათ პაციენტი მართლა საკუთარი ნებით შიმშილობს, ის ფსიქიურად ჯანმრთელია და ამ გადაწყვეტილების სრული უფლება აქვს და ამ დროს დადგა მძიმე შედეგი. თუ მძიმე შედეგის დადგომის მომენტისთვის (წამის სიზუსტით) მის ამ გადაწყვეტილებაზე და ზემოთ მითეთებულ სამედიცინო ანალიზის შედეგად მიღებულ დასკვნაზე, ავადმყოფობის ისტორიაში ჩანაწერი არ არის, პასუხისმგებლობა, თუნდაც გააზრებულ შიმშილობაზე, ეკისრება იმ დაწესებულებას სადაც ამბავი ხდებოდა და სადაც დადგა პაციენტის ჯანმრთელობისთვის არასასურველი შედეგი.
ახლა ეს ყველაფერი რომ გადმოვთარგმნოთ ქართულ რეალობაში.
თუ კლინიკა ვივამედის განცხადება, პაციენტის მიერ გამოცხადებულ თვითნებურ შიმშილობაზე მართალია და ამის შესახებ ავადმყოფობის ისტორიაში არანაირი ჩანაწერი არ არსებობს, ნაჩვენები არაა ექიმის მოქმედებების ის ლეგალური ჯაჭვი რაც პოსტშია აღწერილი, ნებისმიერი კლინიკური გამოსავალი ამ კლინიკის და ყოფილი პრეზიდენტის მართვაში ჩართული სამედიცინო პერსონალის იურიდიული პასუხისმგებლობაა. ის რაც კლინიკის სახელით პირმა ოფიციალურ ბრიფინგზე ილაპარაკა უნდა იყოს ავადმყოფობის ისტორიაში, პაციენტის იქ აღმოჩენის პირველივე დღიდანვე და ასევე ყოველდღიურ სამედიცინო გასინჯვის ოქმს უნდა ახლდეს ჩანაწერი რა შეიცვალა პაციენტის ამ გადაწყვეტილებაში. ასევე პაციენტის ავადმყოფობის ისტორიაში, ყოველდიურ ჩანაწერს უნდა ახლდეს თან ფიზიკური გამოკვლევის ნაწილი (physical exam) რაც მენტალური სტატუსის დინამიურ შეფასებასაც გულისხმობს.
მხოლოდ ამ ქმედებების კანონით განსაზღვრული თანმიმდევრობით განხორცილებამ და უმცირესი დეტალების სიზუსტით აღწერამ შეიძლება დაიცვას ექიმი იურიდიური პასუხისმგებლობისგან. სხვა შემთხვევაში მძიმე კახექსიამდე, პაციენტის, რა გინდა რა მიზეზით მისვლა სწორედ იმ უწყების პასუხისმგებლობაა სადაც ეს პროცესი განვითარდა.
წარმოადგინონ ეს ჩანაწერები, ფსიქიატრის გასინჯვის ოქმები და ასე შემდეგ, რომ განთავისუფლდნენ ამ პასუხისმგებლობისაგან. ამგვარი ჩანაწერები უნდა იყოს დათარიღებული კლინიკაში მოხვედრის პირველივე დღეებით და ასევე დინამიურად უნდა იყოს განმეორებადი ასეთი ხანგძლივობის ჰოსპიტალიზაციისას.
აქვე ხაზგასმით ვიტყვი ფსიქიატრის გასინჯვის ოქმი უნდა მოიცავდეს მიზანს, რა მიზეზით ჩატარდა ექსპერტიზა. უნდა იყოს მითითებული, რომ მიზანს წარმოადგენდა პაციენტის ფსიქიური მდგომარეობის შეფასება, რათა მას შეძლებოდა კომპექსური სამედიცინო თუ სიცოცხლის რისკის შემცველი გადაწყვეტილებების მიღება.
ასეთია ლეგალური მხარე კლინიკა ვივამედის ოფიციალური განცხადების.“
კომენტარები