საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა:
„როგორც მოგეხსენებათ, 15 თებერვალს სკოლებში გაგრძელდება სასწავლო პროცესი თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა სკოლაში, დაწყებული მეხუთე კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება. რაც შეეხება დეტალურ ინსტრუქციებს, ეს დღესვე დაურიგდება სკოლებს და ყველა სკოლა ამაზე მოახდენს კომუნიკაციას მშობლებთან. ეს დაიწყება უკვე ხვალიდან.
უკვე ყველა სკოლაში საკლასო ოთახებში გაგრძელდება სასწავლო პროცესი და მთავარი აქ არის ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობა. ყველა სკოლა არის სრულ მზადყოფნაში, ინფრასტრუქტურულად მოწესრიგდა ყველა პრობლემა, მათ შორის სველი წერტილების საკითხები და სამედიცინო პროტოკოლის ყველა ნაწილი იქნება ზედმიწევნით დაცული. სკოლა აუცილებლად უნდა იყოს, არის და იქნება უსაფრთხო ადგილი ყველასთვის.
ჩვენ დეტალურად გავივლით პროტოკოლს, ამჯერად მშობლებმა უნდა გამოატანონ თავიანთ შვილებს პირბადე, დეტალური პროტოკოლი შემუშავდება, დაურიგდება სკოლებს. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ის, რაც მოსალოცი ამბავია, რომ სასწავლო პროცესი უბრუნდება ბუნებრივი გარემოს. ყველას გვინდა, რომ ეს შევინარჩუნოთ და აღარ მოგვიწიოს ისევ დისტანციური ფორმატზე გადასვლა“
“ალია” შეგახსენებთ, მინისტრი საუბრის დასაწყისში ამბობს, რომ დეტალური ინსტრუქცია დღეს დაურიგდება სკოლებს, თუმცა საუბრის ბოლოს ამბობს, რომ დეტალური პროტოკოლი აწი შემუშავდება. რა გვეჩქარება, მაგრამ თუ შემოშავდება, იქნებ განათლების სამინისტრომაც გაავრცელოს რა პროტოკოლს შეიმუშავებენ და მხოლოდ სკოლების იმედად არ იყოს, თორემ, აგერ ერთ-ერთი სკოლის დირექტორის მოადგილემ პროტოკოლი, როგორ გაიგო, კი ვნახეთ – გავამსხვილებ კლასებს და რომ აფეთქდება, გადავალთ ონლაინო…
თუ პროტოკოლი აწი უნდა შემუშავდეს, ან ახლა მუშავდება, როგორ გახსენით, მინისტრო სკოლები? რის საფუძველზე? ან, თუ ჯერ პროტოკოლიც არ გაქვთ, რა იცით, სკოლა მზად არის თუ არა, შეუძლია, თუ არა ამ პროტოკოლის შესრულება? სიტყვიერად გადაწყვიტეთ?
აი, აჭარაში სკოლები გახსნილია და ახლა დაიწყეს დამატებით დამლაგებლების ძებნა – რატომ? წინასწარ არც ეგ იყო გათვლილი რა დამატებითი საათები და რამდენი დამატებითი ადამიანი დასჭირდებოდა რეგულაციების დაცვას?
პროტოკოლს შეიმუშავებენო და ყველა სკოლა გახსნილია თბილისის, ქუთაისის და რუსთავის გარდა და იმ სკოლებისთვის პროტოკოლი არ შეგიმუშავებიათ? თუ იმათი პროტოკოლი თბილისში არ გამოდგება? როგორ არის სინამდვილე, დანარჩენი სკოლები პროტოკოლის გარეშე გახსენით, თუ მზა პროტოკოლი ვერ მიაწოდეთ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის სკოლებს დროულად და 3 სამუშაო დღე დაიტოვეთ მხოლოდ?
კომენტარები