„ალიასთან“ განათლების ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი საუბრობს.
– სკოლები იხსნება და ჩვენ ისიც არ ვიცით, რა მდგომარეობაშია სკოლები, ისიც არ ვიცით, ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებმა, რა საბუთი უნდა წარადგინონ, რათა პირბადის არ ტარების გამო შენიშვნა არ დაიმსახურონ, არ ვიცით, როგორ იმართება დასვენება, კვება. სრული სიჩუმეა. იქნებ რამე გაკეთდა და გამოგვრჩა?
– განათლების სამინისტროს ბიუჯეტი, სიდიდის მიხედვით, ქვეყანაში ნომერი მეორეა, ჯანდაცვის ბიუჯეტის შემდეგ! თქვენ შეკითხვაში უკვე არის პასუხი – არაფერი გაკეთებულა, მიუხედავად გამოყოფილა ფულისა. საქტატის მონაცემებით 2016 წლის შემდეგ, არ გაზრდილა ინტერნეტიზაციის დონე ქვეყანაში. რაოდენობრივი და სტატისტიკური კვლევები აჩვენებს, რომ 50 პროცენტი მოსახლეობის სარგებლობს ინტერნეტის და მეორე 50 პროცენტს მასზე წვდომა არა აქვს. გარდა იმისა, რომ არაფერი გაკეთებულა სრულფასოვანი ონლაინ გაკვეთილების ჩასატარებლად, ასევე არაფერი გაკეთებულა იმისათვის, რომ სკოლები გაიხსნას. ძალიან მარტივია იმის დამტკიცება რასაც ახლა ვამბობ – გადახედეთ სატენდერო მონაცემებს და ნახავთ, არანაირი რემონტები სკოლების საპირფარეშოების არ ჩატარებულა. არანაირი დამატებითი სახსრები არ გამოყოფილა სკოლებისთვის, რომ მათ მოეგვარებიათ ჰიგიენის დაცვის პრობლემა. ხომ იცით, როგორც კი სკოლა გაიხსნება, ინტერნეტი აჭრელდება სკოლების საპირფარეშოების სურათებით და ეს ბუნებრივი იქნება – არც საპონია, არც ერთჯერადი ხელსახოცები, არც ტუალეტების პრობლემაა მოგვარებული. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ქვეყანაში რიგით მეორე ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე სამინისტრო, ერთი წლის განმავლობაში საპატიო პენსიაზე გავიდა და ძალიან უჭირს, არ უნდა და ყველანაირად ეწინააღმდეგება პენსიიდან გამოსვლას. მინდა ხალხს შევახსენო, როდესაც თქვენ, საქართველოს მოქალაქეები დარჩით შემოსავლის გარეშე, ზოგმა ის 200 ლარიანი დახმარებაც ვერ მიიღო, განათლების სამინისტროს ჩინოვნიკები ჩვეულებრივად იღებდნენ ხელფასს, ათასობით ლარს, არც ერთი თეთრი არ დაუკლიათ, არც საწვავზე, არც ახალი ავეჯისა და მანქანების შესყიდვებზე, არც მოგზაურობები დაუკლიათ. 1 წლის განმავლობაში თქვენი, საქართველოს მოქალაქეების გადასახადებით, განათლების სამინისტროს ჩინოვნიკები ძალიან კარგად ცხოვრობდნენ.
– ძალიან კარგად და ძალიან ჩუმად ცხოვრობენ… როგორ ფიქრობთ, რამდენი სკოლა შეიძლება იყოს მზად გასახსნელად ახლა?
– ჩემ დროს ძალიან მარტივად მქონდა მოგვარებული სკოლების შემოწმების პრობლემა. კაბინეტში მჯდომი ჩინოვნიკი ხშირად კარგავს კომუნიკაციას იმ უწყებებს შორის, რომელსაც მართავს, ამიტომ ჩემი სამუშაო დღე იწყებოდა ცხრის ნახევარზე, გამოვდიოდი სახლიდან და 9 საათზე უკვე ვიყავი სკოლებში. არც ერთი დირექტორი არ იყო გაფრთხილებული, 2-3 სკოლაში ვასწრებდი მისვლას 10 საათამდე. ძალიან მალე ამ შემოწმებების დაწყებიდან, ყველა დირექტორი უკვე 9 საათზე სამსახურში იყო. ასევე იყო გადანაწილებული საქართველოში არსებული 2200 სკოლა განათლების სამინისტროს თანამშრომლებზე – მაშინ განათლების სამინისტროში მუშაობდა 180 ადამიანი. ყველა ჩინოვნიკმა იცოდა, რომ მას „ჰყავდა“ 10-15 სკოლა და თითოეულში, თვეში ერთხელ მაინც უნდა მისულიყო. ამ ჩინოვნიკისთვის, დროთა განმავლობაში, ბევრად უფრო მარტივი იყო, გულთან მიეტანა ის პრობლემები, რომლებიც სკოლას ჰქონდა. ასევე, ყველა სკოლაში შედიოდა მუდმივად განათლების სამინისტროდან ჯგუფი, დასასჯელად კი არა, ადგილზე პრობლემების მოსაგვარებლად. ჟურნალისტებს კითხვის დასმაც არ დაგჭირდებათ, დაგუგლეთ, ნახეთ როდის იყო განათლების მინისტრი ბოლოს სკოლაში? ერთი სურათი მაინც ნახეთ? არ მინახავს, არც გამიგია, რომ დადიოდეს სკოლებში. ღონისძიებაზე მისვლას არ ვთვლი, ჩეულებრივად, რომ მიხვდე და ნახო – კი, მინისტრის საქმე შეიძლება არ იყოს, მაგრამ უნდა შეხვიდე საპირფარეშოშიც, უნდა ნახო, სასადილოც. იქედან იღებ ინფორმაციას და არა ცნობებით. რაც შეეხება საპირფარეშორების გარემონტებას – ჩემი ინიციატივით, 2012 წელს გარემონტდა ყველა სკოლის საპირფარეშო. 2014 წელს ამერიკის დაფინანსებით „ემსიეიმ“ ჩაატარა კვლევა სკოლების და 2015 წელს დაიდო პასუხი, რომლის მიხედვით 1 მილიარდი ლარია საჭირო, რომ მოგვარდეს ყველას სკოლის ინსფრასტრუქტურული პრობლემა. გასაგებია, რომ 1 მილიარდი 1 ტრანშად განათლების სამინისტროს არა აქვს და არც მე მქონდა, მაგრამ იმ ფულს, რომელიც მქონდა, ვხარჯავდი არა ახალ ავეჯზე, არამედ საპირფარეშოების გასარემონტებლად. არსად წამიკითხავს და არსად მინახავს რომ 2012 წლის შემდეგ ყველა სკოლის სველი წერტილები გარემონტებულიყოს. თუ არ ვცდები, ამ მომენტისთვის ის პრობლემაც კი დგას, რომ სკოლების ნაწილში საერთოდ წყალი არაა.
– მკითხველს განვუმარტავ, რომ ახლა ცხელ წყალზე არ ვსაუბრობთ, ცივ წყალზეა საუბარი. ცხელი წყალი საერთოდ ფუფუნებაა…. ჩვენ შვილებს ცივ წყალში მოუწევთ ხელის დაბანა ზამთარში, ისიც საუკეთესო ვარიანტში….
– კი, ცივ წყალზე ვსაუბრობ, ნამდვილად. სამინისტროს აქვს მილიარდზე მეტი ბიუჯეტი, მესმის, რომ ერთბაშად ყველა პრობლემას ვერ მოაგვარებ, მაგრამ მინიმუმ უნდა მოეგვარებინა ინტერნეტის პრობლემა, ნამდვილი ონლაინ გაკვეთილები რომ ჩატარებულიყო და არა ის, რასაც სატელევიზიო ვიდეო გაკვეთილები დაარქვეს, რომელიც მსოფლიოში არსად არ არის… ეს არის წარსული. ნებისმიერი სპეციალისტი გეტყვით, გაკვეთილის წარმატება არის დამოკიდებული შინაარსზე, ინტერაქციაზე და შეფასებაზე – რა ინტერაქცია და შეფასებაა შესაძლებელი ტელევიზორთან? ტელევიზორს ელაპარაკოს ბავშვმა? განათლების მინისტრმა ელაპარაკოს ტელევიზორს, თუ ჰგონია, რომ ის უპასუხებს. ეს მთავრობა საერთოდ არის აკრძალვების მთავრობა. ეს არის მთავრობა, რომელსაც ჰგონია, რომ რაღაცა აკრძალვის შემოღებით, თავისი როლი და ფუნქცია შეასრულა. რაღაცა ავკრძალე, რაღაცა დავაძალე, ვიღაცას რაღაცა დავავალე – ესაა მათი პრინციპი და არ მუშაობს ეგრე. სანამ რამეს დაავალებ ადამიანს, ჯერ უნდა შეასრულო ის, რაც შენ გავალია. შენ, სახელმწიფოს გავალია, ბავშვებს შეუქმნა სწავლის შესაძლებლობა – შენ ეს გავალია, შენ უნდა შეისყიდო ბავშვებისთვის პირბადეები, ხელსახოცები, ანტიბაქტერიული სითხე, საპონი და ა.შ…. ექიმების თქმით, პირბადე რამდენიმე საათში ერთხელ უნდა ვიცვალოთ და წარმოიდგინეთ ბავშვის ხელში, რამდენჯერ უნდა შეიცვალოს, ხელს მოკიდებს, იატაკზე დაუვარდება, აიღებს და ა.შ. განათლების სამინისტრომ გაზარდა თავისი საშტატო ერთეული, უკვე ჰყავს თანაშემწის, თანაშემწის, თანაშემწის მდივანი… ასაქმებენ თავის ხალხს, მაგრამ – გადახედეთ ახლა, რომელიმე სკოლაში თუ გაიზარდა დამლაგებლების საშტატო ერთეული? თუ მოხდა შესყიდვა საწმენდი სითხეების? არა! წვიმაში ქუჩების გასარეცხი ფული ჰქონდათ – სრული აბსურდი იყო, მაგრამ სკოლებში რომ გასაწმენდი სითხეები შეიძინონ, ამის ფული არ აქვთ.
– რა შეიძლება ამ სიტუაციაში გაკეთდეს?
– პირველი, რაც უკვე ვერ გამოსწორდება, არის ის, რომ ბავშვებმა 1 წელი უკვე დაკარგეს და ეს აუცილებლად მოახდენს ზეგავლენას შედეგებზე – ზაფხულში გამოცდებზე კარგად გამოჩნდება მდიდარი ოჯახების ბავშვის უკეთეს მდგომარეობაში ყოფნა, ვიდრე ღარიბი ოჯახებისა. როდესაც სრულად ჩაშალეს სასწავლო პროცესები, ის ბავშვები იღებდნენ განათლებას, რომელთა მშობლებსაც ჰქონდათ ფული, რომ გადაუხადონ რეპეტიტორებს – ეს ხომ ყველას ესმის? – ეს უკვე ჩაშლილია და ეს აღარ გამოსწორდება. 1 წელია ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვერ მოგვარდა ონლაინ სწავლება, გარდა რამდენიმე კერძო სკოლისა. ჰქონდა კერძო სკოლებს სურვილი – შესაძლებელი ნამდვილად იყო და გააკეთეს. უკვე ვერ გამოასწორებ იმასაც, რომ სკოლები გაიხსნება 1 კვირაში ისე, რომ საპირფარეშოები არის ძალიან მძიმე ვითარებაში. ის, რომ სკოლებს არ გადასცეს, არ შეისყიდეს საპონი, ერთჯერადი პირსახოცები, სითხეები, პირბადეები – ესეც ვერ გამოსწორდება უკვე! შესაძლებელი იყო სკოლების შეყვანა ეტაპობრივად სამუშაო რეჟიმში და არა ერთბაშად. კლასების მიხედვით დაეწყოთ 20 იანვრიდან, უფრო მოემზადებოდნენ სკოლებიც. ქაოსია გადაწყვეტილების მიღების მომენტშიც, მერეც – არავინ გეუბნება, ახლა რატომ გადაწყვიტეს სკოლების გახსნა და რატომ გადაწყვიტეს დატოვონ კომენდანტის საათი? ქოცების ლოგიკა არასოდეს მესმოდა და ეს არის ბრწყინვალე მაგალითი – სკოლებს ხსნის და კომენდანტის საათს არ ხსნის – რაღაცა ლოგიკა ხომ უნდა იყოს? ყველასთვის გასაგებია, რომ ბევრად უფრო მარტივია ხალხისთვის კომენდანტის საათის მოხსნის შემთხვევაში რეგულაციების დაცვა, ვიდრე სკოლებში ამ მოთხოვნებს შესრულება, რადგან სახელმწიფომ არაფერი გააკეთა. კომენდანტის საათის მოხსნის შემდეგაც შეგიძლია გადაადგილების კონტროლი და საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შეგიძლია რეგულაცების კონტროლი, მაგრამ სკოლები სამწუხაროდ ჩააყენეს ისეთ მდგომარეობაში, რომ ისინიც ვერ იქნებიან პასუხისმგებელნი, ბოდიში ამ სიტყვისთვის, მაგრამ მშობლებს „შეტენეს“ ყველაფერი. ახლა დაიწყებენ ფულის შეგროვებას, მასწავლებელი მივა მშობელთან და იტყვის, ეს არ გვაქვს, ეს არ გვაქვს, ეს არ გვაქვს და ფულიც არ გვაქვს, მოდი, შევაგროვოთ. რას იზამს მშობელი, არ უყიდის?
– ერთ-ერთი სკოლის პედაგოგმა იპოვა გამოსავალი, კლასებს გავამსხილებ, მერე კორონა იფეთქებს და ონლაინ გადავალთო, ახლა რომ გისმენთ, მგონი, იმ პედაგოგმა ყველაზე კარგად აღწერა არსებული რელობა…
– მასწავლებლები უყურებენ ჩინოვნიკებს და რას ხედავენ? დიდ ხელფასებს იღებენ, სამსახურებში არ დადიან, არაფერს აკეთებენ – საერთოდ არ გაგვიგია, რას აკეთებს 1 წლის განმავლობაში სამინისტრო. როგორც საახალწლოდ ყიდულობს მერია ფორს-მაჟორში საახალწლო გაფორმებებს და ყველა ახალი წელი ჩვენთვის მოდის მოულოდნელად, ასევე გახსნეს სკოლებიც „მოულოდნელად“.
– ამ მდგომარეობაში, როცა სრული სასწავლო წელი ჩავარდა, ეროვნული გამოცდები, ან სკოლაში გამოცდები იგივე შინაარსით უნდა ჩატარდეს? თქვენ რომ ახლა ამ რეალობაში იყოთ მინისტრი, რას იზამდით?
– ამ წუთისთვის უდიდესი პრობლემა არსებობს წელს გამოცდებისთვის – როგორც ვთქვი, წელს ბევრად უკეთეს შედეგებს აჩვენებენ ბავშვები, რომელთა მშობლებს ჰქონდათ ფული, რომ აეყვანათ რეპეტიტორები. ეს არის ცალსახა. დანარჩენ ბავშვებს, ღარიბი ოჯახების ბავშვებს ამის შესაძლებლობა, ბუნებრივია, არ ექნებათ. არსებობს გზა რომელსაც ჰქვია პირობითი ჩარიცხვა – დარჩა სულ 3 თვე, სამ თვეში ვერ აითვისებენ 1 წლიან პროგრამას, ეს შეუძლებელია, მით უფრო, რომ ზოგ სკოლაში კოვიდის ფაქტი იქნება, დახურავენ და ა.შ. არაფერი ამაში ცუდი არ არის, არსებობს ასეთი პრაქტიკა – პირობითი ჩარიცხვა. ჩემი მინისტრობისას, ოლიმპიადებში გამარჯვებულები მიდიოდნენ საერთაშორისო ოლიმპიადებზე და ხშირად ეს საერთაშორისო ოლიმპიადები ემთხვეოდა ეროვნული გამოცდების დღეს. ეს ბავშვები ირიცხებოდნენ პირობითად და მეორე წელს აბარებდნენ. ვისაც აქვს სურვილი, რომ ახლა ჩააბაროს – ჩააბაროს წელს, თუ ვინმე იტყვის, რომ ინტერნეტი არ მქონდა, შესაძლებლობა არ მქონდა სწავლის და სკოლაშიც ვერ დავდიოდი – გაუკეთონ ამ ბავშვებს პირობითი ჩარიცხვა. მეორე ვარიანტია კიდევ – მე ვამზადებდი რეფორმას, რომელიც წამოსვლისას მაგიდაზე დავტოვე – იმ რეფორმის თანახმად ერთიან ეროვნულ გამოცდებს ბავშვები ჩააბარებდნენ 4-ჯერ წელიწადში, გინდ სექტემბერში, გინდ იანვარში, როდესაც შეეძლებოდათ. ეს ხომ არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, რასაც ახლა აკეებენ? მსოფლიოში არსებობს ყველაზე ცნობილი გამოცდა „ესეითი“, რომელიც ტარდება 4-ჯერ წელიწადში. ამ გამოცდით ბავშვებს იღებენ ჰარვარდში, კოლუმბიაში, იელსში, პრისტონში და ა.შ. შეიძლება ბავშვმა ჩააბაროს ერთი გამოცდა აგვისტოში, მეორე გამოცდა ნოემბერში, რა პრობლემაა? თუ პრისტონში ასე შეიძლება მოხვედრა, თელავის სახელმწიფო უნივერსტეტში რატომ არ შეიძლება ასე მოხვედრა?
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები