ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.
– რუსეთი რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, რომ ეს რეგიონები შეუერთოს რუსეთს. რა აზრი აქვს რეფერენდუმს, როდესაც დონეცკისა და ხერსონის ტერიტორიების დიდი ნაწილი დაიბრუნა უკრაინამ?
– ომის დროს, არც არჩევნები ტარდება, არც რეფერენდუმი და არც პლებისციტი, ყველა სისულელე რუსებმა უნდა მოიგონონ. იმიტომ არ ტარდება, რომ ომის დროს ხალხის ნაწილი ომშია, ნაწილი მძიმედ დაჭრილია, ნაწილი გაქცეული და ნაწილიც ტყვედ არის ჩავარდნილი, ეს ხალხი კი ხმას ვერ მისცემს ვერც ერთ შემთხვევაში. პუტინი მაინც აპირებს 28 სექტემბერს ამ ოთხ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას. რატომ? იმიტომ,რომ ამ ეტაპზე რა ტერიტორიებსაც ფლობს, ისინი შეუერთოს რუსეთს. ერთი, რომ ამას გამარჯვებას გამოაცხადებს პუტინი, მაგრამ ამას არ დაეთანხმებიან უკრაინელები და დიდი და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, 2 კვირაში ხერსონს სრულად აიღებენ, ვის შემადგენლობაშიც არ უნდა იყოს. მერე კი დონეცკს შეუტევენ. უკრაინელები არ მალავენ. რომ დიდ კონტრშეტევას ამზადებენ, მაგრამ არ აცხადებენ სავარაუდო თარიღს, როდის განხორციელდება კონტრშეტევა. ლოგიკურია, კონტრშეტევის წარმატება დიდად არის დამოკიდებული მის მოულოდნელად განხორციელებაზე. პუტინს ამ რეგიონების შეერთება კიდევ იმიტომ უნდა, რომ როდესაც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევლენ, რუსეთს ამ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად შეეძლება ატომური იარაღის გამოყენება. ეს რუსეთის თავდაცვის დიქტრინაში სწერია, თუ რუსეთს ეგზისტენციალური საფრთზე დაემუქრა, მათ შორის, მეზობელი სახელმწიფოებისგან ძალის გამოყენების გზით რუსეთის ტერიტორიების მითვისების მცდელობა, რუსეთის მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის სახიფათო საფრთხე, რუსეთს ამ საფრთხეების განეიტრალების მიზნით, შეუძლია ამ ტერიტორიებზე ატომური ირაღის გამოყენება. ერთი შეხედვით, ვირეშმაკული ჩანაფიქრია. რეფერენდუმის შემდეგ, უკრაინელები შეუტევენ, დავუშვათ, ხერსონს და გამოვა, რომ უკრაინელები უკრაინის კი არა, რუსეთის ტერიტორიაზე იბრძოლებენ, რუსული კანონმდებლობით, იურიდიულად რუსეთის კუთვნილი ქალაქის წართმევას შეეცდებიან რუსეთისთვის. შესაბამისად, რუსეთი იტოვებს უფლებას, ატომური იარაღი გამოიყენოს ხერსონში უკრაინული მებრძოლების წინააღმდეგ. თუმცა, ეს არის ბლეფი. ყირიმი ხომ უკრაინის შემადგენლობაშია. რამდენჯერმე დაბომბეს უკრაინელებმა ყირიმი და რუსეთმა იქ არ გამოიყენა ატომური იარაღი. რატომ? სამაგისოდ ერთი ადგილი არ ჰქონდა და იმიტომ. ყირიმის გარდა, რუსული ქალაქები – ბელგოროდი, უკრაინა-რუსეთის სხვა მოსაზღვრე რამდენიმე ქალაქი დაუბომბეს უკრაინელებმა. რუსეთის ტერიტორიაზე ტანკების ქარხანა, რამდენიმე სხვა სამხედრო ქარხანა, სამხედრო ბაზები დაუბომბეს. უკრაინელებმა არ აღიარეს, თავად რომ დაბომბეს, მაგრამ რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ უკრაინელებმა დაბომბეს და ამას, უმეტეს შემთხვევაში სამხედრო დაზვერვის უტყუარ მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებდნენ. გაერო-ს, მთელი მსოფლიოს მიერ აღიარებული რუსეთის ტერიტორიები დაბომბეს უკრაინელებმა და რუსებმა არ გამოიყენეს ბირთვული იარაღი უკრაინელთა საწინააღმდეგოდ და ხერსონში რომ იბრძვიან, მაგის გამო გამოიყენებს? ეს ბლეფია, ცალკე უკრაინელებს აშინებს პუტინი და ცალკე დასავლეთს, მაგრამ ორივე მხარეს, უკაცრავად და, ფეხებზე ჰკიდია პუტინის ეს მუქარა.
– რუსეთმა და ჩინეთმა სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს და ერთობლივი სამხედრო წვრთნებიც დაგეგმეს. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ჩინეთი სამხედრო დახმარებას გაუწევს რუსეთს ამ ომში?
– არა, ჩინეთი არანაირ სამხედრო დახმარებას არ გაუწევს რუსეთს უკრაინასთან ომში. ეს უკვე არაერთხელ განაცხდა სინ ძინ პინმა. ომის დაწყებიდან მოკლე დროში სთხოვა რუსეთმა ჩინეთს დახმარება, იარაღის გარდა, ამუნიცია და მშრალი საკვები მოგვყიდეო, მაგრამ მაშინაც შორს დაიჭირა ჩინეთმა. მშრალი საჭმელიც კი არ მიჰყიდა რუსეთს. დღემდე, ჩინეთს არც ერთი სამხედრო კომპონენტი არ მიუცია რუსეთისთვის. მერე, ჩინეთმა სამხედრო დახმარება თუ გაუწია რუსეთს, ამერიკა დაემუქრა, თავის კომპანიებს გამოიყვანს ჩინეთიდან და შეუწყვეტს ინვესტიციებს. კი, კერძო ამერიკული კომპანიებია ჩინეთში, მაგრამ ეგეთი კერძო კომპანიები იყო, რუსეთი რომ დატოვეს. ამერიკული კომპანიები თუ გავიდნენ ჩინეთიდან, უამრავი ადამიანი დარჩება უმუშევარი და ჩინეთის ბიუჯეტს დიდი ფული მოაკლდება. თან, ჩინეთი ახლა ეკონომიკურ კრიზისშია, 8 ტრილიონი დოლარი შიდა ვალი აქვს და რუსეთის გამო არ გაირთულებს ამ მძიმე მდგომარეობას. ამ 8 ტრილიონის შოვნის ერთადერთი პერსპექტივა ჩინეთისთვის ამერიკული ინვესტიციებია.
– რუსეთში გამოცხადებული მობილიზაცია ხომ არ შეამცირებს დასავლეთის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარებას?
– ომის ბედი სწორედ დასავლეთის სამხედრო დახმარების რაოდენობასა და ინტენსივობაზეა დამოკიდებული. ბოლოს და ბოლოს, ამერიკამ უნდა მისცეს უკრაინას „ჰაიმერსის“ შორსმსროლელი რაკეტები, 300 კილომეტრზე რომ ისვრის. ამით უკრაინა ამოისუნთქებს, შორიდან დაბომბავს რუსების საბრძოლო პოზიციებს, ღრმა ზურგიდან და იმ ყირიმის ხიდსაც ააფეთქებს, რაც, არა მხოლოდ ჩემი აზრით, გარდამტეხი აღმოჩნდება ამ ომში. ყირიმი თუ ჩამოაცილა რუსეთს უკრაინამ, ეს უკვე საკონტროლო გასროლა იქნება პუტინისთვის, ამას უკვე აღარავინ გადაყლაპავს, არც რუსი ხალხი და არც მისი გარემოცვა. დასავლეთი თვლის, რომ ეს მობილიზაცია, რეფერენდუმები პუტინის პანიკით არის გამოწვეული, იმ წარმატებული კონტრშეტევის მერე, რომელიც უკრაინამ განახორციელა. ჰოდა, მტერი როცა პანიკაშია, მას არ უნდა მისცე აზრზე მოსვლის საშუალება, უნდა შეუტიო – ეს დასავლეთმა კარგად იცის და დახმრებას არ შეუმცირებს უკრაინას. ამერიკას შიდა პრობლემებიც აქვს, ესეც უნდა ვაღიაროთ. ახლა მაგალითად ბაიდენისთვის კარგი რამ მოხდა – ნიუ-იორკის პროკურორმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ და საქმე გადასცა ფედერალურ პროკურორს. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ 2024 წელს „დემოკრატები“ შეიძლება კიდევ დარჩნენ ხელისუფლებაში, ხოლო შემოდგომით, კონგრესის არჩევნებში, უფრო მეტი ხმა მოიპოვონ ორივე პალატაში, ნაკლები დანაკლისით გამოვიდნენ.
– შეიძლება დაკარგონ კონგრესში უმრავლესობა „რესპუბლიკელებმა“?
– შეძლებით ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ამერიკაში ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ მმართველი პარტია ვერ იგებს კონგრესის არჩევნებს. შეიძლება ეს ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული გზაა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება დააბალანსოს საკანონმდებლო ორგანომ- ამერიკული შეკავებისა და წონასწორობის ბალანსი, სადაც უმრავლესობაში მუდამ ოპოზიციაა. როლანდ რეიგანის 8 წლიანი პრეზიდენტობისას, კონგრესში უმრავლესობა „დემოკრატებს“ ჰქონდათ. რეიგანმა დიდ ეკონომიკურ ძვრებს დაუდო სათავე, უმუშევრობა მოსპო ამერიკაში, სერიოზული სოციალური პროექტები განახორციელა, ათეულ ათასობით უსახლკაროს სახლები მისცა, ვისაც ბანკები სახლებს ართმევდნენ, იმათ კრედიტები დაუფარა სახელმწიფომ, მის დროს მართლა დუღდა ამერიკის ეკონომიკა, ხალხმა ადამიანურად ცხოვრება დაიწყო და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ამერიკელებმა რეიგანი მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად, მერე მისი ვიცე-პრეზიდენტი, ჯორჯ ბუშიც აირჩიეს, მაგრამ რეიგანის „რესპუბლიკურმა“ პარტიამ ვერც ერთხელ ვერ გაიმარჯვა კონგრესის არჩევნებში, სულ ოპოზიცია, „დემოკრატები“ იგებდნენ. რაც შეეხება უკრაინისადმი სამხედრო დახმარებას, ეს არ შეჩერდება, საყოველთაო მობილიზაცია ვერ შეაჩერებს ამ პროცესს, ვერც რუსეთის მიერ გაზით ევროპის შანტაჟი და ვერც ატომური შანტაჟი. ევროპა მზად არის, გადაიტანოს იმდენი მძიმე, ცივი ზამთარი, რამდენიც საჭირო იქნება რუსეთის გაზისგან თავის დასახსნელად. ატომურ მუქარაზე უკვე ვილაპარაკე. იმას დავამატებ, რომ კოლექტიურ დასავლეთს ერთი პასუხი აქვს პუტინის ამ მუქარაზე-გამოიყენებ ატომურ იარაღს? ჩვენც გამოვიყენებთ, უკან არაფერზე დავიხევთ. ცხადია, ამას უმალავს რუსეთის მოქალაქეებს იქაური მედია, მარტო იმ ევროპელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების აზრს აცნობს, რომლებიც მხოლოდ შეშფოთებულნი არიან და ზოგი, შეშინებულიც კია პუტინის მუქარით და არ აცნობენ იმ წამყვანი პოლიტიკოსების პოზიციას, რომლებიც მუქარას მუქარაზე პასუხობენ და გადაწყვეტილებებსაც ისინი იღებენ. იგივე ბაიდენი, რომელიც დარწმუნებული ვარ, წამით არ დაფიქრდება, ისე უპასუხებს რუსეთი ატომურ დარტყმას საპასუხო დარტყმით.
კომენტარები