კლინიკა “ევექსის” ექიმი, ირაკლი გოგოხია, სოციალურ ქსელში, წერს:
“მოგესალმებით, მინდა განმარტება გავაკეთო ჩემს გარშემო შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რადგან დარწმუნებული ვარ ბევრ ჩემს კოლეგას აინტერესებს ჩემი პოზიცია და რეალური ფაქტები ამ მოვლენის გარშემო. პირველ რიგში, ჩემი პროფესიული მოვალეობაა, რომ ყველა ჩემი ქმედება პაციენტის ინტერესებს ემსახურებოდეს, სწორედ პაციენტების ინტერესებს ემსახურებოდა ის ნაბიჯიც, რომლის გამოც წინასწარ დაგეგმილი პროვაკაციის მსხვერპლი აღმოვჩნდი.
ყველა ჩემი კოლეგა დამეთანხმება, რომ ლაბორატორიული კვლევის შედეგი არის ექიმისთვის დამატებითი და არა ერთადერთი დამხმარე ინსტრუმენტი პაციენტის დიაგნოსტირებისათვის. ასევე, დამეთანხმებით, რომ COVID 19-ის PCR დიაგნოსტირების მეთოდი, რომელიც ცხვირ-ხახის ნაცხზე წარმოებს თავისი სენსიტიურობით 70%-ის ფარგლებში მერყეობს და ეს ასეა საქართველოშიც, ამირიკაშიც და ევროპის ქვეყნებშიც. შესაბამისად, ლაბორატორიული კვლევის პასუხი არ შეიძლება გახდეს პაციენტის ინფიცირებულობის ერთადერთი დასტური და ამ დროს ექიმის მიერ აუცილებლად ფასდება დაავადებისთვის დამახასიათებელი სხვა კლინიკური მონაცემები, რაზე დაყრდნობითაც გამომდინარეობს საბოლოო დიაგნოზი. სწორედ ამას აღვნიშნავ ამ სატელეფონო საუბარშიც, ამაზე ვსაუბრობდი ტელე-ეთერებში მიცემული ინტერვიუების დროსაც და ამაზე ვსაუბრობ დღესაც.
სწორედ ამ მოცემულობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მე როგორც ექიმი, ყოველთვის ვისარგებლებ პაციენტის დიაგნოსტირების ყველა შესაძლო მეთოდოლოგიით, შემოთავაზებით, რადგან მეორად აზრს მედიცინაში დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ მიზნით დავთანხმდი გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის შემოთავაზებას, რადგან რთულად დასაჯერებელია ქვეყანაში ეპიდემიის არსებობისას რომელიმე სამედიცინო დაწესებულებამ ან ექიმმა პირადი ან ნებისმიერი სხვა ინტერესი დააყენოს პაციენტისა და კოლეგების ინტერესების წინ.
აწ უკვე იცით ბატონებო, რომ გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მიერ კვლევა ჩაუტარდა იმ პაციენტს, რომელსაც ისტორიაში უკვე უფიქსირდებოდა COVID 19-ზე 2 უარყოფითი შედეგი, გენეტიკის ლაბორატორიიდან მოსული დადებითი პასუხის შემდგომ, კლინიკის რესურსითვე გადამოწმდა (დაახლოებით 1 საათში) პაციენტის სისხლი ანტისხეულებზე და უარყოფითი აღმოჩნდა (რაც დაუყოვნებლივ შევატყობინეთ გენეტიკის ლაბორატორიას), ასევე, პაციენტს ავუღეთ ყველა ბიოლოგიური მასალა (სისხლი, ცხვირ-ხახის ნაცხი, განავალი) სადაც შესაძლებელი იყო ვირუსის იდენტიფიცირება და გაიგზავნა ლუგარის ცენტრში გაფართოებული კვლევებისთვის (ამის შესახებაც დაუყოვნებლიც ჩავაყენეთ გენეტიკის ლაბორატორია საქმის კურსში) და ლუგარის ცენტრიდანაც უარყოფითი პასუხი მივიღეთ.
გენეტიკური ლაბორატორიის ქმედებები, იმავე დღეს გასცდა პროფესიული დისკუსიისა და ეთიკის ფარგლებს და ნაცვლად იმისა, რომ მათ მინიმუმ ეჭვი შეეტანათ საკუთარ შედეგში (როცა ალტერნატიული 5 კვლევა სხვა შედეგს დებდა), პროტოკოლითვე გათვალისწინებული განმეორებითი კვლევა ჩაეტარებინათ დიაგნოზის საბოლოო ვერიფიცირებისათვის, პროფესიულ დისკუსიაში შესულიყვნენ ალტერნატიული ლაბორატორიის თანამშრომლებთან, პაციენტის ინტერესების სრული უგულვებელყოფით მოახდინეს მასმედიის საშუალებით პაციენტის დიაგნოზის აფიშირება, ლუგარის ცენტრის დისკრედიტაცია და საკუთარი თავი ერთადერთ სანდო ლაბორატორიად მონათლეს.
კიდევ განვმეორდები, იმდენად რთულია, რომ ეპიდემიის დროს დაუშვა სამედიცინო დაწესებულების მხრიდან საკუთარი კოლეგების დისკრედიტაციის სურვილი, რომ ეს არა ეთიკური ნაბიჯიც ამ ლაბორატორიის მესვეურთა გამოუცდელობისთვის შეიძლებოდა მიმეწერა და გულწრფელად მეთანაგრძნო, რომ თავად გახდნენ პოლიტიკური თამაშის მსხვერპლნი, მაგრამ გუშინ გამოქვეყნებული ვიდეო ჩანაწერი (და არა იმიტომ რომ მე მეხება), მაღალ ეჭვს აჩენს, რომ გენეტიკური ლაბორატორიის მხრიდან დაგეგმილი იყო ,,სპეც-ოპერაცია“, რომელიც ლუგარის ცენტრის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად, რომლის მსხვერპლი მე და სხვა გაცილებით უფრო ღირებული ინტერესები აღმოვჩნდით.
სწორედ იმაზე მიუთითებს ის ქმედება, რომ ტელეფონზე თავად მირეკავს უწყინარი ლაბორატორიის უწყინარი თანამშრომელი, რომელიც გამსჭვალულია კლინიკისა და პაციენტების დახმარების სურვილით და ახდენს ამ კეთილშობილური საუბრის ფარულად ჩაწერას და შემდეგ მის გასაჯარობას. მოდით, დავსვათ შეკითხვა -რაზე მიუთითებს ეს? რატომ უნდა დაგჭირდეს კოლეგასთან საუბრის ჩაწერა ასეთ დროს?თუმცა, ბატონო გია ალბათ გაქვთ ის ჩანაწერიც, სადაც თქვენი პარტნიორი, ბატონი ნიკა ოქრიაშვილი 3-ჯერ მირეკავს 2 დღის განმავლობაში (ვერ ვპასუხობდი) და უსასყიდლოდ მთავაზობს მის ტესტებს, იმ პაციენტებისათვის, სადაც ლუგარის ცენტრს უარყოფითი დასკვნა ჰქონდა დაწერილი (სხვათაშორის, ბატონმა ნიკა ოქრიაშვილმაც, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე კარგად იცის, რა მიზანი მამოძრავებდა და დიდი ხანია ვიცნობ პირადად, სინდისის ქენჯნის გარეშე უკანონო გზით მოპოვებული ჩანაწერი გაასაჯაროვა). ამ საუბრებით ნამდვილად უფრო კარგად მოეფინებოდა ნათელი სრულ სურათს და ყველა გარემოებას და კიდევ უფრო დარწმუნდებოდა საზოგადოება თქვენ ზრახვებში. ის საკითხი, კი, რატომ უნდა მოგინდეს ასეთ მძიმე პერიოდში შეტევა ექიმებზე, შეტევა ლუგარის ცენტრზე, სტერსის და შიშის დანერგვა მთელ მოსახლეობაში ეს ჩემი კომპეტენცია ნამდვილად არ არის და ვფიქრობ, შესაბამისი სამსახურები დაადგენენ. მანამდე კი ამ ყველაფრის განსჯა საზოგადოებისთვის მომინდია.”
კომენტარები