მთავრობა მცირემიწიანი ფერმერების სუბსიდირების პროგრამას იწყებს. მინისტრთა კაბინეტმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მქონე ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამა უკვე დაამტკიცა. სუბსიდიის მოცულობა ერთ ჰექტარზე 300 ლარი იქნება და მას 0.25-1.25 ჰექტარი მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები მიღებენ. ახალი პროგრამის ბიუჯეტი 35 მილიონი ლარია.
“ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება, ბარათზე დარიცხული ქულები გამოიყენოს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად. პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებზე სუბსიდიის გაცემა მოხდება სპეციალურ აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ბენეფიციარებს აგრობარათებით უზრუნველყოფს ლიბერთი ბანკი. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ბენეფიციარი ვალდებულია დარეგისტრირდეს ფერმერთა რეესტრში” – ამბობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია.
ოთარ შამუგიას თქმითვე, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, მსხვილ ფერმერებს საბრუნავი სახსრებისთვის აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთი უფინანსდებათ.
“ძალიან მცირე ხნის განმავლობაში, 22 მარტიდან დღემდე, ისარგებლა ძალიან ბევრმა ბენეფიციარმა, გაცემულია 20 მლნ ლარზე მეტი სესხი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ფერმერები აქტიურად სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პროგრამით და ჩართულები არიან ერთწლოვანი კულტურების მოყვანის პროცესში. ეს ნიშნავს მეტ დამუშავებულ ფართობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, უნდა აღნიშნოს, რომ მცირემიწიან ფერმერებს შედარებით ნაკლებად აქვთ წვდომა შეღავათიან ფინანსურ რესურსებზე, აქედან გამომდინარე, იმ პირობებში, როცა გაზრდილია ფასები სასუქებზე, პესტიციდებზე და სხვა საქონელზე, მათ სჭირდებათ მხარდაჭერა. წორედ ამიტომ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ახალი პროგრამის დამტკიცების შესახებ. პროგრამის ფარგლებში, პრემიერის გადაწყვეტილებით, ფერმერები მიიღებენ 300-ლარიან დახმარებას 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით. დამეთანხმებით, რომ ეს მათთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება და შესაძლებლობას მისცემს, აწარმოონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და მიიღონ შემოსავალი“, – თქვა შამუგიამ.
კომენტარები