ევროკავშირი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, საქართველოს 3 მილიარდს დოლარს მისცემენ დახმარების სახით. ამ თანხის უდიდეს ნაწილს ვალად აიღებს სახელმწიფო, მცირე ნაწილს კი მიზნობრივი გრანტის სახით მოგვცემენ. 1.5 მილიარდი დოლარი პირდაპირ ბიუჯეტში წავა, მეორე ნახევარი კი ბიზნესის დასახმარებლად. გარდა ამისა, ჩვენი ხელისუფლება ევროკავშირთან კიდევ 2 მილიარდ დოლარიან სესხთან დაკავშირებით აწარმოებს მოლაპარაკებას. თუმცა ამ 2 მილიარდის შეთანხმებაც რომ შედგეს, უკეთეს შემთხვევაში, მომავალი წლიდან მოგვცემენ. ევროკავშირმა უკვე გამოყოფილ თანხებს, უკან მოაყოლა რეკომენდაციები და საქართველოს ხელისუფლებას მათი შესრულება მოუწევს. სხვა რეკომენდაციები, სავარაუდოდ, მოჰყვება იმ 2 მილიარდსაც, რომელზედაც ჯერ მოლაპარაკება მიდის. თავიანთი რეკომენდაციები მოაყოლა დახმარებას მსოფლიო ბანკმაც. მოკლედ, ხელისუფლებას მათი გარკვეული პირობების შესრულება მოუწევს, რომ ეს 3 მილიარდი სრულად მიიღოს, ხოლო დამატებითი პირობების შესრულებაც მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი დამატებით 2 მილიარდ დოლარსაც დაგვიმტკიცებს. საქართველოს ხელისუფლებას სხვა გზა არ აქვს, უნდა დათანხმდეს უცხოელთა პირობებს და ეს ფული მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2 თვეში, ხელისუფლება, უბრალოდ, პენსიებს, ხელფასებსა და სოცდახმარებებსაც კი ვეღარ დაარიგებს,
„ალიასთვის“ სამთავრობო და კულუარებიდან ცნობილი გახდა იმ რეკომენდაციების ნაწილი, რომელთა შესრულებასაც ხელისუფლებისგან ითხოვენ ევროკავშირი და მსოფლიო ბანკი. ევროკავშირი პირდაპირ მოითხოვს ბიუროკრატიული აპარატის ხარჯების 20%–ით შემცირებას. ასევე, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება, ბიუჯეტიდან რას უნდა ჩამოაჭრას ეს 20%, რომ რეკომენდაციები შეასრულოს და ეს თანხები მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ისედაც დანგრეული ეკონომიკა, მიწასთან გასწორდება.
დღეს სახელმწიფო სტრუქტურებში 280 000 ადამიანია დასაქმებული. ბიუროკრატიული ხარჯები უსაშველოდ გაბერელია. ჩვენი ჩინოვნიკებისა და საკანონმდებლო ორგანოების მუშაობაზე უზარმაზარი თანხები იხარჯება. „ქართულ ოცნებას“ დიდ თავისტკივილად ექცა ეს რეკომენდაციები. ისინი რომ შესრულდეს, ხელისუფლებას მოუწევს სამინისტროების შერწყმა და შემცირება, დარჩენილ სამინისტროებში გარკვეული შტატების გაუქმება, ხელფასებისა და სახელფასო დანამატების პრაქტიკაზე უარის თქმა. „ქართულ ოცნებაზე“ უკვე მსჯელობენ მცირე მთავრობის შექმნაზე. რომელი სამინისტროები გაუქმდება და რომლები დარჩება, ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი. ერთადერთი, რაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აქტიურად მიდის ლაპარაკი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმებასა 2 სამინისტროს გაერთიანებაზე. სახელმწიფო მინისტრის აპარატს, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუქვემდებარებენ, ეკონომიკისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კი გაერთიანდებიან. დღეს 10 სამინისტრო გვაქვს და თუ ასე მოხდა, 8 სამინისტრო დარჩება. ხელისუფლება ამ და სხვა რეფორმების განხორციელებას არ ჩქარობს. წინ არჩევნებია, არჩევნებში მისი ყველაზე ერთგული მხარდამჭერები სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები არიან. მათ უდიდეს ნაწილს, გულზე არ ეხატება არც „ქართული ოცნება“ და არც ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ არჩევნებში აძლევენ ხმას, რადგან ხელისუფლებაში ამ პარტიის ყოფნა მათი დასაქმების გარანტიაა. ბევრი ვიცი, რომლებიც ჯერ შევარდნაძის თავგადაკლული ქომაგები იყვნენ, მერე მიხეილ სააკაშვილისა და დღეს „ქართული ოცნების“ ლურჯ დროშებს აფრიალებენ. დიახ, ამ ხალხს ერთ ადგილას ჰკიდია, ვინ იქნება სახელმწიფო სათავეში, ვინც იქნება, დაანგრევს თუ არა ამ ქვეყანას, აწამებს, აშიმშილებს თუ სხვაგვარად გააუბედურებს ხალხს. მათთვის მთავარი სამსახურები, ხელფასებია და მეტი არაფერი ადარდებთ. თუ ასე არ არის, იქნებ ვინმემ ამიხსნას, როგორ შეიძლება იყოს პატიოსანი ადამიანი ჯერ შევარდნაძის, მერე სააკაშვილისა და ახლა ივანიშვილის მხარდამჭერი? მოკლედ, შემოდგომამდე, არჩევნებამდე ხელისულება საბიუჯეტო ხარჯებს არ შეამცირებს „ქართულმა ოცნებამ“ თუ მოიგო არჩევნები, სტრუქტურული და საკადრო შემცირებებისთვის მზადება შემოდგომის შემდეგ დაიწყება და ახალი წლიდან ქვეყანას უმუშევართა ახალი არმია შეემატება. რატომ უმუშევართა ახალი არმია? ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ.
„ალიასთვის“ ცნობილი გახდა, სავარაუდოდ, რის და ვის ხარჯზე დაიზოგება საბიუჯეტო სახსრები. სავარაუდოდ, თბილისის მერიას და სხვა თვითმმართველ ქალაქებს, გამგეობებს, სამინისტროებს მოუწევთ იმ სიპ–ების დიდი ნაწილის გაუქმება, რომელთა უმეტესობა დღემდე ტყუილად არსებობს, არანაირი ფუნქცია არ გააჩნიათ და მხოლოდ იმიტომ შემორჩნენ, რომ იქ „ქართული ოცნების“ აქტივისტები მუშაობენ, რომელთა ერთადერთი ფუნქცია განსაკუთრებით „ფეისბუკში“ და, ასევე, სხვა სოც–ქსელებში აქტიურობა, ხელისუფლების ყველა შეცდომისა და დანაშაულის „გაპრავება“ და მისი ნებისმიერი ოპონენტის ლაფში ამოთხვრა, მათთვის ცილისწამება, მათი დისკრედიტაციაა საზოგადოების თვალში. ასევე, აქ მუშაობენ ან უბრალოდ, გაფორმებულები არიან და ხელფასებს იღებენ ხელისუფლების გავლენიანი წარმომადგენლების ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები. შემცირდება მერიების, გამგეობებისა და საკრებულოების აპარატების საშუალო და ქვედა რგოლების თანამშრომელთა რაოდენობა, რაც ხელფასების გარდა, ავტომატურად სხვა ხარჯების შემცირებას გამოიწვევს. ლაპარაკია სამინისტროების აპარატების თანამშრომელთა ხარჯების შემცირებაზე და ამ შემთხვევაშიც, ეს საშუალო და ქვედა რგოლების თანამშრომლებს შეეხებათ. ვარაუდობენ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა ხელფასების 20%–თ შემცირებასაც, თუმცა, ეს არ შეეხებათ ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულებს და თუ ვინმეს შეეხება, ისევ ქვედა რგოლებს. შემცირდება მთავრობისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა რაოდენობაც, თუმცა, უმნიშვნელოდ. ყველა მერიაში, გამგეობებში, სამინისტროებში, დეპარტამენტებში, იმ სიპ–ებში, რომლებიც დარჩება, შემცირდება სახელმწიფო პიარისთვის გამოყოფილი შტატების რაოდენობა და ლაპარაკია ამ შტატების განახევრებაზე. ყველა დეტალის აქტიურად განხილვა, თუ რომელი სამინისტროები გაერთიანდებიან, რომელი უწყებები გაუქმდება და ვის შეეხებათ შემცირებები, ვის შეუმცირებენ ხელფასებს, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ დაიწყება. სახელდება სავარაუდო ციფრიც, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება დარჩეს უმუშევარი არჩევნების შემდეგ. სავარაუდოდ, 30–დან 40 ათას ადამიანამდე. საგულისხმოა, რომ როდესაც ამდენი ადამიანის, ფაქტიურად, ქუჩაში გაყრაზე, საშიმშილოდ გაწირვაზეა ლაპარაკი, არც ხელისუფლების სხვა და სხვა შტოებში, არც პარტია „ქართული ოცნების“ მაღალ ეშელონებში, ლაპარაკიც კი არ არის მაღალჩინოსანთა შემცირებაზე. ამ დროს ზოგიერთ მინისტრს 5 მოადგილე ჰყავს და აგერ, გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს 3 მოადგილე, 3 მრჩეველი, 3 თანაშემწე, და 3 კონსულტანტი ჰყავს. ამ კაცს, როგორც ჩანს, ძალიან უყვარს ციფრი 3. კიდევ კარგი, უფრო დიდი ციფრი არ უყვარს. ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს 5 მოადგილე ჰყავდა, ეცოტავა, და ამ გაგანია ეკონომიკური კრიზისის დროს, ქვეყნის მთავარმა ხაზინადარმა, 5 თებერვალს ერთიც დაიმატა და ახლა 6 მოადგილე ჰყავს. შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურსაც 6 მოადგილე ჰყავს და ასეა დაუსრულებლად. ლაპარაკი არც კი არის მაღალჩინოსანთა და პარლამენტის, საკრებულოების დეპუტატების უცხოური და ადგილობრივი მივლინებების ხარჯების შემცირებაზე, არც ავტოპარკის ხარჯების შეკვეცაზე, ეს კრიზისი არ დაეტყობა არც მათი მობილური ტელეფონით სარგებლობის ხარჯებს, არც მათი კაბინეტების კომფორტულად მოწყობას, ავეჯსაც ისევ ძვირადღირებულ შეიძენენ, ტექნიკასაც და ყველა დანარჩენს. ვინც გრიალებდა, ისევ იგრიალებს და საშუალო და დაბალი რგოლების თანამშრომელთა ნაწილს, ვისაც 1200–2500 ლარის ფარგლებში ჰქონდა ხელფასი, ბევრს გაუშვებენ სამსახურებიდან და ბევრს ხელფასს ჩამოაჭრიან. არა, უსაქმურები უნდა გაუშვა სამსახურებიდან, 3.5 მილიონ ნახევრიან ქვეყანაში 280 000 ბიუროკრატი მართლა საშინელებაა. ეგ არის, ჯოხი დაბალ ფენებზე ტყდება, ანუ მათზე ვინც უსაქმურების ნაცვლადაც მუშაობს და ყველაზე დაბალ ხელფასს იღებს და ვინც მართლა ყოველწლიურად ისე ექცევა ქვეყნის ბიუჯეტს, როგორც საკუთარი ჯიბის ფულს, ისინი დარჩებიან და არც მათი ეს მიდგომა შეიცვლება ბიუჯეტის მიმართ.
მსოფლიო ბანკს ორი მთავარი მოთხოვნა აქვს ხელისუფლებასთან – გადასახადების დაწევა ბიზნესისთვის, მათ შორის, დღგ–ს გადასახადის დაწევა კონკრეტული იმპორტირებული საქონლისთვის და დამწყები ბიზნესმენებისთვის მეტი ხელშეწყობა. თუმცა, რა კონკრეტულ ხელშეწყობაზეა ლაპარაკი, ამაზე ჯერ ვერაფერს მოგახსენებთ.
ლევან ჯავახიშვილი, „ალია“
კომენტარები