შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსანი, პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი, ნათია მეზვრიშვილი:
“დღეს ადამიანის უფლებების დღეა. მთავრობამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ამ ხელისუფლების მიზანია, კონსტიტუციური უზენაესობის და ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა და შემდეგ ამ ღირებულებებისადმი ერთგულების დასტურად მოჰყავთ შემუშავებული თუ შესამუშავებელი სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები.
ამ განცხადებას ავრცელებს მთავრობა, რომელმაც:
გააუარესა ადამიანების ფარული მოსმენის სტანდარტი, რის გამოც ვენეციის კომისიის კრიტიკა დავიმსახურეთ
გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომლის მთავარი ფუნქცია მოხელეთა მხრიდან ადამიანზე ძალადობის ფაქტების დამოუკიდებელი გამოძიება იყო
სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა ასობით ადამიანი და დღემდე არაფერი გამოუძიებია
მიიღო კანონი, რომელმაც ინდივიდუალური მოსამართლის გამოხატვის თავისუფლება შეზღუდა
გააჩერა სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ, გამოძიების ხარისხის გაზრდისკენ მიმართული რეფორმები, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანის უფლებების დაცვასთან
მოაწყო 05-06 ივლისი და დღემდე არ დაუსჯია ძალადობის ორგანიზატორები და ხელმძღვანელები
დღის წესრიგიდან გააქრო ადამიანის უფლებების პრიორიტეტულობა
წესად აქცია უფლებადამცველებზე, ჟურნალისტებზე თავდასხმა და ა.შ. ჩამონათვალი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.
ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ხელისუფლებისთვის სიტყვა და საქმე სხვადასხვა რამეა და ადამიანის უფლებების დაცვა უზრუნველყოფილი მხოლოდ ლამაზი კანონებით, სტრატეგიებით და სამოქმედო გეგმებით (რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი) ვერ იქნება.”
კომენტარები