სოციალური სამართლიანობის ცენტრი განცხადებას აქვეყნებს:
დღეს, 18 ოქტომბერს, ერთდროულად რამდენიმე მედია ორგანიზაციამ მიიღო წერილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან, რომელშიც უწყება განმარტავს, რომ ნამახვანჰესის პროექტის შესახებ მას კანონით გათვალისწინებული დასკვნა არ გაუცია.
დღეს იდენტური პასუხი მიიღო სოციალური სამართლიანობის ცენტრმაც.
რამდენიმე თვის მანძილზე, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი დასკვნის მოპოვებას ცდილობდა, თუმცა ფინანსთა სამინისტრო ოფიციალურ მიმართვებს და საჯარო განცხადებებს ამ დრომდე უპასუხოდ ტოვებდა. დოკუმენტის გასაჯაროების მიზნით, ჩვენმა ორგანიზაციამ სასამართლოში სარჩელიც წარადგინა.
ხაზგასასმელია, რომ უწყების პასუხის მიხედვით, ფინანსთა სამინისტრო აღიარებს, რომ მას დასკვნის გაცემას ავალდებულებს კანონი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ.” ეს კანონი არეგულირებს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელშიც საჯარო და კერძო აქტორები მონაწილეობენ.
ამ დასკვნის გაცემა მხოლოდ პროცედურული ნაბიჯი არ არის. შეგახსენებთ, რომ ფისკალური რისკების შესახებ ფინანსთა სამინისტროს აღნიშნული დასკვნა პროექტის საჯარო სარგებლიანობისა და მისი განხორციელების ეკონომიკური მიზანშეწონილობის განსაზღვრისთვის ფუნდამენტური შინაარსის მქონე დოკუმენტი უნდა ყოფილიყო. ის ფაქტი, რომ ეს დოკუმენტი არ მომზადებულა ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ამ პროექტის ხარჯსარგებლიანობა არ დაუსაბუთებია.
ამასთან, ფინანსთა სამინისტროს პასუხი იმის დასტურია, რომ საქართველოს მთავრობამ ნამახვანჰესის პროექტი უკანონოდ დაამტკიცა. აქედან გამომდინარე, დასკვნის არარსებობა ინვესტორ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების უკანონოდ ცნობის სამართლებრივ საფუძველსაც ქმნის.
სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის • Fair Energy Politics Collective
კომენტარები