მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი: “უამრავი ხალხი მომიგზავნეს, რას არ მპირდებიან, მაგრამ სამყაროც რომ მაჩუქონ, არაფერი მჭირდება, სიმართლის გარდა!”
“მე და ზაზას ძმობა გვაქვს ნათქვამი და ქისტებში ძმობა რას ნიშნავს, გეცოდინებათ!”
გასულ კვირას პროკურატურამ შეწყვიტა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება და თქვა, რომ სპეცრაზმელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი არ ჰქონია.
მეტიც, იმავე დღეს, „იმედის“ არხზე გავიდა ე.წ. პროექტი, თუ ფილმი (ორივენაირად უწოდეს) და „იმედის“ ტელევიზიამ სუს-ს გადაუხადა მადლობა, ინფორმაციის მიწოდებისთვის, სუს-მა კიდევ “იმედს” გადაუხადა მადლობა – ამ ინფორმაციის გაშუქებისთვის.
ამ „ფილმმა“ მეტი კითხვა დატოვა – მათ შორის, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. მეტიც, სწორედ ამ მასალის გამოყენებით, ამ სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს, ჩემი აზრით, შეუძლია სახელმწიფოს უჩივლოს – რამდენად სწორად იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია, როგორ უნდა დამუშავებულიყო ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ სახლში შეიარაღებული ადამიანები იმყოფებოდნენ, პერიმეტრი რამდენად სწორად იყო გათვლილი, რამდენად სწორად მოხდა კარის აფეთქება და ა.შ. – მაგრამ, ეს სხვა მასალის თემაა, ამჯერად კი მალხაზ მაჩალიკაშვილთან, როგორც თავად უწოდებს თავს – ხელშიშველ ადამიანთან ინტერვიუს გთავაზოთ:
– რას აპირებთ, როგორ აპირებთ ბრძოლის გაგრძელებას?
– ეჰ, აბა, რა გითხრათ, არც ერთი პარტიაც რომ არ იყოს და ერთი კაციც რომ არ მყავდეს მხარდამჭერი, მაინც გაგრძელდება ჩემი ბრძოლა, სანამდეც ვიქნები ცოცხალი. ყველა გზას გამოვიყენებ, პირველ რიგში, რომ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, დანარჩენი კი ხედავთ, მე კანონით ვცდილობ, არასოდეს ვარ კანონის საწინააღმდეგო, არც წავსულვარ არასოდეს აქამდე კანონის წინააღმდეგ. ხომ ხედავთ, მედიები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან „ქართულ ოცნებასთან“ ივანიშვილის მედიები, ცდილობენ რაღაცა შემქნან არაფრისგან. ამას წინათ ვთქვი, დედას გიტირებთ „ქართულ ოცნებას“ და ემუქრებიო – მე კი არ ვემუქრები, ვეუბნები, კანონით დავანგრევ. ასეთ რაღაცებს კრეფენ და მაგაზე სიუჟეტებს აკეთებენ.
ძალიან ძნელი ყოფილა. მე პირველი დღიდან ვიცოდი, სად მივდიოდი და რა სიძნელეები დამხვდებოდა წინ, ვიცოდი და ეს ნაბიჯი გადავდგი და ამ ნაბიჯს ბოლომდე მივიყვან, ნელ-ნელა იქნება, თუ სწრაფად.
იმ პროკურატურსაც მოვთხოვ პასუხს, მაგის დროც დადგება. გამოძიება ახლა კი არ შეწყდა, დაწყების დღიდანვე შეწყვეტილი იყო და ესეც ვიცოდი.
– მე ვუყურე „იმედზე“ ამ ე.წ. ფილმს, თუ პროექტს და არაფერი ახალი იქ არ თქმულა.
– რა ახალი, აქამდე რასაც ამბობდნენ, ისიც ტყუილია და ახლაც იმ ტყუილებს იმეორებენ. ერთი რაღაც აქვთ ამათ დარჩენილი, ამათ უნდათ მთელს ქვეყანაში გამაშავონ, ამაზე მუშაობენ ახლა, თორემ მეტი რა დარჩათ? ამათ რაც უნდა აკეთონ, მე წეღანაც ვთქვი, მე ვიცოდი, რომ უნდა გამევლო ეს სიძნელეები ჩემს ტკივილთან ერთად, ვიცოდი – ვის ვეჯახები, ვიცოდი, რომ ბინძურ სისტემას ვეჯახებოდი, სახელმწიფოს ვეჯახებოდი – იმიტომ რომ სამართლისთვის მიმეღწია, იმიტომ რომ ყველას გაეგო სიმართლე, იმიტომ რომ ქვეყნის სხვა ახალგაზრდები არ აღმოჩენილიყვნენ ამ დღეში და სხვა დედ-მამები არ გამწარებულიყვნენ ჩემსავით. ამიტომ მოვდივარ დღემდე და დღეის მერეც ასე გაგრძელდება, ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის.
მე უკვე დავრწმუნდი, რომ ამ ხელისუფლებაში სიმართლე არ იქნება, სამართალი არ იქნება, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ რომ ეს ხელისუფლება გავაცილოთ. დარწმუნებული ვარ, რა პარტიაც მოვა, კოალიცია იქნება თუ შერეული პარტიები მოვლენ, თუ თანაბარი პარტიები, დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანს, ვინც დანაშაული ჩაიდინა საკადრისი სასჯელი მიესჯება.
– დარწმუნებული ხართ, რომ ახალი ხელისუფლება გამოიძიებს?
– კი, დარწმუნებული ვარ და პირველ რიგში, ჩემი მიზანია შეიქმნეს საპარლამენტო დროებითი კომისია.
– კარავს სად დადგამთ?
– კარავს სად დავდგამ, მაგას ვნახავ, ჯერ ბანერია გასამზადებელი. ჯერ ბანერი უნდა დაიდგას. ჩემთვის მნიშვნელოვანია ბანერი და მაგიდა და სკამები დავდგა, რომ გავაგრძელო ხელმოწერების შეგროვება.
– ბანერი არ დაგიბრუნათ სახელმწიფომ?
– არა, არ დაუბრუნებიათ, არაფერი დაუბრუნებიათ. რამდენჯერ დავურბევივარ სახელმწიფოს, რამდენჯერ? რამდენჯერ მიყიდია კარვები, მომიტანია ბანერი თავიდან, რაც კი გამაჩნდა, რასაც ვიძენ და ვაკეთებ, ყველაფერი ყაჩაღურად მიაქვთ და უკან არაფერს მიბრუნებენ.
– ჩვენ ადრეც ჩაგვიწერია რამდენჯერმე ინტერვიუ, არც „ალიასთვის“ მოცემულ ინტერვიუში, არც სხვა ინტერვიუში, მე არასოდეს მომისმენია, რომ თქვენ უარყოფთ ხელყუმბარის არსებობას. მეუბნებოდით, რომ ხელყუმბარა გაჩვენეს თემირლანის ოთახში, ოღონდ იქვე ამბობდით იმასაც, რომ ეს ხელყუმბარა არ იყო თქვენი შვილის. არასოდეს მომისმენია, რომ გეთქვათ, ოთახში ხელყუმბარა არ მინახავსო, ამბობდით, იყო, ვნახე, ოღონდ ეს არ იყო თემირლანის ხელყუმბარა – ახლა რატომ მიდის ხელყუმბარაზე აქცენტირება და რა ხელმოწერაზე საუბრობენ? (შეგახსენებთ, „იმედის“ ეთერში პროკურორმა წარადგინა ჩხრეკის ოქმი, გვაჩვენა ჩხრეკის ოქმზე მაჩალიკაშვილის ხელმოწერა, ასევე იგივე არხზე გასულ სიუჟეტში, წამყვანებიც და სტუმრებიც საუბრობდნენ, რომ ეს იყო ახალი და მნიშვნელოვანი დეტალი. მართალია, ამ „ექსკლუზიურ“ და „ახალ“ დეტალზე „ალია“ მეორე წელია წერს, მაგრამ შესაძლოა პროკურატურამ არ იცის, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ ხელყუმბარის ნახვაზე წლებია რომ საუბრობს – ამიტომაც დავუსვით მალხაზ მაჩალიკაშვილსაც ეს კითხვა – თ.კ.)
– მე არასოდეს არ მითქვამს, რომ ხელყუმბარა არ მინახავს! როცა ოთახში შევედი და მითხრეს, რომ ხელყუმბარით გაგვიწია წინააღმდეგობა თემირლანმა, ვიკითხე, რა ხელყუმბარით? – გაიხედეო და საწოლიდან 4 მეტროს დაშორებით არის დადებული ყუმბარა. ჯერ ყუმბარას შევხედე, მერე ოთახს – ვხედავ სისხლიანი საწოლი, სისხლიანი ყურსასმენები, სისხლიანი ტელეფონი და ამ ყუმბარას რომ შევხედე – ზუსტად ასე ვუთხარი – თქვე შობელძაღლებო, თქვენ საქმის კეთება კი არა, საქმის გაფუჭებაც არ იცით, რის ხელყუმბარა, რატომ არ არის მაშინ ხელყუმბარა სისხლიანი-თქო.
– როგორც მახსოვს, ზუსტად ამ სიტყვებით მომიყევით ეგ ამბავი პირველად რომ ჩავწერეთ ინტერვიუ, სიტყვა-სიტყვით ეს ფრაზა მითხარით. რა ხელმოწერაზე საუბრობენ ამჯერად?
– სად არის ხელმოწერილი? მე რაზე მოვაწერე ხელი, რომ თემირლანს ხელყუმბარა ჰქონდა? შემოტანილი იყო თუ ჩადებული იყო, ხომ „ამოიღეს“ ვითომ ის ხელყუმბარა ოთახიდან? ჩადებული იყო, მაგრამ ხომ ამოიღეს?
– ამას დამატებული ისიც, რომ თქვენ მაგ დროისათვის ქართული ენა ასე კარგად, როგორც დღეს – არ იცოდით. ვინმემ განგიმარტათ რომ შეგეძლოთ ჩხრეკის ოქმში მიგეთითებინათ შენიშვნის სახით, რომ ხელყუმბარა თქვენი არ იყო?
– არა, მე დღესაც ვაცხადებ, მე ხელყუმბარაზე ხელი არ მომიწერია, მე მოვაწერე ხელი ჩხრეკის ოქმზე, ჩხრეკა ჩატარდა, ფულზე მკითხეს და ვუთხარი, რა ეწერა ჩხრეკის ოქმში და ეწერა თუ არა იქ ხელყუმბარაზე, არც დავკვირვებულვარ, მე მოვაწერე ხელი ჩხრეკს ოქმზე, რადგან ჩხრეკა ხომ შედგა მართლაც და მომიტანეს მერე ცალკე ხელყუმბარა დალუქულ პაკეტში და მითხრეს ამაზე ხელი მოაწერეო, რაზეც მე უარი ვუთხარი, რადგან არ ვეთანხმებოდი, რომ ხელყუმბარა ჩემს შვილს ჰქონდა. თუ მაქვს ხელმოწერილი ხელყუმბარის დალუქულ პაკეტზე ხელი მოწერილი, მაჩვენონ ჩემი ხელმოწერა მაშინ, სად არის? ხელი მაქვს მოწერილი ჩხრეკის ოქმზე, სამხილზე ხელი არ მომიწერია. (გავიარე კონსულტაცია იურისტთან და პროცედურულად, დალუქულ სამხილზე ხელს აწერს მხარე, თუ ის არ სცნობს სადაოდ სამხილის ამოღების ფაქტს – თ.კ.)
– ტელეფონის ნომერზე უნდა გკითხოთ. ამბობენ, რომ ტელეფონის ნომერი გაფორმებული იყო თემირლანის სახელზე, თუმცა, დღემდე ვერ დაადგინეს და ვერ წარმოადგინეს ფაქტი, მართლა ფლობდა თუ არა თემირლანი ამ ნომერს.
– არა, ჯერ ერთი არ არსებობს არანაირი ფაქტი იმისა, რომ ეს ნომერი ჩემს შვილს ჰქონდა, მეორე – ესენი იმდენად დებილები არიან, იმასაც ვერ ხვდებიან, რომ ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა – ჩატაევი რა ნომრიდან დაუკავშირდა? რომელი ნომრიდან დაუკავშირდა ჩატაევი ჩემს შვილს?
– მაგას არ ამბობენ.
– არა, მაგას არ ამბობენ და მაგაზე არც ამახვილებენ ყურადღებას, კაციშვილი მაგაზე არ საუბრობს. თუ დაუკავშირდა ჩატაევი ჩემს შვილს, სად არის ჩანაწერი? რატომ არ არის ეს საუბარი ჩაწერილი? რამდენი ჩანაწერი აქვთ ჩატაევის და მარტო ეს არა აქვთ?
– კი. ბევრი ჩანაწერი წარმოადგინეს, მაგრამ არც ერთ ჩანაწერში არ არის თემირლანის ხმა.
– არც ერთზე.
– არც მაშინ, როცა მარგოშვილის ჩანაწერი წარადგინეს, სადაც, მარგოშვილი ხმოვანს უგზავნის თემირლანს, როგორც გამოძიება ამტკიცებს, რომ მისი პირადი მონაცემი სჭირდება ფულის გადმოსაგზავნად – არც იქაა არსად თემირლანის ხმოვანი ჩანაწერი, პასუხი თუნდაც მესიჯად, რა უპასუხა თემირლანმა, უპასუხა საერთოდ? ეს პასუხი არ გვაჩვენეს.
– თემირლანის შემთხვევაში, არსად არ არის არც ერთი ხმოვანი. ის ფული, ჩემგან წაღებული ფული, ყველა ფაქტით დამტკცებულია, რომ ჩემი უფროსი შვილის, ნატას ნაშრომი და გერმანიიდან ჩამოტანილი თანხაა და დღესაც არ მიბრუნებენ უკან. იძახიან ირიცხებოდაო, თუ ირიცხებოდაო – მაშინ დადონ საბუთი – აი, ამ ბანკიდან გადმორიცხა ამან და ამან, ამა და ამა დროს! როდის გადმოირიცხა, ვინ გადმორიცხა, რომელი ბანკიდან გადმოირიცხა – თქვან მაშინ – არც მაგის საბუთი არსებობს არსად. ჩვენ კი ყველა საბუთი გვაქვს, რომ ეს ჩემი უფროსი ქალიშვილის ნაშრომი და ჩამოტანილი ფულია.
რაც შეეხება ნომერს, ის თემირლანის ნომერი არ არის, ის ნომერი ვისიცაა, ის ციხეში ზის, ამათ დააკავეს, რომელიც უშუალოდ იყო ამ ამბავში ჩართული და გაშვებული ჰყავდა სუსს ჩატაევთან დასახვედრად და ჩამოსაყვანად – მაგის ნომერია, თემირლანის ნომერი არ არის. იძახიან, რომ თემირლანს დაუკავშირდა ჩატაევი და თემირლანი დაუკავშირდა თავის მამას, ანუ, მე, რომელი ტელეფონიდან? მითხრან, რომელი ტელეფონიდან და რომელი ნომრიდან დაუკავშირდა ჩატაევი თემირლანს და კიდევ ერთ საინტერესოს გეტყვით – თუ იმდენი ურთიერთობა ჰქონდა მაგ შობელძაღლს (გულისხმობს ჩატაევს – თ.კ.) ჩემთან, მაშინ სადღაც ხომ უნდა დავხვედროდი, ან სადღაც მაგასთან შეხება ხომ უნდა მქონდეს, ან მე რატომ არ დამირეკავდა? ერთხელ დაურეკა თემირლანს და მორჩა? პირდაპირ მე რატომ არ დამირეკა მაშინ? მთელს ხეობაში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მთელს ხეობაში, ჩატაევისა და ჩატაევისნაირების ყველაზე დიდი წინააღმდეგი ვიყავი მე, ამის გამო ხეობაში ზოგ ახალგაზრდასთან შეკამათება მომსვლია. იმ ლაფანყურის ამბავში რომ ჩატაევი იყო გარეული – ვიცოდი! ყოველთვის მისი წინააღმდეგი ვიყავი და ვიცოდი, რომ ჩატაევი აგენტი იყო. მე ვიყავი პირველი მაგისი მტერი, მაგრამ დღეს, ხომ ხედავთ, ჩატაევთან პირდაპირ მე მაკავშირებენ.
– თუ ჩატაევთან გაკავშირებენ, ციხეში რატომ არ ხართ?
– ეგ ამათ უნდა ვკითხოთ.
– ვეკითხები ხოლმე, მაგრამ არაფერს ამბობენ.
– რა უნდა თქვან? საერთოდ ჩატაევი ტელევიზორშიც არ მინახავს, ამ ამბის მერე ვნახე ტელევიზორში – მანამდე სახეც არ ვიცოდი, ვიცოდი ვინ იყო და ვიცოდი, რომ ლაფანყურში ბიჭები დაახოცვინა – ეგ ვიცი და ეგ. დანარჩენი მაგ ადამიანთან სხვა ურთიერთობა არ მქონია, მაგას ამოუწყდეს მოდგმა.
– ნათესავები არიანო – განაცხადეს.
– წარმოიდგინეთ ჩემი მეუღლის მამის ნახევარძმის შვილის შვილის შვილის ქმარი, რომელიც არც საქართველოში ცხოვრობს, არც ვიცნობთ, ის გოგოც მესამე თუ მეოთხე ცოლი იყო მაგის. მერე ის გოგო საერთოდ სხვაგან ცხოვრობს, სხვა მშობლები ჰყავს – ჩადიაშვილები. აი, საიდან რა ნათესაობა, რა კავშირია მაჩალიკაშვილები, ტერლოევი, ჩადიაშვილები და მაგათ სიძე?
– სოსო გოგაშვილმაც იგივე გაიმეორა, რაც პროკურატურამ განაცხადა და ამბობს, რომ გამართლდა.
– სად? ვერ გამართლდა.
– თვითონ ხომ ასე ჰგონია?
– არა, თვითონ ასე არ ჰგონია, მაგან იცის, რომ მილიონ პროცენტი წაგებული აქვს და მისი საქმე კარგად არ არის. კარგად იცის, რომ არ გამართლდა. ივანიშვილმა უთხრა, როგორც აურიე, ისე დაალაგეო – ამიტომ, ხან რას იძახის, ხან რას ბოდავს. იცი რატომ არის სუსიდან გამოგდებული?
– არა.
– მე ვიცი, წეღან რომ ვახსენე, რომ ჩატაევმა თემირლანს დაურეკა და თემირლანმა მე დამირეკა – ამ ორი სიტყვის გამო არის გამოგდებული სუსიდან. ზუსტად ვიცი. არანაირი საფუძველი არ ჰქონდა ამ განცხადების გაკეთების – ამიტომ გამოაგდეს. ჩატაევმა თემირლანს დაურეკა, თემირლანმა მამამისს დაურეკა – ასეთი სულელური განცხადება რომ გააკეთა და უსაფუძვლო, სწორედ ამის გამო გამოაგდეს სუსიდან.
– თუმცა, არ გაწირეს და ბოლომდე ცდილობენ მისი ნათქვამის გამართლებას.
– ყველა გაწირულია, მაგის დროც მოვა, თუ არადა და ვნახოთ. ხომ არ ჰგონიათ, რახან აიღეს და გამოძიება შეწყვიტეს – დამთავრდა? უამრავი ადამიანი მომიგზავნეს, დაანებე ბრძოლას თავი, გაეცალე გაერთიანებულ ოპოზიციას – თორემ, ჩვენ შენს შვილს ტერორისტად გამოვაცხადებთ და საქმეს შევწვეტთო. ბოლო ორი თვის წინათაც მომიგზავნეს ადამიანი.
– იმას არ გეუბნებოდნენ, რომ თქვენც გამოგაცხადებენ ტერორისტად? სხვა მუქარა არ იყო?
– ბევრი მუქარაა, მაგრამ ამათი მუქარა ფეხებზე მკიდია. გამომაცხადონ ტერორისტად, ჩემ ტერორისტად გამოცხადებით საქმე თუ გაკეთდა, გამომაცხადონ ხვალევე.
– პანკისელი ახალგაზრდების მიმართვა გავრცელდა, სადაც ისინი ამბობენ, რომ მხარს გიჭერენ.
– ამათ ჰგონიათ, რახან ჩუმად არის ხეობა, მხარს არ უჭერენო, უშიშროებამაც კარგად იმუშავა, რამდენი ახალგაზრდა წაიყვანეს დაკითხვაზე, სთავაზობდნენ, ეს თქვი თემირლანზე, ეს ისაუბრე, უნივერსიტეტში მოგაწყობთ, სწავლა, საცხოვრებელი უფასოდ გექნება. ორ წელიწადში ყველაფერი სცადეს. ოღონდ დანაშაული არ აღიარონ და ყველაფერზე მიდიოდნენ. რაც არ ყოფილა, იმას არასოდეს ვიძახი, მართლა მოდიოდნენ მაღალი თანამდებობის პირები და მეუბნებოდნენ, რომ ვერ აღიარებენ დანაშაულს, თუ აღიარებენ ქვეყანა თავზე დაემხობათ. მიხვდნენ რომ არ ვიყავი უკან დამხევი და არ ვითანამშრომლებდი „ქართულ ოცნებასთან“, არ მოვურიგდებოდი და საქმე შეწყვიტეს…
– როგორც ვიცი ვერც ერთი პანკისელი ვერ დაითანხმეს თემირლანის საწინააღმდეგო ჩვენება მიეცა.
– კი, ასე, ვერ დაითანხმეს.
– „ალიას“ მოგვაწოდეს ის ინფორმაციაც, რომ ე.წ. ჰესის მშენებლობის გამო, არეულობის პროვოცირება რომ მოხდა, გახარიამ რომ შობა დღეს ჯერ სპეცრაზმი გამოაგზავნა, მერე ყველას დაემუქრა დაჭერით და ბოლოს ბოდიში მოიხადა – ჩვენ წყარო გვიყვება – მაშინაც ხელისუფლებამ სცადა, ახალგაზრდები დაეშინებია დაჭერით და სამაგიეროდ მოეთხოვა მათთვის თემირლანისთვის ხელის დადება – რამდენად მიდასტურებთ ამ ფაქტს?
– ზუსტად, მართალია, ასე იყო ეგ შემთხვევა, თუმცა, არც ერთს არ უთქვამს, რომ რაც არ ყოფილა იმას ვიტყვით თემირლანზე და ხელს დავადებთო.
– პირადად ჩემთვის წარმოუდგენელი ისტორიაა, შევედითო, რომ ჰყვება სპეცრაზმელი, ვუთხარით ხელები ეჩვენებინა და არ გვაჩვენაო – საწოლში იწვა, სად უნდა დაემალა ხელები – მკვეთრი მოძრაობა გააკეთაო – მაშინ ამ მოძრაობისას ესროდნენ…
– ექსპერტიზა ამტკიცებს, რომ ლოგინიდან თავი არა აქვს წამოწეული. ექსპერტმაც რომ არ დაამტკცოს, ის ლოგინის თავი, კედელი და მაგისი შუბლი – ზუსტად იმის მტკიცებულებაა რომ საწოლიდან თავი არა აქვს წამოწეული, ექსპერტიზაც რომ არ ჩატარებულიყო – ისედაც ფაქტი იყო. სპეცრაზმელი ჯერ იძახის მარჯვნივ გადაიხარაო, მერე იძახის მარცხნივ გადაიხარაო, მერე ამბობს, საბნის ქვეშიდან უნდა ამოეღო ხელყუმბარაო – ეს ხო სიგიჟეა და სიდებილეა. მე ერთი უბრალო ადამიანი ვარ, დავეჯახე ასეთ ბინძურ სისტემას და სახელმწიფოს. თქვენ როგორ ფიქრობთ, მთელი სახელმწიფო რომ ერთ კაცს ებრძვის, რას იზამს სახელმწიფო? მთელი რესურსი მაგათ აქვთ, მედიასაშუალებები, საქმის გაფუჭება, გაყალბება – ყველაფერი მაგათ ხელშია! მე ერთი ადამიანი ვარ და მხოლოდ ის შემიძლია, რომ ვისაუბრო სიმართლე. სახელმწიფოს შეუძლია ყველა სიმახინჯე გამოიყენეს, რაც მის ხელთაა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც არის ხელშიშველი – ამას ყველა გონიერი ადამიანი მიხვდება.
– გაქვთ ოპოზიციის იმედი?
– მე ხალხის იმედი მაქვს. ჩემზე იძახიან ნაციონალები იყენებს, ოპოზიცია იყენებს, ის იყენებს, ეს იყენებს. მე არავინ არ მიყენებს, მე ვთხოვ იმ ადამიანებს, იმ გაერთიანებულ ოპოზიციას, მოდით, აი, ეს ჩემი საქმეც გამოიყენეთ, ამ შემთხვევაში, მეც გამომიყენეთ, დამიდექით გვერდით, მაპოვნინეთ სამართალი – მე კი არ მიყენებს ვინმე, ამის უფლებას მე ვაძლევ, მე ვთხოვ – ეს რაც შეეხება პარტიებს. რაც შეეხება ხალხს – ყველა კარგად ხედავს, რამდენ ადამიანს ტკივა ჩემს გამო გული, ზუსტად ამით გიჟდებიან, ამით ცოფდებიან – ყველანაირად ცდილობენ, რომ აქ დამარქვან ცუდი სახელი ხალხში და ამ საზოგადოებაში გამაშავონ. რამდენადაც ცდილობენ რომ შეამცირონ მხარდაჭერა, უფრო მეტად მატულობს ეს მხარდაჭერა – აი, რაშია საქმე.
– როგორც ვნახეთ, თქვენს ქალიშვილსაც ლანძღავენ, თურმე…
– კი, გოგაშვილის ტროლები და ბოტები, მათ შორის ზაქარეიშვილი (გულისხმობს ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს, რომელმაც რამდენჯერმე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაჩალიკაშვილის ქალიშვილი მუშაობს საჯარო სამსახურში – კერძოდ სკოლაში, მანდატურად – თ.კ.) მე ყველაფრის პატიება შემიძლია, მაგრამ ჩემს ქალიშვილს თუ შეეხებიან, სისხლით ვაზღვევინებ, არც მაქვს დასამალი და დასაფარი არაფერი – თუ ჩემს ქალიშვილს შეეხებიან და არ ვაზღვევინებ, მაშინ მე ვიქნები უკანასკნელი ადამიანი.
– გარდა იმისა, რომ მუშაობს, რას ედავებიან, ვერ გავიგე, სიმართლე რომ გითხრათ…
– ხო, ესე იგი გამოდის, „ოცნების“ მომხრე თუ არა ხარ, არ უნდა იმუშაო, არ უნდა გქონდეს სამსახური. პედაგოგიური აქვს დამთავრებული, სკოლაში მუშაობს მანდატურად. სამსახური არ უნდა ჰქონდეს და არ უნდა იმუშაოსო, რაკი „ოცნების“ მომხრე არაა, ეგ ერთი და მეორე სანამ მის უდანაშაულო ძმას საწოლში მოკლავდნენ მძინარეს – მანამდე ხომ არ იყო „ოცნების“ წინააღმდეგი? მანამდეც მუშაობდა. ყველა გზა სცადეს, აქამდე, ყველა გზა, რა არ შემომთავაზეს, რომ მიხვდნენ, რომ ყველაფერი ფეხებზე მკიდია, და სამყაროც არა მჭირდება რომ მაჩუქონ – მას მერე გაასმაგებულად მებრძვიან და აგერ მე და აგერ ისინი!
– ბევრი კითხულობს და უნდა დავსვა ეს კითხვაც, ზაზა თუ გეხმიანებათ სარალიძე და რა ურთიერთობა გაქვთ?
– ტელეფონით ჩვენ არ ვსაუბრობდით არც ადრე და არც ახლა. ბოლოს ვნახე სასამართლოში, რა ურთიერთობაც გვქონდა, ის გვაქვს, ვნახეთ ერთმანეთი, გადავკოცნეთ, მოვიკითხეთ მშობლები, ბავშვები. მე და მას ძმობა გვაქვს ნათქვამი და ქისტებში ძმობა რაც ნიშნავს – გეცოდინებათ!
თამო კეშელავა
ალია №4
კომენტარები