ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი.
– ამერიკის საელჩოში, დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ხელი რომ გაარტყა „ტვ პირველის“ დამფუძნებელს ვატო წერეთელს, ამის შესახებ რას იტყვით?
– სამარცხვინო და ძალიან მძიმე შემთხვევა იყო. მე მაინც ვარაუდით დავიწყებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო წინასწარ განზრახული, დემონსტრაციული თავდასხმა ამერიკის შეერთებულ შტატებზე. არც ოხანაშვილი გახლავთ ის ტიპაჟი, რომელიც განსაკუთრებული ემოციებითა და ძველი ბიჭობით გამოირჩევა. არც დამაჯერებელი არგუმენტი არსებობს იმისა, რომ ეს ამბავი შემთხვევით მოხდა. ეს იყო კიდევ ერთი ჟესტი დასავლეთის წინააღმდეგ. ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადება მინდა შეგახსენოთ, რომლითაც ის „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ ეუბნება, რომ დასავლეთის მიერ საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვის ვითომ სურვილი, „ეფესბეს“ სახელმძღვანელოდან არის ამოღებული, მთელი ეს ნარატივი და ფაბულა სხვაგვარად აღარ ესმით და კარგია, ელჩმა ასე პირდაპირ რომ მიახალა სიმართლე, რევერანსებისა და დახვეწილი ტექსტების დრო დამთავრდა. ეს ხომ უკვე მეორე სიგიჟეა, რომ დასავლეთი ომში გვითრევს. ერთი სიგიჟე ხომ ის არის, რომ ვისაც ევროკავშირში შესვლა უნდა, არატრადიციული ორიენტაციისაა. მეორე კიდევ ეს არის, რომ ომში გვითრევს დასავლეთი, რომ ევროკანდიდატობის საფასურად გვთხოვენ, რომ ჩვენ რუსეთთან უნდა ვიომოთ. აი, რა ლოგიკაში ჯდება ეს, ვერ გავიგე.
– მე გეტყვით, ჩემს აზრს – „ნაცები ბრუნდებიან“, ამან 10 წელი იმუშავა და ახლა აღარ მუშაობს. 10 წელი „ნაცების“ შესაძლო დაბრუნების შიშზე იდგა ივანიშვილის რეჟიმი. ეს უკვე აღარ ჭრის და ახლა ხალხს ომით აშინებენ, ახალი საფრთხობელა სჭირდებოდათ ხალხის დასაშინებლად.
– გასაგებია, მაგრამ „ნაცების“ დაბრუნების საფრთხე თუ შიში უფრო ახსნადი იყო, მსხვილი პარტია, ფინანსურად წელში გამართული, გარკვეული საგარეო მხარდაჭერით… იმას რაღაც ახსნა ჰქონდა. კი, იმან მაინც იმუშავა. მესმის რასაც ამბობთ, ხალხის დასაშინებლად რაღაც ახალი საფრთხობელა სჭირდებოდათ და გამოიგონეს ეს ომის საფრთხე. თუმცა, საქართველოს ფართობისა და მოსახლეობის რაოდენობის, ეკონომიკისა და ჯარის მდგომარეობის გათვალისწინებით, ვის რაში ვჭირდებით რუსეთის წინააღმდეგ ომში. უკრაინა მართლა გასაოცარი მოტივაციით იბრძვის. ისტორიულად არავისზე ნაკლები მებრძოლები იყვნენ. ეს მებრძოლი სულისკვეთება დღემდე შეინარჩუნეს. მეორეც, იქაურმა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ ხალხს, ჯარსა და ხელისუფლებას შორის ერთიანობა არსებობს. დასავლეთი საბოლოოდ დაუდგა გვერდით უკრაინას. ჩვენ ვის რაში ვჭირდებით? არაფერში. მერე, მოლდოვამ მიიღო ევროკანდიდატის სტატუსი, ამის გამო მოლდოვა ომში ჩაერთო? არ მოგვცეს სტატუსი, რადგან არც სასამართლო გაგაჩნია, არც დემოკრატიული საარჩევნო სისტემა და არც სხვა რამ.
ერთ საკითხზე მინდა ვისაუბრო. 2012 წლის არჩევნების წინ, საარჩევნო პროგრამაში, „ქართულ ოცნებას“ ეწერა, რომ საქართველოში გიგანტური ჰესების მშენებლობები აიკრძალებოდა. კონკრეტულად „აკრძალვა“ ეწერა და არა შემცირება ან სხვა. ახლა დიდი ჰესების აშენება უნდათ, რომ ელექტროენერგიით ბიტკოინები იშოვონ. ჰესები ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კარგად ვიცი, მაგრამ ფული უნდა ისესხონ, ის ვალი მერე ჩვენ გადავიხადოთ, ჰესები უნდა აშენონ, ქვეყანა უნდა დაგვიტბორონ და თავად ფული იშოვონ. გვატყუებენ და არა მარტო ხელისუფლება. ოპოზიციის უდიდესი ნაწილიც, როდესაც ლაპარაკობენ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ელექტრო ენერგიის დანაკლისი, რუსებზე ვართ დამოკიდებული და ამის გამო უნდა ავაშენოთ ჰესები. ჯერ ერთი, რუსეთზე დამოკიდებულება მაღალი არ არის, სულ 8 პროცენტია. მერე, რის გამო იზრდება ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა მცირდება და არც ეკონომიკა გაზრდილა წინა წლებთან შედარებით? სად მიდის ენერგია? 1989 წელთან შედარებით, როდესაც 5.5 მილიონი ვიყავით. საქართველოს მოსახლეობა შემცირდა 1/3-ით. ეკონომიკა შემცირებულია და უარესს გეტყვით. პანდემიის პერიოდში, როდესაც ტურიზმი მოკვდა და კლინიკების, აფთიაქებისა და მარკეტების მეტი არაფერი მუშაობდა, ელექტროენერგიის მოხმარებამ ზრდა განაგრძო. სად მიდიოდა ამდენი ენერგია? მაინინგში, ვიღაცებმა კრიპტოვალუტა რომ იშოვეს, იმათ ხმარდებოდათ. ჯერ კიდევ 3 წლის წინ, ბი-ბი-სი-მ საქართველო დაასახელა ჩინეთისა და ამერიკის მერე კრიპტოვალუტის გამომუშავების მხრივ მესამე ქვეყნად. მთელი ეს ამბავი ივანიშვილს და მის გარემოცვას ამდიდრებს,ასევე, ოპოზიციის ერთ ნაწილს უკაწკაწებს კბილები, დღეში სამჯერ ცვლინ პოზიციას. ხომ შეიძლება ელექტროენერგია მიიღონ არა ჰესისგან, არამედ ქარისა და მზის ელექტრო სადგურებისგან და იმით გამოიმუშაონ კრიპტოვალუტა? შეუძლიათ, მაგრამ ამას არ აკეთებენ, რადგან ჰესის მშენებლობის საფარქვეშ, ხდება მიწების, ტყეებისა და წიაღისეულის მიტაცება. ეს კარგად აჩვენა „ნამოხვანის“ ხელშეკრულებამ ეკონომიკის სამინისტროსთან. ამ ხელშეკრულების მიხედვით, თურქულ მხარეს ჰესის მშნებლობის საფარქვეშ მიჰქონდა ინერტული მასალა, წიაღისეული, ხე-ტყე და სხვა ბუნებრივი რესურსები.
კომენტარები