“მითების დეტექტორის” ინფორმაციით, მტკიცება, რომ მიხეილ სააკაშვილმა 23 სექტემბერს ჰოლანდიაში კუჭის რეზექცია გაიკეთა, მცდარია.
გამოცემა წერს, რომ 5 ნოემბერს სახელისუფლებო ექსპერტმა ედიშერ გვენეტაძემ საკუთარ Facebook ანაგრიშზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა 23 სექტემბერს ჰოლანდიაში კუჭის რეზექცია გაიკეთა და სწორედ იმდენ საკვებს (ფაფას) იღებს, რამდენიც ექიმმა გამოუწერა. აღნიშნული ინფორმაცია ედიშერ გვენეტაძის პოსტზე დაყრდნობით imedinews.ge-მაც გამოაქვეყნა და როგორც TV Imedi-ს, ასევე Imedinews–ის ფეისბუკზე გააზიარა.
imedinews-მა თამთა მეგრელიშვილის იდენტური შინაარსის Facebook პოსტიც გამოაქვეყნა, რომელიც მის გვერდზე საჯაროდ არ იძებნება. აღნიშნული ინფორმაციის თანახმადაც, სააკაშვილმა კუჭის რეზექცია 23 სექტემბერს ამსტერდამში გაიკეთა, რომლის შემდეგაც ადამიანი გარკვეული დროის განმავლობაში საკვებს ვერ იღებს და წყალსაც კი ზომიერად სვამს.
მეგრელიშვილის პოსტზე დაყრდნობით იგივე ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტოებმა: Fortuna.ge,
pia.ge და spnews.io.ge-მ გაავრცელეს.
5 ნოემბერს სტატია იმავე სათაურით Primetime.ge–ზე ექსკლუზივის სახით გამოქვეყნდა, თუმცა მათივე მტკიცებით, მათ ინფორმაცია კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრისგან მოიპოვეს. პრაიმტაიმი წერს, რომ ისინი ინფორმაციის გადასამოწმებლად მიხეილ სააკაშვილის დედას გიული ალასანიას დაუკავშირდნენ, რომელმაც ისინი სააკაშვილის პირად ექიმთან ნიკოლოზ ყიფშიძესთან გადაამისამართა. ყიფშიძე კი მათ ზარებს არ პასუხობს. პრაიმტაიმზე დაყრდნობით, ეს ინფორმაცია სახელისუფლებო რეგიონულმა გამოცემა stv.ge-მაც გაავრცელა.
მტკიცება, რომ მიხეილ სააკაშვილმა 23 სექტემბერს ჰოლანდიაში კუჭის რეზექცია გაიკეთა, მცდარია. სააკაშვილი 23 სექტემბერს ფრანკფურტში Europa Union Frankfurt-ის ღონისძიებაში მონაწილეობდა და ეს ღონისძიება ფეისბუკზე პირდაპირ გადაიცემოდა. კუჭის რეზექციისა და შემდგომი რეაბილიტაციისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით, ის ოპერაციის ჩატარებას 24-დან 28 სექტემბრამდე პერიოდში ვერ შეძლებდა, რადგან გემით მგზავრობისთვის ჩერნომორსკიდან ფოთის პორტამდე მას 40-44 სთ დასჭირდებოდა.
კომენტარები