უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარი, ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს:
“მივიღე ინფორმაცია, რომ უკრაინაში საქართველოს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა უარი თქვა ჩემთან შეხვედრაზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გაკეთებული განცხადების პოლიტიკური კონტექსტიდან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შემდგომი კონსულტაციების საჭიროებიდან გამომდინარე.
ამ შეხვედრის დროს მინდოდა ახსნა-განმარტებები მიმეღო უკრაინის მოქალაქის, უკრაინის პრეზიდენტთან არსებული უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და სამედიცინო მომსახურების უფლების და პროცედურული უფლებების დარღვევის შესახებ.
მიხეილ სააკაშვილი 40 დღეა შიმშილობს და 6 ნოემბრიდან უარს ამბობს მედიკამენტების, ვიტამინებისა და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებაზე. 8 ნოემბერს ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შედეგებით, ექიმთა საბჭომ მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დაადასტურა.
საქართველოს ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების №18 დაწესებულებაში მდებარე პენიტენციურ საავადმყოფოში იძულების წესით გადაყვანამ კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია, რომელიც დღეს მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
საქართველოს ომბუდსმენის ინფორმაციით, დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევის გამო საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მას დაზიანებები მიაყენა. №18 პენიტენციური დაწესებულების პატიმრები სააკაშვილის მიმართ იყენებდნენ სიტყვიერ აგრესიას და მუქარის შემცველ შეძახილებს, რაც მის საკანში ისმის.
საქართველოს ხელისუფლების ქმედებები და მიხეილ სააკაშვილის ასეთ ვითარებაში ყოფნა არღვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებს და წამებისა და სხვა სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ კონვენციის პირველ მუხლს.
გლდანის სასჯელაღსრულების №18 დაწესებულების საავადმყოფო არ აკმაყოფილებს სამედიცინო საბჭოს რეკომენდაციებს და საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის არარსებობის გამო ვერ უზრუნველყოფს სათანადო მკურნალობას. ამას საქართველოს სახალხო დამცველიც ადასტურებს.
ამ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა არ აკმაყოფილებს პატიმართა მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესების 22-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ვითხოვ მიხეილ სააკაშვილის სასწრაფოდ მოთავსებას გადაუდებელი რეანიმაციისთვის აღჭურვილ და სამედიცინო მომსახურების სტანდარტებთან შესაბამის საავადმყოფოში.
საქართველოს მთავრობის მიერ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელება მისი თანხმობის გარეშე არის უკანონო ჩარევა მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაში, რაც არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 და 17-ე მუხლებს.
მტკიცედ ვგმობ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებებისა და თავისუფლებების სისტემატიურ და უხეშ დარღვევას ქართველი მაღალჩინოსნების მიერ და მოვუწოდებ უცხო სახელმწიფოებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება ამ ქმედებებზე.
მოუთმენლად ველი უკრაინაში საქართველოს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის, როგორც საქართველოს რესპუბლიკის ოფიციალური წარმომადგენლის განმარტებებს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ფაქტებზე.”
კომენტარები