ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ–ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი.
– ლაშა, შოვის ტრაგედიაში კონკრეტულად რაში გამოიხატება ხელისუფლების დანაშაული თუ შეცდომა? ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სტიქიის პროგნოზირება შეუძლებელიაო და ამაში შეიძლება დაეთანხმო.
– არა, არც ეგ არის მართალი და ვერ დავეთანხმები ხელისუფლებას, რომ ყველა სახის სტიქიის პროგნოზირება შეუძლებელია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებობს დაკვირვების, ადრეული შეტყობინების სისტემები, რომლებიც დამონტაჟებულია ღვარცოფული მდინარეების სიახლოვეს და მდინარეებში წყლის დონის მატების შემთხვევაში, შესაბამის სამსახურებს აძლევენ სიგნალს და ღვარცოფის მოვარდნამდე ხდება მყისიერი რეაგირება, მოსახლეობის ევაკუციისა და სხვა საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით. ეს სისტემები არ იყო დაყენებული იმ მდინარეებთან, რომლებიც ადიდდა და ღვარცოფი გამოიწვია. რა თქმა უნდა, აბსოლუტური სიზუსტით არ ხდება პროგნოზირება, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი შანსია საფრთხის ასარიდებლად. არათუ ევროპული სტანდარტების დაკვირვების სისტემები არ გვაქვს, არც საბჭოური გაგვაჩნია. 40 წლის წინ, საბჭოთა საქართველოში უფრო მეტი დაკვირვების პუნქტი იყო და უფრო ეფექტურად მუშაობდნენ, ვიდრე დღევანდელ საქართველოში. ევროკავშირთან ხომ ახლოსაც რომ არ ვართ და საბჭოური სტანდარტებიც სანატრელი გაგვიხდა. კი, მაშინ დიქტატორული რეჟიმი იყო, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე არ იყო ასე გაუფასურებული. ასევე, სამეცნიერო–კვლევითი ორგანიზაციები ახდენენ ამ ტიპის სტიქიის მიახლოებით პროგნოზირებას და ჩვენ არც ამ პროფილის ინსტიტუტები გაგვაჩნია. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, წინა ხელისუფლების დროს დახურეს სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტებიო. კი, იმათ დახურეს და ეს დანაშაული იყო, მაგრამ 11 წელია ხელისუფლებაში ხარ და ერთი მინც რატომ არ აღადგინე? არ აინტერესებთ ადამიანების ბედი და იმიტომ არ აღადგინეს, ეს არის სიმართლე.
მთავრობის დანაშაული მდგომარეობს იმაში, რომ მთავარ ფუნქციას, რაც აქვს, ფეხებზე იკიდებს და არ ზრუნავს ადამიანების მთავარი უფლების, სიცოცხლი დაცვაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მრავალი ტრაგედია დაგვტყდა თავს, ეს ქვეყანა მთაგორიანია, სეისმურად, გეოლოგიურად, ჰიდროლოგიურად აქტიურია და თან, ქვეყნის ეკონომიკის მთავარი დარგი ტურიზმია. ხაზს ვუსვამ, არც ერთი სამაშველო ვერტმფრენი არ გააჩნიათ. სავარაუდოდ, არ გააჩნიათ არც სპეციალიზირებული „დრონები“. დაიბრალეს „დრონები“ გვაქვსო, მაგრამ ფაქტია, ტრაგედიის პირველ დღეს არ გამოუყენიათ, მოხალისეები ჩავიდნენ და ისინი მუშაობდნენ, „დრონებით“, დაზვერვით სამუშაოებს ატარებდნენ და სტიქიის ზონაში დაკარგულ ხალხს ეძებდნენ. გარდა ამისა, არც მეზობელ ქვეყნებს სთხოვეს დახმარება, როდესაც ეს ყველაზე აქტუალური იყო – პირველ ღამიეს. იმ ღამემ, სავარაუდოდ, დამატებით კიდევ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ის ღამე გადამწყვეტი იყო ბევრისთვის. ასევე, 3-ში, დღისით შეიძლებოდა ხალხის გადარჩენა, არც ეს გააკეთეს და ვერც გააკეთებდნენ სამაშველო ვერტმფრენის უქონლობის გამო. არც სახანძრო, არც სამედიცინო ვერტმფრენები არ ჰყავთ. მე–11 წელია და ამას ვერ მოაბეს თავი. არც წინა ხელისუფლებას გააჩნდა სამაშველო ვეტმფრენები, მაგრამ გამართლება არ აქვს ამ ხელისუფლების მცდელობას, როდესაც იმით აპილირებს, რომ არც წინა ხელისუფლებას ჰყავდა ეს ვერტმფრენები. ეს ფაქტი ამ ხელისუფლებას ვერ გაამართლებს. მოკლედ, ესენი კლავენ, კორუფცია კლავს, კორუფციაა მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ ურჩევნია შეიძინოს ხელისუფლებამ ყოველწლიურად ახალი, ათეულობით მილიონის ღირებული ავტომანქანები. კორუფციის ბუდეა სამშენებლო სექტორი, სადაც უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო იღუპება ხალხი. სამშენებლო ნებართვები კი უკვე ჭალებში გაიცემა, მდინარეების კალაპოტებშიც კი.
– საბჭოთა კავშირი და ევროკავშირი ახსენეთ, ლაშა და ორივეს ხომ ჩამოვრჩებით, აფრიკის ქვეყნებს ვემსგავსებით ნელ–ნელა, სადაც სახელმწიფოს მმართველებს საერთოდ არ ადარდებთ ადამიანების სიცოცხლე, არანაირი ვალდებულება არ გააჩნიათ თავიანთი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაზე…
– თანამედროვე აფრიკაში ბევრი ქვეყანა განვითარდა და ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ უკიდურესად ჩამორჩენილი, კოლონიალური აფრიკის ქვეყნების მდგომარებაში მართლა ვართ. დაპყრობელი ქვეყნები ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლეს არაფრად აგდებდნენ, მხოლოდ რესურსებად აღიქვამდნენ ამ ქვეყნებს, ალმასის, ურანის თუ სხვა რესურსის მოპოვებას სწირავდნენ ხალხს. დაახლოებით ასე გვექცევიან ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთ თანამემამულეებს, თავად ქართველებს კი უწოდებენ თავს. მათთვის ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ აქვს, მარტო მიწას, წყალს, ტყეებს აქვს ფასი, ისიც შემოღობილსა და კერძო საკუთრებაში მყოფს თუ ბიზნესად გადაქცეულს. პასუხი არაფერზე მოეთხოვებათ, გასცემენ სამშენებლო ნებართვას თბილისში, ვაშლიჯვრის მეწყერზე, რიკოთზე, უღელტეხილზე არასწორად გაიყვანენ გზას, მერე „ატკატს“ დაიტოვებენ და პასუხისმგებელი არავინაა. ყველგან ფულს შოულობენ, რიკოთის ავტობანზე, გელათზე, ვერეს ხეობაზეც, შოვშიც შოულობენ. შოვი ჩაცემენტებულ ბაკურიანს დაამსგავსეს, ბაკურიანი თავის მხრივ გლდანს დაამსგავეს, ისიც ჩაცემენტებულია. რაც დარჩა ბაკურიანში მწვანე ადგილები, იმასაც იღობავენ და ისაკუთრებენ ღარიბაშვილი, ივანიშვილი და სხვები. რაჭის ტყეები ლევან ხიდაშელს მიჰყიდეს. მოპოვებული ნადავლივით ეპყრობიან საკუთარ ქვეყანას, ტორტივით ინაწილებენ, ჭრიან და მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, მათ გაუმაძღრობას რამდენი ადამიანი შეეწირება, რამდენი ოჯახი დარჩება უსახლკროდ და ეკომიგრანტად იქცევა, რამდენი ეკლესია–მონასტერი, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი დაინგრევა თუ გავერანდება. მთავარია, რაც შეიძლება ბევრი და სწრაფი ფული იშოვნონ. ეს არის სამარცხვინო ვითარება. 2015 წლის ვერეს ტრაგედიიდან მოყოლებული, სამაშველო სამსახურს არ ჰყავს სამაშველო ვერტმფრენი და ორ ვერტმფრენს, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, საზღვრის დაცვის სამსახურს ეკუთვნის, ღამის ხედვის სისტემები არ ჰქონდათ და ღამით ამიტომ ვერ განახორციელეს სამაშველო სამუშაოები. 21–ე საუკუნეში რაზე ვლაპარაკობთ, მართლა სირცხვილია. თურმე, ასეთი ვერტმფრები რომც გვყოლოდა, პილოტები არ გვყავს, რომელთაც მათი მართვის ლიცენზია ექნებათ. ისე, გვყავს თუ არა ამგვარი ვერტმფრენები, ესეც საკითხავი და ძიების საგანია. თავდაცვის სამინისტროს ჰყავდა ღამის ხედვის სისტემებით აღჭურვილი „იროკეზები“ და თითქოს მფრინავებიც იყვნენ მომზადებულნი, ეს წამიკითხავს. ან მფრინავები სად გაუშვეს, ან ვერტმფრენები სად არის, ეს გამოსაძიებელია. ფაქტია, რომ სამაშველო სამსახურისთვის ავიაცია არ არსებობს, თავდაცვაში რა ხდება, გასარკვევია. თუ ჰყავთ და არ გამოიყენეს ეს ცალკე და უმძიმესი დანაშაულია. რა ვიცი, ნათქვამია, ბრძენი სხვის შეცდომებზე სწავლობს, სულელი – საკუთარზეც ვერაო. ამათ საკუთარ რამდენიმე შეცდომაზეც ვერ ისწავლეს ვერაფერი. რამდენი ხანძარი, სტიქიური უბედურება მოხდა და არაფერი იცვლებ. ესენი ვერ და არ ისწავლიან, რადგან ჭკუის სწავლება რომ უნდოდეთ, ვერეს ტრაგედიის მერე ისწავლიდნენ და იყიდნენ ვერტმფრენებს. 2015 წელს მოხდა ის უბედურება, 8 წელი გავიდა, მაგრამ ისევ იმ დღეში ვართ და ეს ამ ხელისუფლების ლიდერების დანაშაულებრივი უმოქმედობის ბრალია.
– მეზობელ სახელმწიფოებს რატომ არ სთხოვა დახმარება ჩვენმა ხელისუფლებამ?
– ორი ვერსიაა. ერთი, რომ ამგვარ, მასშტაბურ სტიქიურ შემთხვევებზე რეაგირების გეგმა არ გააჩნიათ და მეორე, რომ მათ არ უნდოდათ საკუთარი დანაშაულისა და უსუსურობის უფრო მკაფიოდ წარმოჩენა, რასაც დახმარების თხოვნა უფრო ცხადს გახდიდა. ღარიბაშვილმა და სხვებმა თქვეს, საერთოდ არ გვჭირდებოდა დამატებითი ვერტმფრენებიო. დახმარება რომ ეთხოვათ, გამოჩნდებიდა, რომ არ გვყავს სამაშველო ვერტმფრენები. რამდენი ადამიანი დაიღუპა მყისიერად და რამდენი დახმარების ლოდინში, ამას გამოძიება უნდა ადგენდეს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ბევრი დაიღუპა ისეთი, დროული დახმარება, რომ ყოფილიყო, დახმარების ხელმისაწვდომობა რომ ყოფილიყო მათთვის, გადარჩებოდნენ. ერთადერთი ხელმისაწვდომი საშუალება კი ავიაცია იყო, რადგან იქ იმხელა მეწყერის მასა იყო, ფეხოსანი მაშველები და ავტომობილები ვერ გადაადგილდებოდნენ, ერთადერთი საჰაერო გზა რჩებოდა და საჰაერო გზის გამოყენება ვერ მოხერხდა ვერტმფრენების არსასაკმარისი რაოდენობის გამო, ვგულისხმობ ნატანჯ, საბჭოური პერიოდის მი-8 ტიპის ვერტმფრენებს, რომლებიც ყველანაირ ფუნქციას ასრულებენ და ამის გამო 8 ადამიანი დაიღუპა გუდაურში. ეს ჩვეულებრივი დანაშაული იყო, იმ ხალხმა, ვინც დაიღუპა, თავი გაწირეს, საფრთხეში ჩაიგდეს თავი, რადგან სხვა ტექნიკა არ მისცეს და წავიდნენ რისკზე სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. ეს ადამიანები გმირები არიან და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათაც და ფეხოსან მაშველებსაც. თუმცა, არ შეიძლება, მაშველები, ექიმები, პილოტები მუდმივად გმირულად სიკვდილის არჩევანის წინაშე დააყენონ. ელემენტარული აღჭურვილობა რომ ჰქონდეთ და თუნდაც თანამედროვე ავიაცია, არ იქნებოდა ის რისკები და ბევრი არ დაიღუპებოდა, მათ შორის, არც ის 8 ადამიანი გუდაურში. ვერტმფრენები არ გვჭირდებოდაო, ეს რამ ათქმევინა?! აბა, რანაირად უნდა გადაერჩინათ ხალხი ვერტმფრენების გარეშე?! ირაკლი ღარიბაშვილმა ყველას გადააჭარბა, ვერტმფრენები საერთოდ არ გვჭირდებოდაო, ასე უტიფრად განაცხადა. „მწუხარე სახის ქილერები“ უნდა დაარქვა ამ ხალხს. ვის აშტერებენ და ვის ატყუებენ?! სულ 2 ვერტმფრენი მუშაობდა და ისინიც დაგვიანებით ჩაფრინდნენ შოვში, რამდენიმე რეისი მოასწრეს. რატომ დაიგვიანეს, ესეც გასარკვევია, გაუმართავები იყვნენ თუ სხვა მიზეზით. ისე, რომც არ დაეგვიანებინათ, კიდევ რამდენიმე რეისს კი გააკეთებდნენ და გამოიყვანდნენ ხალხს. ეს ორივე ვერტმფრენი საბჭოური მი-8 იყო და უნდა ავღნიშნო, რომ პოლიტების მხრიდან სამაშველო ოპერაციის განხორციელება რაჭის მთებში, ურთულესი რელიეფის პირობებში, გმირობის ტოლფასი იყო. მოკლედ, შეეიძლება ითქვას, პიარს და ფულს გადააყოლეს ამ ხალხის სიცოცხლე, რადგან თავის დროზე ვერტმფრენები რომ ეყიდათ ან დახმარება ეთხოვნათ მეზობელი ქვეყნებისთვის და ღამით გაეგრძელებინათ სამაშველო სამუშაოები, ვიმეორებ, დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს გადაარჩენდნენ. მით უმეტეს, იცოდნენ, რომ ღამის ხედვის საშუალებები არ ჰქონდათ ჩვენს ვერტმფრენებს. ისიც ხომ წინასწარ იცოდნენ, რომ დაღამდებოდა და ღამით სამაშველო სამუშაოებს ვერ განახორციელებდნენ და დახმარება არ ითხოვეს. ეს არის ადამიანების მკლელობა, არაწინასწარგანზრახული, მაგრამ მკლელობა. გარდა ამისა, განსაცდელში ადამიანის მიტოვებაც სისხლის სამართლის დანაშაულია და ამასაც ჰქონდა ადგილი. ბევრია ციხეში გასაშვები, მაგრამ ესენი საკუთარ თავს ხომ არ დასჯიან?! ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს დანაშაულბები, ეს ტრაგედიაც შერჩეთ.
– ბოლო 2 წელიწდში, 250 მილიონი ლარია დახარჯული ბიუჯეტიდან სახელმწიფო უწყებების ავტომობილების შესაძენად. ამ თანხით2 თანამედროვე ვერტმფრენს მაინც ხომ იყიდდნენ?
– ძალიან სანტერესო ყაჩაღები გვყავს ხელისუფლებაში. თან ცდილობენ, ქაღალდზე მაინც გამოიყურებოდნენ ევროპასთან, ცივილიზაციასთან მიახლოებულად, რაღაც აქტები მიიღეს, რომლითაც ავტომობილების შეძენის ლიმიტი დააწესეს სახელმწიფო უწყებებისთვის, შემდეგ ამ თავიანთ მიღებულ აქტებში ვერ ეტევიან და ისევ ძველებურად ყიდულობენ ავტომობილებს, თავიანთ მიღებულ კანონებს არღვევენ. პრინციპში, ეს ხალხის მოსატყუებლად, ხალხისთვის თვალის ასახვევად გააკეთეს, ვითომ კომფორტი მოიკლეს. 80 ლიტრიან ავზებში 120 ლიტრ ბენზინს, რომ ასხამენ, ასეთი დამოკიდებულება აქვთ ავტომობილების მიმართ. ლიმიტირებულზე ორჯერ და სამჯერ მეტს ყიდულობენ და პასუხს არავინ სთხოვს. კი, ათეულობით მილიონს ხარჯავენ ყოველწლიურად ავტომობილების შეძენაში, ჯამში ასეულობით მილიონი და შესაძლოა, მეტიც არის დახარჯული. ყიდულობენ ახალ, ბოლო მოდელის ავტომობილებს, ამ დროს ქვეყანაში მასობრივი სიღატაკეა. ვერტმფრენებისთვის ვერ მოიცალეს, საკუთარ კომფორტს გადაყვნენ. ზოგს ხელისუფლებიდან საკუთარი ვერტმფრენი ჰყავს და ხალხი არ ადარდებს. მარტო ავტომობილები? საკუთარი კაბინეტების მოწყობაზე რამდენს ხარჯავენ, ხელფასს ზემოთ რამდენ თანხას იღებენ, ხან პრემია დაარქვეს და ხან სახელფასო დანამატი. სისულელეა იმაზე ლაპარაკი, რომ სახელმწიფოს ფული არ აქვს და იმიტომ ვერ იყიდა ვერტმფრენები. ხელისუფლების მომხრეები ამ აზრსაც ავითარებენ. ძალიან მარტივად არის ყველაფერი – არ მოინდომეს და არ იყიდეს. მერე, როგორც ღარიბაშვილი გვეუბნება, ქვეყნის ეკონომიკა ყვავის და თურმე ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლით, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანასაც ვუსწრებთ. თუ ასეა და რა გახდა რამდენიმე ვერტმფრენის ყიდვა? ასეთ ხელისუფლებას ნორმალურ ქვეყანაში უნდა ასამართლებდნენ, მაგრამ ჩვენთან ასეა და ვიდრე ერთპარტიულ რეჟიმს დაუშვებს ხალხი, ასე იქნება. მომავალი ხელისუფლებაც შეისისხლხორცებს ამათ დანაშაულებრივ მეთოდებს და მერე ისინი გააგრძელებენ ქვეყნის ყვლეფას და ხალხის ფეხებზე დაკიდებას, როგორც „ქართულმა ოცნებამ“ გადმოიღო წინა ხელისუფლების ბევრი მანკიერი მეთოდი. წინა ხელისუფლება ძალიან ბევრს აფუჭებდა, ბევრი დანაშაულიც ჩაიდინეს, მაგრამ კორუფციის მასშტაბით ამ ხელისუფლებამ წინასაც გადააჭარბა, შევარდნაძის ხელისუფლებსაც და ორივეს ერთად აღებულსაც.
კომენტარები