პარტია „ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს:
„მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებების პირველი ფაზა პრეზიდენტ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის მედიაციით შედეგის გარეშე დასრულდა, „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა პასუხისმგებლიანი ნაბიჯი და საჯაროდ ხელი მოაწერა ევროკავშირის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების პირობებს ადგენდა. ოპოზიციამ ევროკავშირის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.
იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა პანდემიით და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებით გამოწვეული სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას თანამოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე.
„ქართული ოცნება“ არის გადაწყვეტილების მიმღები ძალა, რომელსაც სამართლიანად აქვს დემოკრატიულ არჩევნებში მიღებული ყველაზე მაღალი მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყურადღებით ვეკიდებით, ჩვენი პარტნიორების რჩევებს და წინადადებას შეთანხმების მისაღწევად და მზად ვართ, გუნდთან დავიწყოთ განხილვა ნდობის 40-პროცენტიანი მაჩვენებლის გაზრდაზე, რომელიც კონსტიტუციით და საარჩევნო კანონმდებლობით გახლდათ იგივე ოპოზიციის მხარდაჭერით განსაზღვრული, 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების თანახმად.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირის ეგიდით წარდგენილ პირველ დოკუმენტსაც და მზადყოფნას ვაფიქსირებთ განახლებული დოკუმენტის განხილვაზეც – განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ჩვენი მხრიდან პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდება და ჩვენ არ დავეთანხმებით რაიმე შინაარსობრივ დამატებას. ჩვენი მხრიდან პირობებზე მოლაპარაკება ამით დასრულებულია და მოვუწოდებთ ოპოზიციას პასუხისმგებლიანი ნაბიჯებისკენ“ – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები