ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მაღალი ტემპერატურისა და ჰაერის ტენიანობის პირობებში კორონავირუსი სიცოცხლისუნარიანობას დიდხანს ვერ ინარჩუნებს, მზის სხივები კი მას სწრაფად ანადგურებს. ახალი მონაცემები ამყარებს მოსაზრებას, რომლის თანახმადაც ზაფხულის სიცხემ COVID-19-ის გავრცელება, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეაფერხოს.
კვლევა მერილენდის შტატში მდებარე ბიოუსაფრთხოების ანალიზისა და კონტრზომების ეროვნულ ცენტრში (NBACC) ჩატარდა. ექსპერიმენტების პირველადი შედეგები, რომლებიც დეპარტამენტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დირექტორატმა მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის გაავრცელა, Yahoo News-მა მოიპოვა. თუმცა, ოფიციალური პირები მედიისთვის კომენტარის მიცემაზე ჯერჯერობით უარს აცხადებენ და გამოუქვეყნებელი ნაშრომის საფუძველზე კონკრეტული დასკვნების გამოტანისგან თავის შეკავებას გვირჩევენ.
მეცნიერებმა ხველებისა და ცემინების დროს გამოყოფილ სითხეში არსებული ვირუსის ტესტირება ლაბორატორიაში სიმულირებულ განსხვავებულ გარემო პირობებში ჩაატარეს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დღის საათებში ღია სივრცეში კორონავირუსის გადაცემის რისკი შედარებით დაბალია. მისი ნახევარდაშლის პერიოდი უჟანგავი ფოლადის ზედაპირზე მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ, ოთახის ტემპერატურასა და ჰაერის 20-პროცენტიანი ტენიანობისას, 2-3 წუთია. 9-10 წუთში კი ვირუსის სიცოცხლისუნარიანობა 90 პროცენტით მცირდება.
რაც შეეხება დახურულ სივრცეს, აღმოჩნდა, რომ კორონავირუსი ყველაზე მდგრადი ჰაერის დაბალი ტენიანობის (20%) დროსაა. 40 პროცენტზე მეტი ჰაერის ტენიანობისას კი ის სწრაფად დაშლას იწყებს. ვირუსი ნაკლებად სტაბილურია აგრეთვე მაღალი ტემპერატურის პირობებში.
კვლევის შედეგების საფუძველზე აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა ჰაერის დაბალი ტენიანობით გამორჩეული დახურული სივრცეებისთვის, როგორებიცაა, მაგალითად, თვითმფრინავის სალონი და პილოტების კაბინა, კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად დამატებითი რეკომენდაციები გასცა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის 8 დეკემბერს გავრცელდა. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ხუბეის პროვინციაში ჯერ კიდევ 17 ნოემბერს აღინიშნა. მოცემული დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2,5 მილიონს აჭარბებს. აქედან 660 ათასი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 172 ათასს აღემატება.
popx.ge
კომენტარები