აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთმა წამყვანმა ჟურნალისტმა, ნინო ხოზრევანიძემ დატოვა. ამის შესახებ მან მაუწყებლის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს აცნობა და მიზეზებიც განუმარტა.
“ბატონო გიორგი, რომ ვფიქრობდე გაუაზრებლად აზიანებთ მაუწყებელს, თქვენთან დალაპარაკებას ვცდიდი, მაგრამ დღითიდღე ვრწმუნდები, როგორ მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ანგრევთ, ანადგურებთ მაუწყებლის იდეას. პროცესები იმდენად შეუქცევადია, რომ აზრს ვეღარ ვხედავ დავრჩე ხელფასისთვის, თქვენს ქუდქვეშ ყოფნა მიუღებელია ჩემთვის.
21 თებერვალს ვნახეთ, როგორ მოარგეთ კონკურსი ბაკალავრის დიპლომის მქონე ვახო ხუზმიაშვილს, რომლის დანიშვნაზეც წინასწარ ვიცოდით. 20 თებერვალს განვითარებული მოვლენები კი სცდება ყოველგვარ მორალურ ზღვარს. მაუწყებლის ნგრევის პროცესში, რომელიც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით დაიწყო და ნათია ზოიძის იძულებით წასვლით გაგრძელდა, იცით, რომ თქვენ ხართ რიგითი შემსრულებელი. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი დროებითია და თქვენი ქმედებებისთვის პასუხისგება მოგიწევთ”, – წერს ნინო ხოზრევანიძე განცხადებაში, რომელიც გიორგი კოხრეიძეს გაუგზავნა და სთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა.
კომენტარები