ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ქუთაისში განაცხადება გააკეთა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად რიონის ხეობის მცველებსა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა.
ნათია თურნავა:
„პრემიერ-მინისტრის დავალებით, მე და ლევან დავითაშვილი ჩართულები ვართ ინტენსიურ კომუნიკაციასა და დიალოგში. დიალოგს ყოველთვის მოაქვს თავისი შედეგი. ჩვენი ამოცანა არის, რომ გავაჩინოთ მეტი ნდობა პროექტის მიმართ და უფრო მეტი გახსნილობა. პარალელურად, ჩვენ, როდესაც ვისმენდით ძირითადად მოსახლეობისა და ექსპერტების წუხილებს, საპროტესტო აქციების მონაწილეების შეკითხვებსა და წუხილებს, ვაწარმოეთ მოლაპარაკება კომპანიასთან, ინვესტორთან, ვინც აშენებს „ნამახვანჰესს“.
მინდა, მოგახსენოთ რამდენიმე შეთანხმება, რაც შედგა მათთან და ვფიქრობ, რომ ეს ასევე იქნება საინტერესო საწყისი ჩვენს შორის შემდგომი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ „ნამახვანის“ პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტი, ჯერ კიდევ წინა საუკუნიდან მოყოლებული, უამრავი კვლევა ჩატარდა და განსაკუთრებით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენმა უწყებებმა ბევრი კვლევა ჩაატარეს დამატებით, რათა ყველა საჭოჭმანო საკითხი მოიხსნას საბოლოოდ. რაც შეეხება პროექტის უსაფრთხოებას, კვლევების თვალსაზრისით საიმედოობას, ჩვენ შევთანხმდით კომპანიასთან, რომ ისინი არ დაიწყებენ ჰესის ძირითადი ნაგებობების, კერძოდ, კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობას, ვიდრე ჩვენ არ გავაკეთებთ რამდენიმე პრინციპული, ძირითადი კვლევის ხელახალ გადამოწმებას, ვალიდაციას. იმისთვის, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ეჭვი, ამ კვლევებისთვის სახელმწიფო თავად და არა საპროექტო კომპანია, დაიქირავებს დამოუკიდებელ ექსპერტებს, მათ შორის თქვენი ნდობით აღჭურვილ ექსპერტებს, მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველ სპეციალისტებს, ქართულ ინსტიტუტებს. დარწმუნებულები ვართ, ეს ნაბიჯი საბოლოოდ წერტილს დაუსვამს საუბარს იმაზე, თუ რამდენად საფუძვლიანად მოხდა პროექტის შესწავლა.
რაც შეეხება დანარჩენ ინფრასტრუქტურას, იგივე გზის სამუშაოებს, რომელიც მერე უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფოს და სხვა კომპონენტებს, არა ისეთს, რომელიც შეეხება კაშხალს და წყალსაცავს, კომპანია ამ მშენებლობას გააგრძელებს. მთავარი, რაც იწვევს კითხვებს – კაშხალი და წყალსაცავი, არ დაიწყება, ვიდრე ამ კვლევების ხელახალ, საჯარო, ღია გადამოწმებას არ გავაკეთებთ თქვენი ჩართულობით“
კომენტარები