შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ცხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „იმედის დილაში“ ისაუბრა:
„შიშის განცდა არასდროს მქონია. კიდევ უარესი, სიფრთხილის განცდაც არ მქონია. ბავშვობასა და ახლგაზრდობაში ვკითხულობდი ძალიან ბევრ წიგნს, ე.წ. დრამატულ მედიცინაზე, რაც დაკავშირებული იყო რისკებთან, ცნობილ თუ უცნობ ვირუსებთან, ბაქტერიებთან, გამანადგურებელ ეპიდემიებთან. ეს ჩემში ყოველთვის სპორტული აზარტის მსგავს ინტერესს იწვევდა და გულუბრყვილოდ ვფიქრობდი, რომ გავიზრდებოდი, ასეთ კერებში ვიმოგზაურებდი და უშუალოდ მივიღებდი მონაწილეობას ინფექციებთან ბრძოლაში. ამიტომ ავირჩიე ძირითად მიმართულებად ყველაზე ეგზოტიკური და გარკვეულწილად საშიში ინფექციები, როგორიც არის შიდსი, ჰემორაგიული ცხელებები. ახლა, როდესაც კორონავირუსის საფრთხე გაჩნდა, არავითარი შირში. მიუხედვად იმისა, რომ ჩემი ასაკის გამო მე ვარ მაღალი რისკის ზონაში. თუ დავსნებოვდი, ძალიან დიდია რისკი, ეს კარგად არ დამთავრდეს, მაგრამ აბსოლუტურად არანაირ შიშს არ განვიცდი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კარდიოლოგიაში მუშაობდა, თუმცა მალე მასში დაძლია „ჯერ შეუსწავლელის შესწავლამ“ და მუშაობა შიდსის დაავადების შესწავლის კუთხით გააგრძელა. ცნობილი პროფესორი 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ საფრთხედ ონკოლოგიურ დაავადებებს მიიჩნევს, რადგან მკურნალობაში ჯერ სერიოზული გარღვევა ონკოლოგებს არ მოუხდენიათ.
სიუჟეტში თენგის ცერცვაძემ მიღებულ ჯილდოებზეც ისაუბრა, რომელიც მას მედიცინაში გაწეული განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა. კერძოდ, ცერცვაძეს მიღებული აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო.
„ამაზე უფრო დიდი ჯილდო სამედიცინო სფეოში არ არსებობს, თუ ნობელის პრემიას არ ჩავთვლით. ეს ჯილდო წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მსოფლიოში ერთი ცალი გაიცემა. ჩვენ ის მივიღეთ 2009 წელს შიდსის, ვირუსული ჰეპატიტებისა და სხვა გადამდები ინფექციური დაავადების დარგში განსაკუთრებული მიღწევებისა და პიონერული კვლევებისთვის. ამის მსგავსი დღემდე აღმოსავლეთ ევროპის არც ერთ სხვა სამედიცინო დაწესებულებას მიღებული არ აქვს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ასევე, მას 2009 წლის 24 ივლისს დედოფალ ვიქტორიას მედალი მიანიჭეს, მედიცინის დარგში „ადამიანური ღირებულებების დამკვიდრების კუთხით“ შეტანილი წვლილისთვის.
თენგიზ ცერცვაძემ სიუჟეტში ასევე საყვარელ კოლექციაზეც ისაუბრა. კერძოდ, მას რამდენიმე ათეული ბუს სკულპტურა აქვს. ყველაზე საინტერესო ისტორიის კი თეთრი მარმარილოს ბუა, რომელიც პროფესორს ერთ-ერთმა გავლენიანმა პაციენტმა აჩუქა.
„ეს ბუ თავის დროზე იდგა სტალინის კაბინეტში. მისი გარდაცვალების შემდეგ მან გადაინცვლა მუზეუმში. ჩემმა პაციენტმა თავისი გავლენების წყალობით ის გამოიტანა და აქ მოიტანა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
კითხვაზე, ბრძენია თუ არა ბუ, ცერცვაძემ განაცხადა: „ვერ გეტყვით, ბრძენია, თუ არა. ჩემთან არ გამოუვლენია სიბრძნე. ბუს სუვენირული და სკულპტურული ეგზემპლარების გარდა ცოცხალი ბუც მყავდა. დიდი ჯიშის ზარნაშო, რომელიც შემდეგ ბუნებაში გავუშვით“.
ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე მის საყვარელ ლიტერატურულ პერსონაჟზეც ისაუბრა. ეს არის დონკიხოტი. პროფესორს მისი არაერთი სკულპტურა აქვს. ცერცვაძე აცხადებს, რომ ეს პერსონაჟი მას გარკვეულწილად ჰგავს. კერძოდ, მათ საერთო აქვთ: რომანტიზმი, ფანტაზიორობა, ბრძოლა სიკეთისთვის, სამართლიანობისთვის და ხშირად იმედგაცრუება.
ცერცვაძის კაბინეტში ასევე საინტერესო ისტორია აქვს თოჯინას, ფიგურა, რომელიც თენგიზ ცერცვაძეს თანამშრომლებმა 70 წლის იუბილეზე აჩუქეს. „ვიფიქრე, ეს მახინჯია და ძალიან ცუდი, თუ მე ასეთი ვარ. როდესაც პირველმა წყენამ გამიარა, პირიქით ვიფიქრე – ეს ასახავს ჩემს შინაგან ბუნებას და არის ის, რაც მე ვარ“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ნამდვილი შიში კი ამერიკაში 1986 წელს რეიგანის სკულპტურასთან გადაღებულმა ფოტომ განაცდევინა, რადგან ამით მაშინდელი „კა-გე-ბე“ სერიოზულად დაინტერესდა. როგორც ირკვევა, იმ წელს ცერცვაძე ამერიკაში გამართულ მსოფლიო კონგრესში მონაწილეობდა და ფოტოც სწორედ იქ გადაიღო.
იმედინიუსი
კომენტარები