ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი
– ლაშა, სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, წინააღდეგობის პლატფორმის შექმნა გამოაცხადა, ეს ის გეგმაა, რაც ივანიშვილის ხელისუფლებას დაამარცხებს?
–მე ეგ საკითხი ნაკლებად მაინტერესებს და იმაზე ვიტყვი, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ოთხ თვეზე მეტია პროტესტი გრძელდება და ეს არის უმნიშვნელოვანესი. დიახ, მთავარი ის არის, რომ გრძელდება ბრძოლა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, რომელიმე პოლიტიკოსი, პოლიტიკური პარტია თუ საზოგადოებრივი ჯგუფი რას და როგორ გააკეთებს, ეს სხვა საკითხია. ჩვენ ვაგრძელებთ რუსთაველზე დგომას, ამ ბასტიონის დაცვას. რა თქმა უნდა, უმჯობესია, პოლიტიკურმა პარტიებმა, ვისაც ამის რესურსი გააჩნია, გააკეთონ უფრო მეტი. მათ შორის, დააორგანიზონ გაფიცვები, იმ ბიზნეს-პოლიტიკოსებმა, რომელთაც აქვთ ბიზნესთან კავშირები, ამ მხრივ იაქტიურონ. იგივე ხაზარაძეს, გილაურს ამ ფრონტზეც რომ ეაქტიურათ, მეტი გაეკეთებინათ, ძალიან კარგი იქნებოდა. მთავარი ერთია, რომ ხალხი არ ეგუება და არ აღიარებს ივანიშვილის რეჟიმს. ვისაც რა შეიძლია, იმ გზით ებრძვის რეჟიმს. მომავალში ეს ბრძოლა უფრო წარმატებული იქნება და რა თქმა უნდა, ნაკლებ მტკივნეულად და მოკლე ვადაში დასრულდება. არც ქართველი ხალხი და არც ერთი ნორმალური, ცივილიზებული სახელმწიფო და ადამიანი არ აღიარებს ამ ხელისუფლებას და არალეგიტიმურად მიიჩნევს. ეს არის პროტესტის შედეგი. ეს პროტესტი რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა უცხოეთის ზოგიერთ სახელმწიფოს თვალი დაეხუჭა კიდევ ერთი დიქტატორული სახელმწიფოს გაჩენაზე, რაც არაერთხელ მომხდარა.
– ევროპის იმედი ნამდვილად და საფუძვლიანად გვაქვს, რომ ამ ბრძოლაში ბოლომდე გვერდში დაგვიდგებიან. რას იზამს საბოლოოდ აშშ?
– მიუხედავად იმისა, რომ მე არ გახლავართ ტრამპის პოლიტიკის მომხრე, ამერიკის სენატმა, ორპარტიული მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო „საქართველოს მეგობარი აქტი“. ნამდვილად არ მეშინია იმის, რომ ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებაში ამერიკის მხრიდან რაიმე უკანდახევას ექნება ადგილი.. ბიძინა ივანიშვილი იქამდე მივიდა, ვითომდა სააკაშვილს ასამართლებს. რაღაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შექმნა და 2008 წლის ომის დაწყების საკითხის გარკვევით, გამოძიებითდაიწყო საქმიანობა ამ კომისიამ. ამ დროს, ყველამ კარგად იცის, რომ ეს ომი რუსეთმა დაიწყო. სააკაშვილის დადანაშაულება ომის დაწყებაში ეს არის არა სააკაშვილის, არამედ საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება. ეს თამამად შემიძლია ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმსაც ვებრძოდი, შევარდნაძის ხელისუფლებასაც და ორივე ჩემთვის იყო მიუღებელი. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე მომხრე იყოს იმისა, რომ საკუთარი ქვეყანა ომის დაწყებაში დაადანაშაულოს იმიტომ, რომ საკუთარი მოქალაქეების დაცვა გადაწყვიტა. როგორ შეიძლება საკუთარ ტერიტორიაზე ომი დაგვეწყო რუსეთის წინააღმდეგ? თან 12-13 წლის მერე, „გაქოცებული“„ნაცები“ ასამართლებენ სამხედროებს, სამოქალაქო პირებს და აქედან გამომდინარე, ქვეყანას. ახალა სამშობლოს ღალატის მუხლი აღადგინეს, ძალიან მძიმე მუხლია და შეიძლება ამ მუხლის გამოყენებას ეცადონ პროტესტის, რუსთაველზე მყოფი ხალხის წინააღდეგაც, მაგრამ სამშობლოს ღალატის მუხლით თუ ვინმეა გასასამართლებელი, ეს პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილია..
– თეა წულუკიანი, თავის დროზე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში ამტკიცებდა, რომ ომი რუსეთმა დაიეწყო და დღეს საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობს, ეს რა ფენომენია?
–კი, აქედანაც აშკარაა, რომ ეს არის რუსეთის დაკვეთა. სააკაშვილი რომ იყოს დარტყმის ობიექტი და არა ქვეყანა, საქართველო, ეს სულ სხვა იქნებოდა. ეს კომისია „ნაცების“ ხელისუფლების დროს ჩადენილ სხვა დანაშაულებებსაც იძიებს და ტრაგიკომიკურია, რომ „ნაცების“ 80% დღეს „ქოცები“არიან, პარლამენტშიც მრავლად არიან წარმოდგენილნი, სამართალდამცავებშიც, პროკურატურაშიც, სასამართლოშიც, მურუსიძით დაწყებული, „ხარებათი“ გაგრძელებული და ამ კომისიის წევრებით დამთავრებული. ერთხელ დავწერე, „ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“-მეთქი. ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის. ვინც ივანიშვილთან გადაბარგდა, ყველა „ნაცი“, მკვლელი იყო თუ კაციჭამია, თუ საჯარო სამსახურში იყო, დააწინაურეს, ვინც ბიზნესში იყო, იმათ უფრო მეტად შეუქმნეს კომფორტი, ვიდრე „ნაცების“ დროს ჰქონდათ და პარლამენტი, საკრებულოები გამოტენეს „ნაცებით“. კიდევ ერთი მომენტია. „ნაცების“ დროს ბევრი დანაშაული ხდებოდა და ეს ხდებოდა კონკრეტული პროკურორებისა და მოსამართლეების ხელით. ამ პროკურორებიდან და მოსამართლეებიდან არც ერთიარ არის დასჯილი და არც ამ კომისიაზე ეძახიან მათ. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის ბანაკში გადაბარგებულ პროკურორებს და მოსამართლეებს არც დაკითხავენ. ამის მერე, როგორ შეიძლება, რომელიმე საქმის ობიექტურ განხილვასა თუ გამოძიებაზე იყოს ლაპარაკი. ამას ისიც ემატება, რომ 12-13 წლის მერე ამგვარი კომისია იქმნება, როდესაც სახელმწიფოს გააჩნია მართლმსაჯულების სისტემა და თუ რომელიმე საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა სურდათ, აქამდე გამოიძიებდნენ და შოუებს არ დასდგამდნენ. ეგ არის, საკუთარ თავს ხომ არ დაჭერდნენ და არ გაასამართლებდნენ?!
-ოთხ თვეზე მეტია პროტესტია და ხალხი სახლებში არ შედის. ბრძოლა გაძლებაზეა, ხალხი დაიღლება თუ ე.წ. ხელისუფლება? რა აკლია პროტესტს, რომ უფრო ქმედითი გახდეს და საფუძვლიანად შეაჯანღაროს „ქართული ოცნება“? კი, რამდენჯერმე კი შეაჯანჯღარა, მაგრამ ისე ვერა, რომ შამოეშალა სახელმწიფო სტრუქტურები.
–ყოველ შემთხვევაში, არალეგიტიმური ხელისუფლების არ აღიარება მიღწეულია. რა თქმა უნდა, მეტია გასაკეთებელი. საჭიროა, მეტი ადამიანისგან, მეტი ორგანიზაციისგან მეტი მონდომება. მეტი ადამიანი უნდა იყოს რუსთაველზეც და სხვა ქალაქებშიც. ვისაც ამის რესურსი გააჩნია, გაფიცვებისთვისაც უნდა იყოს ხელშეწყობა. უნდა გაფართოვდეს პროტესტის მასშტაბი და გეოგრაფია. ამ ხელისუფლებისდასრულებას ძალიან დაეხმარება საერთაშორისო სანქციები, რომლებიც რაც შეიძლება დროულად უნდა განხორციელდეს.
-ადგილობრივი არჩევნების საკითხი შემოაგდო „ქართულმა ოცნებამ“. ლეიბორისტულ პარტიას ამ საკითზე რა აზრი აქვს?
-ეს არის ყოვლად მიუღებელი.ჩვენ ძირითადი მიღწევა, რაც გაგვაჩნია, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის არ აღიარება და არალეგიტიმურ მდგომარეობაში დატოვება, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ დანიშნულ არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილეობა არის მათი აღიარების ტოლფასი. ეს არის ყველაფრის წყალში ჩაყრა. ამაზე ფიქრიც კი დაუშვებელია. გარდა ამისა, ისევ ამ წესებით, ამ საარჩევნო ადმინისტრაციით, კალანდარიშვილისა და ბიძინას სხვა მონების ხელით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობას აზრი აქვს, ეს წინასწარ წაგებულ თამაშში შესვლაა. ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევის გარეშე, ყოვლად დაუშვებელია თვითმმართველობის არჩევნებზე ლაპარაკიც კი. ჯერ უნდა ჩავატაროთ საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლეთის პირდაპირი მონაწილეობით და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი სხვა არჩევნებზე ფიქრი. მანამდე ამაზე ლაპარაკი საკუთარ პრინციპებისა და ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და „ოცნების“ საქმის გაკეთება.
კომენტარები