ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მერის რწმუნებულის, რობიზონ სელიმაშვილის განცხადებით, გუშინ სოფელში მომხდარი ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე რამდენიმე ნასვამი ახალგაზრდა მივიდა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ დაავადების შესახებ ცნობების არ სჯერათ.
„საღამოს 7 საათზე მივედით ერთ-ერთი მოქალაქის ოჯახში, რომელსაც ცოლსა და შვილიშვილთან ერთად კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ვაჟი აცხადებდა, რომ დაავადების შესახებ ცნობების არ სჯერა, თუმცა შემდეგ ექიმებმა მას ანალიზების პასუხები აჩვენა. ამის შემდეგ ადგილზე რამდენიმე ნასვამი ახალგაზრდა მოვიდა, დაიწყეს ექიმებთან ჩხუბი, ყვირილი, გვაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. დაახლოებით 10 წუთში ადგილზე კიდევ 20 კაცი მოვიდა და გვითხრეს, რომ წავსულიყავით სოფლიდან“, – განაცხადა რობიზონ სელიმაშვილმა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით არის აღძრული, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ამ წუთებში მარნეულის მერიაში შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზეც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე პაატა იმნაძე, ცენტრის წარმომადგენელი ხათუნა ზახაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები რეგიონში ეპიდაფეთქების შეკავების მეთოდებზე მსჯელობენ.
1-ელ მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კორონავირუსით ინფიცირებულებმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვეს და ექიმებს დაუპირისპირდნენ.
კომენტარები