ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.
– ბატონო გიორგი, ე.წ. ხელისუფლება პროტესტანტი ხალხის ციხეში გაშვებას, დაჯარიმებას არ ეშვება. ახალი რეპრესიები დაიწყეს, კანონები გაამკაცრეს, ყველანაირად ცდილობენ პროტესტის შეზღუდვას, ჩახშობას ხალხის დაშინების ხარჯზე, ხალხს დიდი ხანია აქციებზე კი არა, მეტროებში და საკუთარ სადარბაზოებში იჭერენ. ხალხს კი ამის არ ეშინია, მე–3 თვეა ქუჩაში არიან და ამ რეპრესიების მიუხედავად, შინ არ შედიან. ამით რას ცდილობს და რა უნდა ამ დე ფაქტო ხელისუფლებას?
– ეს არის საბოლოო მცდელობა, ე.წ. ხელისუფლებამ დიქტატურა გააფორმოს ქვეყანაში და საამისოდ ყველაფერზე მიდის. ეს არის ოლიგარქის გათვლა. ტაქტიკური თვალსაზრისით, ის მიზნად ისახავს, სახალხო პროტესტის ჩახშობას, ჩაკვლას, რომელიც მესამე თვეა ქვეყანაში მიმდინარეობს, სწორედ ივანიშვილის ბანდის წინააღმდეგ. რეალურად რომ შევაფასოთ, ჩვენს ქვეყანას დიქტატორული სახელმწიფოს ყველა ნიშანი გამოცლილი აქვს და ჩამოყალიბდა კრიმინალურ სინდიკატად. ამ კრიმინალური სინდიკატის პრინციპებით მოქმედებს ეს წარმონაქმნი. საქართველოს, სახელმწიფოს ნიშნები, პრაქტიკულად, აღარ გააჩნია. უკვე აღარ არსებობს სასამართლო, სამართალდამცავი სისტემა, საკანონმდებლო სისტემა. ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში არის ქაოსი, განუკითხაობა და თუ ამათ მოსვლამდე კრიმინალი მაინც იყო ალაგმული, ესეც დასრულდა, კრიმინალები ქუჩაში გამოვიდნენ, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს უსაფრდებიან, სცემენ. კრიმინალი ღიად გახდა ხელისუფლების მხარდამჭერი, პარტნიორი და დასაყრდენი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში.
– ჩვენში არის ხალხი, რომელთაც დიქტატურა მოსწონთ და არც მალავენ. თუმცა, ის იმ ხალხს დიქტატურა სამოქალაქო წესრიგისა და კრიმინალის დაბალი დონის, შიდა უსაფრთხოების გამო მოსწონს. ჩვენთან ესეც აღარ არის, კვირა არ გავა, სადმე ვინმე არ ჩაცხრილონ, არ გაიტაცონ და ან არ მოკლან.
– კი, ასეა, დიქტატორულ სახელმწიფოებში ამ მხრივ წესრიგია და ამას პოლიცია და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურები უზრუნველყოფენ. ჩვენთან პოლიცია აღარ არსებობს, ის გახდა ბიძინა ივანიშვილის ნების უსიტყვოდ აღმრულებელი, მისი უკანონო დავალებების შემსრულებელი, ხალხის ცემისა და უკანონოდ დაჭერების მეტს, ხომ ხედავთ, არაფერს აკეთებენ. ჰაიტის დიქტატორი იყო ფრანსუა დიუვალიე, რომელმაც შექმნა სადამსჯელო მოხალისეთა არმია „ტონტონ მაკუტი“. მისი წარმომადგენლები დიუვალიეს ყველა მოწინააღმდეგეს არბევდნენ, სცემდნენ, ძალადობრივად უსწორდებოდნენ. ჩვენი პოლიცია ისე იქცევა, როგორც „ტონტონ მაკუტი“, პოლიციელების აღარაფერი სცხიათ. რესპრესიები არის სისტემური, ივანიშვილის მოწინააღმდეგეებს შეთანხმებულად უსწორდებიან პოლიცია, სასამართლო, პროკურატურა და სუს–ი. მართლმსაჯულების სისტემა მთლიანად ჯიბეში ჩაიდო ივანიშვილმა. მთელ სისტემას ერთი კაცისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე ზრუნვა აქვს დავალებული და საამისოდ ყველაფერზე მიდიან. საბოლოო ჯამში, ივანიშვილი დიქტატურას ვერ დაამყარებს ქვეყანაში. ქართველი ხალხი, საკუთარი ბუნებიდან, ისტორიიდან გამომდინარე, თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხია. უდიდესი იმპერიები გვიპყრობდნენ, ჩვენს გადაჯიშებასა და გადაგვარებას ცდილობდნენ, მაგრამ შემოგველეწნენ ეს იმპერიები. საბოლოოდ, მუდამ გამარჯვებულები გამოვდიოდით. მართლა სისხლით არის დაწერილი საქართველოს ისტორია, რომელიც ქართველი ხალხის ბრძოლაა თავისუფლებისთვის და ივანიშვილსა და მისი გარემოცვის წევრებს ისტორიის წიგნები რომ გადაეშალათ, მათთვის კარგი იქნებოდა. ბიძინა ივანიშვილმა რაც არ უნდა მოიმოქმედოს, არაფერი გამოუვა. საბჭოეთის, ტოტალიტარიზმის დროს, ერთი დღეც არ ყოფილა ისეთი, რომ ქართველ ხალხს შეეწყვიტა თავისუფლებისთვის ბრძოლა და ეს მაშინაც ხდებოდა, როდესაც იმ ქვეყანას უდიდესი ტირანი, სტალინი მართავდა. ახლა ამ ქეციანებს ამ ქვეყანას არავინ დაუთმობს, ვერ გაიტანენ თავისას, ვერ გატეხენ ხალხს და ამ ბრძოლას ხალხი მოიგებს.
– ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას ძალიან ეშინიათ სანქციების, მაგრამ ამ ბოლო დროს, მათი დასანქცირების პროცესი თითქოს შენელდა, რასაც ამერიკის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბუნდოვან საგარეო პოლიტიკას უკავშირებენ, რაც ევროპის პოლიტიკაზეც მკაფიოდ აისახა. ეს კი „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, არა?
– ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი ახლახან იყო ამერიკაში და ძალიან გავლენიან პოლიტიკოსებს შეხვდა და ცხადია, ორივე პარტიის კონგრესმენებს, სენატორებს. მისი ვიზიტიდან გამომდინარე გეტყვით, ბიძინა ივანიშვილის, მისი ბანდის წევრების დასანქცირების აუცილებლობის სურვილი ამერიკის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ისევ ძალაშია. ახლა მიმდინარეობს ტრამპის ადმინისტრაციის, სხვა და სხვა სახელწიფო უწყების ფორმირებისა და ხელმძღვანელ პირთა დაკომპლექტების პროცესი, მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტისაც. ეს პროცესი დასრულდება თუ არა, ამერიკიდან სანქციების ტალღა წამოვა. პირადად ივანიშვილსაც დაასანქცირებენ, მისი ოჯახის წევრებსაც და მისი კრიმინალური სინდიკატის წარმომადგენლებსაც. მათგან ბევრს ოჯახის წევრებსაც დაუსანქცირებენ. ეს სანქციები დაუწესდებათ იმ ბიზნესმენებს, რომლებიც ფინანსურად ასულდგმულებენ რეჟიმს. რაც შეეხება ევროკავშირს, მისი გადაწყვეტილებები დაფუძნებულია კონსესუსზე, შეთანხმებაზე. ყველა წევრ ქვეყანას ვეტოს უფლება აქვს და ამ ეტაპზე ამ უფლებას იყენებენ უნგრეთი და სლოვაკეთი. შესაბამისად, ევროკავშირის სანქციებს ჯერ ვერ უწესებს ივანიშვილს და მის კრიმინალებს. თუმცა, ევროკავშირში ახლა მზადდება სანქციების პაკეტი, რომელიც ამათ უნდა დაუწესონ. თუ ისევ ვეტოს გამოიყენებს რომელიმე სახელმწიფო, მაშინ ცალკეული ქვეყნები დაასანქცირებენ ივანიშვილსა და რეჟიმის დასაყრდენ პირებს. ანალოგიური შემთხვევები უკვე იყო, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და გერმანიამ ინდივიდუალურად დაასანქცირეს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები. კი, ივანიშვილს მართლა ეშინია სანქციების. როდესაც ინგლისის პარლამენტში ითქვა, რომ მისი დასანქცირება აუცილებელი იყო და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს დეპუტატებმა, ივანიშვილმა დიდი ბრიტანეთის გავლენის ქვეშ მყოფი ყველა ქვეყნის ოფშორული ზონიდან საქართველოში გადმოიტანა ქონება და ფული, აქ დაარეგისტრირა მთელი ქონება. შარშან „ოფშორების კანონი“ ხომ მიიღო და საქართველოც ოფშორულ ზონად აქცია. ეს იმიტომ გააკეთა, რომ ეს ქონება და ფული აქ გადაემალა და მათ სანქციები ვერ შეხებოდათ. თუმცა, ეს ვერ უშველის. ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის სანქციებმა უკვე შავ დღეში ჩააგდო. ხომ ხედავთ, მისმა შვილმა უტა ივანიშვილმა ტოკიოში ბინა ნაღდი ფულით იყიდა, ხოლო იაპონიაში საქართველოს ელჩი ფულით სავსე კეისს დაათრევს, რომ იმავე უტას ნაღდი ფული მიაწოდოს, იაპონიაში საცხოვრებლად. გადარიცხვებს ვეღარ ანხორციელებს ივანიშვილი. კაცს 7.5 მილირდი დოლარი აქვს და შვილს ერთ დოლარს ვეღარ ურიცხავს იაპონიაში. ცოტა ხანში, ივანიშვილიც, მისი კრიმინალებიც იცით, რა დღეში ჩავარდებიან? ფული ექნებათ და ვერ დახარჯავენ, ერთ ცენტს ვერსად გადარიცხავენ. ნაღდი ფულით კი უამრავ რაიმეს ვერ შეიძენენ, არის მომსახურების და სხვა სახის სერვისები, უძრავ–მოძრავი ქონების კომპანიები, რომლებიც ნაღდ ფულს ხელს არ ჰკიდებენ. ბიზნესს ვეღარ აწარმოებენ მსოფლიოს ვერც ერთ ნორმალურ ქვეყანაში, რადგან დღეს ყველა სახის ბიზნესი საბანკო გადარიცხვებზე დგას. ამას ივანიშვილისა და იმ ქართველი ბიზნესმენების შელახული რეპუტაცია დაამატეთ, რომელთაც დაასანქცირებენ. მათთან საქმეს აღარავინ დაიჭერს, არც ერთი ლეგალური ბიზნესმენი აღარ გახდება მათი პარტნიორი, არც უცხოელი და არც აქაური. რეპუტაციიის გარდა, თუ დასანქცირებულ ბიზნესმენებთან ვინმემ პარტნიორული ურთიერთობა დაიჭირა, მათაც დაასანქცირებენ ცოტა ხანში, რუსეთში თუ იყიდიან იარაღს და აფრიკის ქვეყნებში გაჰყიდიან, ან ნარკობიზნესს თუ მოჰკიდებენ ხელს, თორემ სხვა პერსპექტივა მათ არ გააჩნიათ. ამერიკა, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები იმიტომ გვიდგანან გვერდით, რომ ხალხის ამ აქტიურობას ხედავენ. ეს აქტიურობა უნდა დაგვეწყო ადრე, როდესაც შალვა ნათელაშვილმა პირველმა თქვა, რომ ივანიშვილის მოცილების გზა იყო შიგნით აქციები და გარეთ სანქციები. ჯერჯერობით, სწორედ ეს მეთოდი ამართლებს. თუმცა, შალვას, „ლეიბორისტულ პარტიას“ არ დაგვიჯერეს ოპოზიციურმა პარტიებმა და წინა არჩევნების მერე, ბრძოლის დაწყების ნაცვლად, შევიდნენ პარლამენტში და გაყალბებული არჩევნები „გაუპრავეს“ „ოცნებას“. ეს ბრძოლა მაშინ, 2020 წელს რომ დაგვეწყო, დღეს ივანიშვილი გაქცეული იქნებოდა საქართველოდან, ხელისუფლება შეცვლილი, რადგან რეჟიმი არ იყო მაშინ ასეთი მომძლავრებული და კონსოლიდირებული.
– როდესაც სანქციები დაუწესდებათ ივანიშვილის გარემოცვის წევრებს, საპარლამენტო და აღმასრულებელი“ ხელისუფლების“ ლიდერებს, რომლებიც დღეს მისი ლეკვები არიან, სანქციების მერე ცხოვრება რომ ძალიან გაურთულდებათ, მგლებად ხომ არ გადაიქცევიან და თავადვე ხომ არ შეჭამენ საკუთარ ლიდერს?
– დიქტატურას აქვს დიდი მუცელი, ფაშვი აქვს და დიდი რესურსი სჭირდება შესანახად. ჩვენ ვართ არამწარმოებელი, საბანკო ეკონომიკის ქვეყანა. ასეთი ქვეყნები მოწყვლადნი არიან სანქციების მიმართ. დასანქცირებული ივანიშვილი, მისი ბიზნესმენები ვეღარ დააფინანსებენ ივანიშვილის კრიმინალებს და ფულის გარეშე, ხელს არ გაანძრევენ ბიძინასთვის. ქეშ ფულს მისცემენ თუ არა? განა რამდენი უნდა მისცენ? თავიდან შეიძლება მისცენ, მერე ვეღარ მისცემენ, რადგან ბიზნესი გაჩერებული ექნებათ და სახლ–კარს ნამდვილად არ გაყიდიან ბიძინას ქონების გადასარჩენად. პოლიტიკური გარემოცვაც გამოეცლება ხელიდან, რადგან ამ ხალხმა, მართლა ცალ–ცალი კალოშით მოსულებმა ხელისუფლებაში, მოკლე დროში დიდი ფული იშოვნეს. მათაც და მათ ოჯახის წევრებსაც დაასანქცირებენ და მათ შორის ევროპაში, ამერიკაში, კანადაში და სხვა ქვეყნებში აუკრძალავენ შესვლას, სავიზო სანქციებს დაუწესებენ. ამათ ეს ფული იმიტომ უხარიათ, ევროპა–ამერიკაში წავიდნენ, დაისვენონ, იშოპინგონ, შვილები სასწავლებლად გაგზავნონ, ათას სიამოვნებაში დახარჯონ ფული, ცოლები ევროპის ქვეყნებში ამშობიარონ, ჯვარი სწერიათ და, ავად თუ გახდებიან, ევროპაში იმკურნალონ და არის კიდევ უამრავი სხვა რამ, რის გამოც ევროპა და ამერიკა უხარიათ. ამ ყველაფერს ვეღარ გააკეთებენ, საქართველოდან ვერსად წავლენ ცივილიზებულ ქვეყნებში, შვილებს ვეღარ გაუშვებენ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში სასწავლებლად და ბუნებრივია, ეს იქნება უზარმაზრი დისკომფორტი მათთვის და ეს დიდ უკმაყოფილებას გამოეწვევს ივანიშვილის იმ გარემოცვაში, რომელიც ჯერ კიდევ ერთგულია მისი. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. მაგ ვარიანტს არ გამოვრიცხავ, რომ მას გარემოცვიდან მნიშვნელოვანი ფიგურები განუდგნენ, რათა მათ თუ არა, მათმა შვილებმა მაინც სამუდამოდ არ დაკარგონ ის ცხოვრება, რაც ჰქონდათ დასავლეთის წყალობით. თან არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ხალხის უმეტესობას ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი და ეს თავის გადარჩენის მიზნითაც გააკეთონ. ყველა დიქტატორის ბოლო თითქმის ერთია – ან ხალხი იშორებს და ან საკუთარი გარემოცვა. გამონაკლისი არც ბიძინა ივანიშვილი იქნება.
კომენტარები