ნანა სულავა
„ალიას“ ესაუბრება „ერი და სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ზვიად ტომარაძე.
– როგორც ვიცი, სასურსათო უსაფრთხოების საკითხებზეც გაქვთ ინიციატივები?
– დიახ! საქართველოში გადასაჭრელი პრობლემებიდან უმთავრესს “სასურსათო უსაფრთხოების” უზრუნველყოფა წარმოადგენს. „სასურსათო უსაფრთხოება“ ეს არის სახელმწიფოს მიერ საკუთარი მოსახლეობის სტაბილური უზრუნველყოფა საკმარისი რაოდენობის, სრულფასოვანი, უვნებელი და ხელმისაწვდომი სურსათით, ადგილობრივი რესურსების წარმოების ხარჯზე. აუცილებლად გასათვალისწინებელია ომები, სხვადასხვა ბუნებრივი კატაკლიზმები და დედამიწის მოსახლეობის მატება, რომლებიც ადეკვატურ ზეგავლენას ახდენენ სურსათის რისკების მოთხოვნილების ზრდაზე. უნდა აღინიშნოს, რომ უახლოეს პერიოდში გარდაუვალი სასურსათო კრიზისის თავიდან აცილების, ან შედარებით მარტივად გადატანის მიზნით, დღეს თითქმის ყველა ქვეყანა მაქსიმალურად ცდილობს შეძლებისდაგვარად გაზარდოს სასურსათო პროდუქციის ადგილობრივი წარმოება, რათა მოახერხოს სურსათით თვითუზრუნველყოფა. 19 სექტემბერს პარლამენტში წარვადგინეთ აკადემიკოს მიხეილ ჯიბუტის მიერ დაწერილი კანონპროექტი „სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ“. ფაბრიკა-ქარხნებს რომ თავი დავანებოთ, იცით 30 წლის წინ, მხოლოდ სოფლის მეურნეობაში საქართველო რა თანხის პროდუქტს აწარმოებდა? 65 მილიარდი (აშშ დოლარი)!!! იცით, ახლა რამდენია საქართველოს მთლიანი ბიუჯეტი? 20 მილიარდი ლარი, ანუ სულ რაღაც 7 მილიარდი დოლარი. საქართველო უნდა გახდეს თვითკმარი ქვეყანა. მაგალითისთვის, სომხეთი, რომელსაც საქართველოსთან შედარებით არც იმდენი მდინარე აქვს და არც ზღვა აქვს, აწარმოებს 35 000 ტონა თევზს, საქართველო მხოლოდ 2 500 ტონას, ანუ 14-ჯერ ნაკლებს!!!
– სასურსათო უსაფრთხოებაზე საუბრები ამ ბოლო წლებში აქაც დაიწყო…
– დიახ! ე. წ. პანდემია როდესაც დაიწყო და საზღვრების ჩაკეტვა მოხდა, მიხვდნენ, რომ სასურსათო უსაფრთხოება თურმე აუცილებელი ყოფილა და მაშინ ალაპარაკდნენ. გამოვიდა მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და პირობა დადო, რომ ან კანონს მიიღებდნენ ან პროგრამას, მაგრამ ისე წავიდა პოსტიდან, არაფერი გაუკეთებია. შემდეგ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ განაახლეს, თუმცა კვლავ არაფერი გაუკეთებიათ. არადა საქართველოს აქვს შესაბამისი ბიოკლიმატური პირობები, აგრარული პოტენციალი და სხვა კომპონენტები, რომლებიც აუცილებელია მოსახლეობის სასურსათო უზრუნველყოფისთვის. სწორი აგრარული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია ადგილობრივი წარმოების პროდუქციით, როგორც საკუთარი მოსახლეობის გამოკვება, ასევე პროდუქციის ექსპორტზე გატანაც. ჰოლანდიას, რომელიც ტერიტორიით ჩვენზე ბევრად ნაკლებია და სულ რაღაც 41 543 კვადრატული კილომეტრია, 100 მილიარდი ევროს ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქცია გააქვს ექსპორტზე! ისრაელს, რომლის ტერიტორიაც სულ რაღაც 20 770 კვადრატული კილომეტრია და რომლის ტერიტორიის ნახევარი უდაბნოა, წყლის რესურსებიც მცირე აქვს (წვიმა მხოლოდ ზამთარში მოდის) და სოფლის მეურნეობისთვის გამოსადეგი მიწა დაახლოებით 20% შეადგენს, 95%–ით თვითკმარი სახელმწიფოა! გარდა ამისა, ექსპორტზე მთლიანი ექსპორტის 3,6% სოფლის მეურნეობის პროდუქტზე მოდის.
– დაახლოებით რა თანხები გადის ქვეყნიდან პროდუქტების შესაძენად?
– ყოველწლიურად მილიარდ დოლარზე მეტი, კონკრეტული ციფრებიც შემიძლია მოგიყვანოთ: 2021 წლის მონაცემებით შევიძინეთ: 93.5 მილიონი აშშ დოლარის ხორბალი; 11.9 მილიონის პურის ფქვილი; 53.5 მილიონის მცენარეული ზეთი; 60.3 მილიონის შაქარი; 51.8 მილიონის ხორცი (ფრინველის გარდა); 63.9 მილიონის ფრინველის ხორცი; 38.4 მილიონის თევზი (დაკონსერვებულის ჩათვლით); 16.3 მილიონის შეუსქელებელი რძე, კეფირი, იოგურტი; 21.2 მილიონის შესქელებული რძე, რძის ფხვნილი; 26.3 მილიონის კარაქი; 36.4 მილიონის მარგარინი; 35.7 მილიონის ბოსტნეული; 2.6 მილიონის კარტოფილი; 66.4 მილიონის ხილი. მხოლოდ ეს ყველაფერი რომ დავაჯამოთ 580 მილიონი დოლარი გამოდის, მაგრამ ეს პროდუქტების სრული სია არაა… ასევე ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც, სასურსათო უსაფრთხოება, მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის ადგილობრივი პროდუქციით უზრუნველყოფა არ არის და მისი მთავარი კომპონენტებია ხელმისაწვდომობა, უვნებლობა და სრულფასოვანი, დაბალანსებული სურსათით უზრუნველოფა.
– ამ სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანეს საკითხს სოფლის მეურნეობის სამინისტრო რატომ აიგნორებს?
– საქართველოდან ხალხის გადინება სპეციალურად ხდება, რადგან ხელისუფლება არ არის დაინტერესებული, რომ ქვეყანა იყოს მწარმოებელი სახელმწიფო! წახალისებულია სასტუმროებისა და ბინების მშენებლობა, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიყოთ არა მწარმოებელი, არამედ მომსახურე ერი! ფაბრიკა-ქარხნებს ვინ ჩივის, სურსათის წარმოებაც არ ხდება. სოფლის მეურნეობას განაგებს მინისტრის მოადგილე, მავნებელი გელა ხანიშვილი, რომელმაც შარშან იმ პირობებში, როდესაც კახეთში გლეხებს საზამთრო დაულპათ და გადაყარეს, საქართველოში თურქეთიდან 808 ათასი დოლარის (9 891 ტონა); ირანიდან 34 ათასი დოლარის (250 ტონა); აზერბაიჯანიდან 19 ათასი დოლარის (190 ტონა); ნიდერლანდებიდან 10 ათასი დოლარის (9.5 ტონა) საზამთრო შემოატანინა. გაინტერესებთ ამ ყველაფერზე რა განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილმა? „საქართველო თავისუფალი საბაზრო პრინციპების ქვეყანაა, სხვა შემთხვევაში ჩვენ სრული კრახი გველის. ხელოვნური ჩარევა იმაზე, რომ შევზღუდოთ საქართველოში საზამთროს იმპორტი, ყოველთვის არასწორიაო”. ასევე შარშან რძის ფერმები: “შირაქი”, “შტორი” და “მწვანე რანჩო” დაიხურა!!! რისი ძირითადი მიზეზიც, სხვა მიზეზებთან ერთად, ირანიდან რძის ფხვნილის შემოტანა იყო. ფერმების მეპატრონეების განცხადებით ძალიან ბევრჯერ მიმართეს სამინისტროს პრობლემების შესახებ, თუმცა დახმარებაზე უარი უთხრეს! ამ საკითხზე გამობრძანდა გელა ხანიშვილი და განაცხადა: „შეიძლება, 3 ფერმა დაიხუროს, მაგრამ შარშან 5 ფერმა გაიხსნაო“. როგორც ხედავთ, საერთოდ არ აინტერესებს გელა ხანიშვილს საქართველოს ექნება თუ არა სასურსათო უსაფრთხოება.
კომენტარები