თამო კეშელავა, ალია
ბოლო დღეების მანძილზე “ალიას” კასპიდან არაერთი ადამიანი დაუკავშირდა, ისინი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არიან და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციასთან აქვთ ამჯერად პრეტენზიები.
კერძოდ, მათი თქმით, “ენმ” -ის სიის პირველი ნომერი, ალექსანდრე შაქარაშვილი მოქმედი მერის და ამჟამად “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, ვახტანგ მაისურაძის მეგობარი და ნათელ-მირონია.
სიის მესამე ნომერი, გიორგი შარიფაშვილი, ადგილობრივების თქმით, “ენმ”-ს დროინდელი ჩინოვნიკის, გოგა ონიანის საქმეში “ოქროს მოწმედ” ფიგურირებდა.
“ნაციონალური მოძრაობის” კასპის მერობის კანდიდატი, ნუგზარ ნონიაშვილი და “ქართული ოცნების” კანდიდატი მეგობრები, ვახტანგ მაისურაძე ძმაკაცები არიან – გვიყვებიან ადამიანები და იმასაც დასძენენ, რომ ოპოზიციის კანდიდატს, “ოცნების” კანდიდატის კრიტიკა არ შეუძლია, არსებული რეალობიდან გამომდინარე.
“ალია” დაუკავშირდა, პარტიის რეგიონალურ ხელმძღვანელს, ბადრი ბასიშვილს, რომელმაც პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარესა და “ენმ”-ის კანდიდატ ნუგზარ ნონიაშვილთან გადაგვამისამართა და გვითხრა, რომ სწორედ ნონიაშვილს შეუძლია ამ კითხვებს გასცეს პასუხი.
“ალია” პარალელურად, დაუკავშირდა, “ენმ”-ის კასპის რეგიონალური ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანსაც, მიხეილ ბალიაშვილსაც, თუმცა, მან კომენტარზე უარი გვითხრა.
ზარზე საერთოდ არ გვიპასუხა ალექსანდრე შაქარაშვილმა – პარტიის პირველი ნომერი კასპში.
დიალოგი შედგა ნუგზარ ნონიაშვილთან, “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატთან, შევეცადეთ, მისთვის ყველა კითხვა დაგვესვა:
-კასპიდან ადამიანები გვიკავშირდებიან და რბილად რომ ვთქვათ, უკმაყოფილებას გამოთქვამენ, 2021 წლის არჩევნებისთვის პარტიული სიის გამო, მაგალითად, თქვენი პარტიის სიის, გულისხმობ კასპის სიას, პირველი ნომერი, ალექსანდრე შაქარაშვილი და “ოცნების” მერობის კანდიდატი და ამჟამინდელი მერი, ვახტანგ მაისურაძე მართლა მეგობრები და ნათესავები არიან?
-კი, ეგ რა დასამალია, მაგრამ რა კავშირშია ეს არჩევნებთან? ეს “ქართული ოცნების” ნარატივია…
-მე მდებთ ბრალს “ქართული ოცნების” ნარატივში?
-არა, რასაკვირველია, ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც ამას ამბობს და კითხულობს. რა შუაშია ნათელ-მირონობა პოლიტიკასთან?
-“დედა ოჯახის წევრი არ არისო”, რომ თქვეს, დაახლოებით ამ მოსაზრებას ჰგავს?
-ის ვინც ეგ თქვა, დედა ოჯახის წევრი არ არისო, არის ტუტუცი, ცეროდენა ადამიანი. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის რომ მეგობარია შაქარაშვილი მაისურაძის, ამას არჩევნებთან კავშირი არა აქვს.
-თქვენი სიის მესამე წევრი – გიორგი შარიფაშვილი, გოგა ონიანის საქმეში იყო, თუ არა, ე.წ. “ოქროს მოწმე”?
-ეგაც ქოცური ნარატივია. შარიფაშვილმა ფეისბუქის თავის გვერდზე დაწერა წერილი და ახსნა წარსულის მოვნელები, ამ პოსტს რომ გაეცნობით, თავად მიხვდებით. შარიფაშვილიც და ონიანიც ორივენი იყვნენ ივანიშვილის და მისი პროკურორების მსხვერპლნი, პირიქით, ამხილა პროკურორები შარიფაშვილმა.
-არ ფიგურირებდა მისი გვარი საქმეში? არ იყო “ოქროს მოწმე”?
-გარკვეულ კავშირში, გარკვეულ ბმაში იყო ამ სისხლის სამართლის საქმეთან. დეტალები ახსნილი აქვს თავის წერილში. (შარიფაშვილის წერილს ქვემოთ შემოგთვაზებთ. თ.კ.)
-ჩემი ინფორმაციით, პარტიის რეგიონალური უფროსი, ბადრი ბასიშვილი, ამ სიის წინააღმდეგი იყო. ვთხოვე მას კომენტარის გაკეთება და არ მიპასუხა. იქნებ, თქვენ მითხრათ, წინააღმდეგი იყო? მართალია?
-გარდა იმისა, რომ ჩვენ მეგორები და კოლეგები ვართ, ის კურირებს პარტიის რეგიონალურ ორგანიზაციას, როგორ გგონიათ, წინააღმდეგი რომ ყოფილიყო ეს შედეგი დადგებოდა?
-მითხრეს, რომ თქვენ, “ენმ”-ის მერობის კანდიდატი და ამჟამინდელი მერი, “ოცნების” მერობის კანდიდატი, ვახტანგ მაისურაძე, მეგობრები ხართ – მართალია? როგორც ვიცი, თქვენ ადრეც ერთად მუშაობდით, 2007 წელს, მაგალითად, მისი მოადგილე იყავით. კასპის მაცხოვრებლები საუბრობენ უკვე იმაზეც, რომ შესაძლოა, თქვენ და მაისურაძეს გარიგება გქონდეთ და თუ ისევ ის გახდება მერი, თქვენ ისევ მის მოადგილედ შეიძლება გიხილოთ.
-დიახ, ვახო მაისურაძის მოადგილე ვიყავი 2007 წელს, ერთად ვმუშაობდით, ზოგთან, როგორც შაქარაშვილის შემთხვევაში ნათელ-მირონობა ჩამოყალიბდა, ზოგთან მეგობრობა. ვახო მაისურაძე არ მაკადრებს ამის შემოთავაზებასაც კი… ის უკვე დარწმუნებული ვარ თავად ხვდება, როგორ შეცდა, რომ “ქართულ ოცნებაში აღმოჩნდა და ქართული ოცნების მერია, დიახ, ის ქართული ოცნების მერია და არა საზოგადოების. ვახო, გულშიც არ გაივლებს, რომ მომიაზროს მის მოადგილედ.
-სიტყვას დებთ, რომ თუ ვახტანგ მაისურაძემ არჩევნები მოიგო და მერი გახდა, თქვენ მის მოადგილედ არ გიხილავთ?
-მე ამ არჩევნებს ღირსეულად მოვიგებ და გავხდები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და ხალხის რჩეული. ეს ვამპირი და ბოროტი ძალა დამარცხდება. მე რომ ქოცი მერის მოადგილე ვიყო, გამორიცხულია, მეტიც, გამორიცხულია ქოცის თანამშრომელი ვიყო. ჭაობშია უკვე :”ქართული ოცნება” და ქოცის თანამშრომლობა შეურაცხყოფაა ნებისმიერი ღირსეული ადამიანისთვის.
-ანუ, ვახტანგ მაისურაძე უღირსი ადამიანია?
-არა. ვახტანგ მაისურაძე არ არის უღირსი ადამიანი, ღირსეული ადამიანია. ქოცების ინსტიტუცია უღირსი, ჭაობში ჩაძირული, მკვლელი ძალაა ოცნება, ყოველდღიურად ახრჩობას, გუდავს ადამიანს. რა გგონიათ, სწორედ მაგათმა უმოქმედობამ დაღუპა დღეს 81 ადამიანი. (ინტერვიუს ჩაწერის დღეს, კორონავირუსით 81 ადამიანი გარდაიცვალა/ თ.კ.)
“ალია” გთავაზობთ, გიორგი შარიფაშვილის წერილსაც, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა:
“საზოგადოების გარკვეული ნაწილის, ჩემს მიმართ პოლიტიკური საქმიანობის და მრწამსის გამო ვთვლი საჭიროდ დავწერო პოსტი და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, დიახ 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ, დაიწყო პოლიტიკური დევნა და სისხლის სამართლის საქმის წარმოება გიორგი ონიანის და ჩემს მიმართ. წლების მანძილზე გრძელდებოდა პოლიტიკური რეპრესიები, როგორც გოგას და მისი ოჯახის მიმართ ასევე ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ. თუმცა შევძელი და გავბედე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ წასვლა და არაერთი დოკუმენტით და სატელევიზიო სიუჟეტით ვამხილე მოძალადე პროკურორები, რომლებიც ცდილობდნენ ჩემი და გიორგი ონიანის უკანონო დევნას. აღნიშნულ საკითხზე თუ ვინმეს უჩნდება კითხვები მზად ვარ პირადად გავცე პასუხები და დასრულდეს ამ თემით მანიპულირება, ჩემი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე.”
“ალია” აქვე გთავაზობთ ვიდეოსაც, რომელიც 6 წლის წინაა ჩაწერილი და რომელიც ასევე კასპის მაცხოვრებლებმა გადმოგვიგზავნეს:
ყოფილი გამომძიებელი გიორგი შარიფაშვილი, სამმართველოს უფროსს გოგა ონიანს ადანაშაულებდა 2011 წლის საქმეზე და ამბობდა:
“გიორგი ონიანის გადაწყვეტილებით ჩატარდა დაკავების ღონისძიება, ეს ადამიანები დაკავებულები იქნენ უკანონოდ, ვითომდა ჰქონდათ ნარკოტიკული საშუალებები. ონიანის ბრძანებით, მე მოვახდინე ამ საქმეში დოკუმენტების ფალსიცისირება და ისინი უდანაშაულოდ დაისაჯნენ. დღემდე ცდილობენ სიმართლის დადგენას…”
“ალია” მხოლოდ ფაქტებს გთავაზობთ ამჯერად. ან კი, რა საჭიროა ჩვენი კომენტარი, როცა მოქალაქეები თავადვე შეიპყრო ეჭვმა, აქეთაა, ქართული ოცნების სია სავსეა ყოფილი ნაციონალებით, იქეთ კი, “ენმ”-ის და “ოცნების” კანდიდატები არიან, თურმე, ნათესავები და მეგობრები.
“ალია” დაუკავშირდა ვახტანგ მაისურაძესაც, გვინდოდა მისთვის მიგველოცა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება, მით უფრო, რომ მეორე მხარეს ოპოზიციამ მის კონკურენტად ის ადამიანები დააყენა, ვისაც მასზე ერთი ცუდი სიტყვის თქმაც არ შეუძლია და მისი ან მეგობარია, ან – ნათესავი, მაგრამ მან ჩვენ ზარს არ უპასუხა.
კომენტარები