ნანა სულავა
„ქართული ოცნების“ ზოგიერთი პოლიტიკურად გაუცნობიერებელი ამომრჩეველი ამბობს, ნახეთ, რა ცუდები გახდნენ შვეიცარიელი ბანკირებიო. ეტყობა, მათ შესახებ არაფერი წაუკითხავთ. მაგალითად, ვოლტერი ასე ახასიათებდა: ,,თუ დაინახეთ, რომ შვეიცარიელი ბანკირი ფანჯრიდან ხტება, თქვენც გადაყევით, რადგან მას ქვემოთ დიდი ფული ელოდება“. ასე რომ, დღეს კი არ გახდნენ შვეიცარიელი ბანკირები ასეთები, ახლა, როცა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის 600 მილიონს მიადგნენ წასართმევად. ესენი მე-18 საუკუნიდან მოყოლებული სულ წართმევა-წაგლეჯვაზე არიან. ახლა ნაცები წინდაწინ ზეიმობენ, ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში არისო. თუმცა ოფიციალურად ჯერ ეს არცერთ სახელმწიფოს არ გამოუცხადებია. საქმე იმაშია, რომ გაეროს ბოლო დროს მიღებული რეზოლუციის მიხედვით, სადაც დასავლეთი გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ ძლივს მოაგროვეს 58 ხმა 193 სახელმწიფოდან. იმ 58 ხმაში საქართველოს ხმაც იყო და ისიც გაითვალისწინეთ, რომ გაეროს წევრი სახელმწიფოების უდიდეს უმრავლესობას არანაირი სანქციები არ აქვს დაწესებული რუსეთის მიმართ, მათ შორის იმ ქვეყნებსაც, რომლებიც გმობენ რუსეთის აგრესიას. დღევანდელი დასავლეთი ის „ძველი თამრო“ აღარ არის, სადაც უნდოდა, იქ რომ შეიჭრებოდა. რაც შეეხება შვეიცარიის ბანკირებს, მათზე ხელოვნურად შექმნილი ზღაპრები და მითები დიდი ხნის წინათ დაიმსხვრა. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე შვეიცარიის კონფედერანციამ 1934 წელს მიიღო კანონი ,,საბანკო საიდუმლოს შესახებ“. ამ კანონზე დაყრდნობით, შვეიცარული ბანკები თანამშრომლობდნენ ნაცისტურ გერმანიასთან, ფაშისტურ იტალიასთან, გენერალ ფრანკოს ესპანეთთან და კიდევ სხვადასხვა ფაშისტურ რეჟიმებთან. ასეთი საბანკო პოლიტიკა მათთვის ტრადიცია გახდა. კიდევ უფრო მეტიც, შვეიცარიული ბანკები აქტიურად თანამშრომლობდნენ ლათინური ამერიკის ქვეყნების სამხედრო ხუნტებთან. ბრაზილიასთან, ჩილესთან, არგენტინასთან, სალვადორთან, გვატემალასთან და ისეთ ეგზოტიკურ ტიპებთან, როგორიც იყო ჰაიტის რესპუბლიკის პრეზიდენტი დიუვალიე, რომელსაც შავ ფაშისტს ეძახდნენ. თემას არ მინდა, გადავუხვიო, მაგრამ მის შესახებ ერთი დეტალი მკითხველისთვის საინტერესო იქნება. როცა დიუვალიეს ჰკითხეს, ვინ იყო მამათქვენიო, ჩემი თავის მამა მე ვარო – უპასუხა. საკუთარ დედაზე კი ისეთი მკრეხელობა თქვა, ჯერ ისეთი ,,თავისუფალი“ ჟურნალისტი არ ვარ, რომ მისი ბინძური სიტყვები გავიმეორო. აი, ასეთ ნაგიჟართან და სატანისტური კულტების მიმდევართან თანამშრომლობდნენ შვეიცარიული ბანკები. აი, სად უნდა იბრძოლონ ,,სირცხვილია“-ს ახალგაზრდულმა წევრებმა. დიუვალიე კარიბის ზღვაში დემოკრატიის შუქურად ითვლებოდა. აბა, როგორ დაგიჯეროთ კაცმა ამის შემდეგ რამე?
ახლა დიდი სკანდალი რომ არის ატეხილი ბიძინა ივანიშვილის 600 მილიონზე, მოდით ის ვთქვათ, რომ ეს 24 თებერვალს დაიწყო, ანუ მაშინ, როცა პუტინის რუსეთმა ომი გამოუცხადა უკრაინას. იბადება კითხვა, მაინცდამაინც ომის დაწყებისთანავე რატომ დაიწყო შვეიცარიის ბანკმა ბიძინა ივანიშვილის მილიონებზე. იმიტომ რომ ომი ფულია, როგორც ხარჯის, ასევე კერძო მოგების სახით. გავიხსენოთ საფრანგეთის ერთ-ერთმა მეფემ ჰკითხა იტალიელ მარშალს, რა არის ომისთვის საჭიროო. მან უპასუხა: ,,სამი რამ – ფული, ფული და კიდევ ფულიო“. ამიტომ ნურავის დაავიწყდება ის, რომ უკრაინაში ომის დაწყებისთანავე შვეიცარიის კონფედერაცია შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ამით რუსეთი დიდ ზარალს ნახულობს.
საბანკო აფიორები შვეიცარიის ბანკმა 2022 წელს კი არა, კარგა ხნით ადრე დაიწყო. მაგ 1948 წელს ჩემს ბიძას, გიორგი სულავას, ხელოვანს, მეორე მსოფლიო ომამდე ლვოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და შემდეგ მთავარ რეჟისორს, ლვოვის ოკუპაციის შემდეგ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჰქონდა დაარსებული კინოწარმოება ,,უნიონ მეტროპოლფილმი“, რომლის დირექტორი და მესაკუთრე თავად იყო. ერთ დღეს ავსტრიის საბჭოთა კომენდატურაში გამოიძახეს და შვეიცარიის ბანკში შეტანილი მილიონები (600 მილიონი ნამდვილად არ ჰქონდა), სამი ძვირადღირებული მანქანა, სახლი საბჭოთა კავშირს გადაეცაო. ავსტრია გერმანიის მხარეს იბრძოდა, ავსტრიას უწევდა ზარალის გადახდა. გიორგი სულავამ ვერ დაარწმუნა ვენის კომენდატურის თანამშრომლები, რომ იგი იყო ხელოვანი და პოლიტიკაში არასოდეს გარეულა, საერთოდ უპარტიო იყო. ზოგიერთებისაგან განსხვავებით ფინანსურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კორპორაციის მოთავე არ გამხდარა. მას ჰქონდა უმაღლესი ეროვნული და სოციალური პასუხისმგებლობა, მომხვეჭელი კი არ იყო, საზოგადოებისთვის მოჰქონდა დიდი სარგებელი. ყოველთვის ისეთ ადამიანებს ეხმარებოდა, ვისაც ესაჭიროებოდა. საქართველოდან ჩასულ რამდენ ახალგაზრდას დაეხმარა და გზა გაუხსნა სწავლისკენ, დღემდე მადლიერია მათი შთამომავლობა. უფრო მეტიც, მის საკუთარ ბინაში ცხოვრობდნენ აქედან ჩასული სტუდენტები. შემდეგ წლებში პეტერბურგში ცხოვრების დროს, მის ბინაში სტუმრობდა საქართველოსა და ქართველი ხალხის დიდი მეგობარი ანდრეი მირონოვი, რუსეთისა და ევროპის ქვეყნების ელიტის უმაღლესი წარმომადგენლები. (დამესევით, ალბათ, და რუსეთუმობას დამწამებთ, იქნებ გამლანძღოთ კიდეც, მაგრამ ისტორიას ვერ წავშლით). დავუბრუნდეთ ისევ თემას, გიორგი სულავას არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, გადაეხადა ზარალი, რომელიც გერმანიამ და ავსტრიამ მიაყენა საბჭოთა კავშირს. პასუხი რომ არ ეგოთ გერმანელ ნაცისტებთან და იტალიელ ფაშისტებთან, გიორგი სულავას და მისნაირების ქონება გადასცეს საბჭოთა კავშირს. ავსტრიაში ცხოვრების დროს არც ნაცისტური პარტიის წევრი იყო და არც სხვა დანაშაულებრივი ორგანიზაციის. ის ნაცისტური სახელმწიფოს მოქალაქეც არ ყოფილა, მაგრამ შვეიცარიული ბანკების ყალთაბანდური მანიპულაციების მსხვერპლი გახდა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს შევიდნენ გერმანელ ფაშისტებთან გარიგებაში და პასუხისმგებლობისაგან თავი დაიძვრინეს შვეიცარიულმა ბანკებმა. და როცა „ოცნების“ ამომრჩეველი ამბობს, რატომ აკეთებს ამას შვეიცარიული ბანკიო, იმიტომ აკეთებს, ბატონო, რომ ომია დასაფინანსებელი. რა, საბრძოლო მასალებს, სამხედრო ტექნიკას ფული არ სჭირდება? ვინც ამზადებს, იმათ ხელფასი არ სჭირდებათ? ნაცებს უხარიათ, ივანიშვილს რომ როგორმე წაართვან მილიონები და „ქართული ოცნება“ ვერ დააფინანსოს საარჩევნოდ. არჩევნები ჩვენთან ხომ ფულის ტომრების შეჯიბრია. ნაცებს ხომ დიდი ფული აქვთ გადამალული, მაგრამ მაინც უხარიათ, რომ ივანიშვილი ფულს დაკარგავს. ამ დროს, პირიქით, ივანიშვილის მადლიერები უნდა იყვნენ, რადგან ივანიშვილის პრემიერობის დროს ნაცებმა ნაქურდალი მაყუთიდან ერთი ლარი არ დაუბრუნეს არც ქვეყანას და არც მათგან დაზარალებულ ხალხს.
იმპერიალისტური გავლენის ცენტრები არჩევენ, ვის უნდა წაართვან ასეულობით მილიონი. მაგრამ ვისაც ბიძინა ივანიშვილისთვის კაპიტალის წართმევა გიხარიათ, მინდა, იმედები გაგიცრუოთ. ეს ფული ასეულობით მოშიმშილე ქართველ ბავშვს და გაღატაკებულ პენსიონერებს კი არ მოხმარდება. თუ ეს გჯერათ, გაიხარეთ, თქვე საცოდავებო, იმით, რომ რამდენიმე წუთიანი სიხარული მაინც შეგრჩებათ. თუმცა, თქვენ ხომ თავს იკლავდით ბავშვებისა და მოხუცების დაპურებაზე! თქვენ ის ხალხი არა ხართ, მშიერ არასრულწლოვნებს პურისა და ძეხვის ქურდობისათვის ციხეში რომ უშვებდით ათეული წლობით და დღესაც არ გრცხვენიათ საკუთარი ქმედების?! ამიტომ დღეს მსოფლიოს პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა სწორედ თქვენნაირ ნაძირლებს, მსოფლიოს მოსახლეობის ერთ პროცენტს აძლევს საშუალებას, იბატონოს მოსახლეობის 99%-ზე. ომები აცოცხლებს იმპერიალიზმს და ასეთი ფინანსური მანიპულაციები გაგრძელდება მანამ, სანამ ასეთი დამანგრეველი პოლიტიკური სისტემა იარსებებს. ნაცები ხარობენ, რომ ივანიშვილი ფულებს დაკარგავსო, ქოცები ტირიან ,,დარმავოი“ ფული არ გვექნებაო. და ამიტომ, ახალი თაობის ეროვნულმა ლიდერებმა უნდა გაათრიონ ესენი პოლიტიკური ველიდან, რომ დავასრულოთ კოჰაბიტანტური რეჟიმი და არა ის ოთხი მსუბუქი ყოფაქცევის მამაკაცის პოლიტიკურ ბოდვებს ვუსმინოთ, რომლებიც რაღაც გამოგონილი ზღაპრული რევოლუციით გვაშინებენ და სინამდვილეში თვითონაც და მათი პატრონებიც და იმათ, ვისაც ისინი რევოლუციონერებას აბრალებენ, ისინი პირწავარდნილი კონტრრევოლუციონერები არიან, ყველანი გადატრიალებებით მოვიდნენ. ვარდების რევოლუცია სინამდვილეში იყო კონტრრევოლუცია კონტრრევოლუციაში. სოზარ სუბარი არ იყო, პირველმა რომ მიულოცა ფაშისტ სააკაშვილს გაპრეზიდენტება? ფაშისტი სააკაშვილიც გადატრიალებით მოვიდა და ისიც, ვინც, ვითომ რომ გადაატრიალა, ბატონი შევარდნაძე, ისიც გადატრიალებული ხელისუფლების ნასისხლარზე იყო მოსული. ამ ვაჟბატონებმა სიტყვა ,,რევოლუციის“ მნიშვნელობა და შინაარსიც არ იციან, რადგან ეს რომ ნამდვილად სახალხო რევოლუციები ყოფილიყო, 30 წლის მანძილზე მცირედით მაინც შეცვლიდნენ ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას. ამიტომ ეს გადატრიალებები შევარდნაძის მიერ შექმნილი ოლიგარქიის გაგრძელებას და განმტკიცებას ემსახურება და ერთმანეთის მიმართ რაც უნდა იძახონ, საქმით ისინი მშრომელი ხალხის, გაღატაკებული ინტელიგენციის ერთიანი მტრები არიან. ამიტომ კოჰაბიტანტური რეჟიმი ისტორიის პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა მოვისროლოთ, ყველამ კარგად გაიგეთ. საქართველოს ხსნა მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება.
კომენტარები