ჩვენ გვყავს არა 800 000, არამედ მილიონ ნახევარზე მეტი ემიგრანტი, რომელთაგანაც მნიშვნელოვანი ნაწილი წელებზე ფეხს იდგამს და არჩენს ოჯახებს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ საუბრობს ქვეყნიდან გამსვლელებზე, თუმცა შემოსულ ადამიანებზე არაფერს ამბობს, რაც თაღლითობაა.
„ჩემი დეიდაშვილი და ერთი უახლოესი მეგობარი ემიგრაციაში არიან. მსგავსი რამ „ნაცების“ დროს არ მოხდებოდა, რადგან მილიონებს აშოვნინებდნენ და მერე იქიდან პარტიას დააფინანსებინებდნენ. „ნაცების“ დროს ჩემს პოზიციაზე მყოფი ადამიანის არც დეიდაშვილი მოხვდებოდა ემიგრაციაში და არც მეგობარი, სადღაც დაასაქმებდნენ, რაღაც ბიზნესს ჩააბარებდნენ, ვიღაცას წაართმევდნენ. ერთიც და მეორეც ვინც ახლა პირველი გამახსენდა, ფაქტობრივად ჩემი ოჯახის წევრები, ემიგრაციაში არიან. თაღლითობაა, რიცხვის – 800 000-ის მოტანა, ამაზე დიდი ტყუილი არ არსებობს. აიღეს რიცხვი გასვლის, არ აიღეს რიცხვი შემოსვლის. „ნაცმოძრაობის“ დროს ქვეყანა დატოვა 221200 ადამიანით მეტმა, ვიდრე უკან დაბრუნდა, ხოლო „ნაცმოძრაობა“ რაც ხელისუფლებაში აღარ არის, 2420 ადამიანით მეტია შემოსული, ვიდრე გასული“, – განაცხადა მდინარაძემ.
კომენტარები