ნანა სულავა
„ალიას“ ესაუბრება პოეტი გოჩა ხარანაული.
-ბატონო გოჩა, ამასწინათ ერთმა ცნობილმა მწერალმა განაცხადა, რომ ასეთ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში ათასამდე მწერალი დუმს. მარტო სამიოდე მწერლისა და რამდენიმე ჟურნალისტის აქტიურობა უშველის ქვეყანასო? თქვენ „ალიადან“ არაერთხელ განაცხადეთ, სამასი ათასიანი აქციის ორგანიზებაში შევიტან წვლილს და სამშობლოსათვის გულანთებულ ადამიანებს მოვუყრით თავსო. აგერ, ახლა, 20 ივნისს იგეგმება აქცია, თქვენ უერთდებით?
-ეს დაორგანიზებული აქცია ადასტურებს იმას, რომ ის წარმოადგენს ევროამერიკული და რუსული იმპერიალიზმის კოჰაბიტაციის აქციას. ამიტომ იკრიბებიან ყველანი ერთად – ევროთუმეები, ამერიკათუმეები და რუსეთუმეები. ერთადერთი, ვინც იქ არ იქნებიან, ესენი არიან საქართველოს მამულიშვილები. ასე რომ, მათი კოჰაბიტანტური აქციები არ მაინტერესებს, რადგან ქართველი ხალხის სასიკეთოდ იქ არაფერი ითქმება და გაკეთდება. რაც შეეხება ჩემს ძვირფას კოლეგებს, ძალიან მცირე მეხსიერება აქვთ. ჯერ კიდევ მაშინ, 1998 წელს, როცა საქართველოს ეროვნული გვარდიის ოფიცერი გოჩა ესებუა მოკლეს ვერაგულად, მე ვიყავი, ვინც ეს გავაპროტესტე, შევარდნაძეს მივმართე გაზეთიდან. პირდაპირ ვუთხარი, თქვენ ვერაგულად მოკალით ახალგაზრდა კაცი-მეთქი, რომელმაც უცხოელი სტუმრები სახლში წაიყვანა, კოლხურად გაუმასპინძლდა, ზედ გადაყვა. მათ პოლიტიკურად შური იძიეს ადამიანზე, რომელიც ცდილობდა, დაებრუნებინა საქართველოს კონსტიტუციური წყობილება და კანონიერება. მე ყოველთვის ფაქტებით ვსაუბრობ. 1996-ში დავბეჭდე წერილი „ამერიკულ-ევროპული ნათლობის ფონზე“. რაც მაშინ ვთქვი, ათეული წლების წინ, დღეს ყველაფერი აუცხადდათ. მე არ ვეთანხმებოდი არც ტირან შევარდნაძის პროიმპერიალისტურ პოლიტიკას და არც მის აკვიატებას ამერიკული იმპერიალიზმის სასარგებლოდ. მე დღემდე მაგას ვიძახი, მაშინ რატომ არ მიჭერდნენ მხარს? მთელი ჩემი შემოქმედების 80 პროცენტი არის პროტესტი, რომელიც იბეჭდებოდა „მწერლის გაზეთში“. კარგად მახსოვს, როცა 91-ში კონსტიტუციური ხელისუფლება დაამხეს, მაშინ მწერლების დიდი ნაწილი დუმდა, ხოლო 92 წელს მათ შევარდნაძის ხუნტას დაუკრეს ტაში და განდევნეს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მუხრან მაჭავარიანი. როცა გურამ შარაძე მოგვიკლეს, მაშინაც გავაპროტესტე, როცა მამის სახელი ამოიღეს, მაშინაც გავაპროტესტე. ბევრი ჩემი კოლეგა მაშინ წიგნებს გამოსცემდა. მე კი 50 წლის ასაკში გამომიცეს მეგობრებმა პირველი კრებული. 16 წლის მოსწავლემ, მეცხრე კლასში დავწერე ლექსი სათაურით „ზურგშექცეული“, „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქტორს მივუტანე და მისაყვედურეს, საბჭოთა საქართველოს რას ერჩითო! „ქართული სულის მომსვრელნო, იქნებ გახვიდეთ ფონს, ზურგშექცეული ვოცნებობ, თქვენგან რომ ვიყო შორს“. – ამისთვის გამაგდო რედაქტორმა. კიდევ კარგი, რომ არ დამიჭირეს. როცა ნაცებს დავუწერე „გიჟების მანიფესტი“, მეუბნებოდნენ, დასაკარგი არაფერი გაქვსო? სად არიან ახლა ეროვნულები? რატომ არ ისმის მწერლის ხმა მაშინ, როცა კოლხურ კოშკს მრავალსართულიანი კორპუსი დაადგეს? სად არიან ეროვნულები, როცა ცოტნე გამსახურდიას მის დედას და შვილებს არ ანახებენ? პატიმარ სააკაშვილთან კი შვილებიც შედიან და დედაც. დასავლეთი მაინც ხელებს იშვერს, მესამე პრეზიდენტის უფლებები ირღვევაო. როცა კოჰაბიტაცია შემოგვიგდეს, მაშინვე გავაპროტესტე. ახლა რატომ იკრიბებიან პროამერიკული, პროევროპული და პრორუსული ძალები? რა, თუ ევროპის კავშირში არ მიგვიღეს, ისე ქვეყანა ვერ ვიქნებით? ნორვეგია ევროპული ქვეყანა არ არის, მაგრამ მისი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურვილი არა აქვს, იყოს ევროკავშირის წევრი. ან რომ გვატყუებენ, თუ ევროკავშირის წევრი არ გავხდებით, არ აღდგება ტერიტორიული მთლიანობაო. უკვე რამდენი წელია, კვიპროსის რესპუბლიკა ევროკაშირის წევრია და მერე რა, როგორც იყო გახლეჩილი, ისეა დღესაც. თურქეთის მიერ ოკუპირებულია კუნძულ კვიპროსის 36 პროცენტი. ევროკავშირის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ. იმ ევროპულ პერსპექტივაში კი არაფერია ნათქვამი, რა ევალება „ოცნების“ რეჟიმს. ევროპარლამენტი იმაზე როდი ედავება „ოცნებას“, რატომ არის ქვეყანაში ასეთი უმუშევრობა, ასეთი სიღატაკე და გაჭირვება; რატომ იღუპენიან ადამიანები სამუშაო ადგილებზე; ევროპარლამენტი არ ედავება ჩვენს ხელისუფლებას იმაზე, რომ ქვეყანაში არ არის დაცული ეკონომიკური, სოციალური და შრომითი უფლებები. რა შრომითი უფლებებიც იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს, ისეთივეა დღესაც. ამაზე არავინ ედავება ივანიშვილს, როცა სანქციებზეა ლაპარაკი. ევროპარლამენტი არ ედავება „ოცნებას“ იმაზე, რომ 10 წელიწადია ხელისუფლებაში არიან და ვერ მიიღეს კანონი ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ. ევროპარლამენტს არ აინტერესებს ჩვენი ღვთაებრივი ანბანი და სამი დამწერლობა. ევროპარლამენტი არ ედავება „ოცნებას“ იმაზე, რომ 30 წლის განმავლობაში ასე რატომ განადგურდა ქვეყანაში განათლების სისტემა, განსაკუთრებით სკოლა, ფორმალურად რომ არსებობს. სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტები ხომ საერთოდ აღარ არსებობს. უნივერსიტეტის სტუდენტები ახლა საცხოვრებელ ფართს ითხოვენ და ამის გამო უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტში იჭრებიან. ასეთი რამ ხომ არასდროს მომხდარა. ევროპარლამენტი არ ედავება „ოცნებას“ იმაზე, რომ თბილისის მერიაში იმაზე მეტი ადამიანი მუშაობს, ვიდრე ლონდონის მეგაპოლისის მერიაში. 25 წლის წინ დავწერე: „ქ. თბილისის მერია ქართველი ერის მტერია“ და 25 წლის შემდეგ ისევ იმავეს გავიმეორებ. ეს ის დრო იყო, როცა პირველად გააორმაგეს თბილისის მეტროპოლიტენის საფასური – 10 თეთრიდან გახადეს 20, ახლა რაღა ვთქვა, როცა 50 თეთრიდან ლარი გახადეს მეტროც და ავტობუსიც? არ არიან ახლა ეგენი ხალხი მტრები? ფეხით იარეთო, გვეუბნებიან. ევროპარლამენტი არ ედავება ჩვენს ხელისუფლებას იმაზე, თუ რატომ არ გახდა საქართველო წარმატებული ინდუსტრიული ქვეყანა, რატომ არ ვითარდება საწარმოო ძალები, ამ დროს საქართველო საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი განვითარებული ინდუსტრიული ქვეყანა იყო. ევროპარლამენტი არ ედავება ოცნებას იმაზე, პოლიტპატიმარი ირაკლი დოკვაძე 25 წელი ციხეში რომ ჰყავდათ, ყველა რეჟიმის – შევარდნაძე-სააკაშვილ-ივანიშვილის დროს. რომელი ადამიანის უფლებებზეა ლაპარაკი? ასეთი რამ არ ხდება ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებშიც კი. ერთხელ მაინც თუ დაინტერესებულა ევროპარლამენტი, საქართველოს კონსტიტუციური წყობილება შეიარაღებულმა გადატრიალებამ რომ დაამხო? დასვა საკითხი, რატომ არ არის ეს საქმე გამოძიებული? ან რატომ არ არის პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმე გამოძიებული? ასევე სხვა მკვლელობებიც ასეულობით ადამიანის, რომლებიც კონსტიტუციურ კანონიერებას იცავდნენ და მათ აწამებდნენ და ასამართლებდნენ. ეს ევროკავშირს არ აინტერესებს. მათი სამართალი შერჩევითია. სამაგიეროდ, ევროპარლამენტი ედავება ხელისუფლებას იმაზე, რატომ ზის ფაშისტი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ან ნაპროკურორალი გვარამია. სააკაშვილის ბედი მათ ხომ იმიტომ აინტერესებთ, რომ ის კარგი შემსრულებელი იყო, ხოლო გამსახურდიას ბედი არ აინტერესებდათ, რადგან საქართველოს პირველ პრეზიდენტს ყურით ვერ ათრევდნენ.
კომენტარები