თამო კეშელავა
„ალიას“ ესაუბრება მკვლევარი, „ილიაუნის“ ლექტორი, მოძრაობა „საქართველოსთვის” აქტივისტი, გიორგი მუმლაძე.
– თქვენ გამოაქვეყნეთ მიხეილ სააკაშვილის 2021 წლის 13 ოქტომბერს, 14 ოქტომბრის აქციის წინ, ციხიდან გამოგზავნილი წერილი, ამბობთ, რომ მანამდეც მიიღეთ სააკაშვილისგან წერილები, ერთი ეკა ხერხეულიძის ხელით და მეორე ადვოკატის ხელით და მანამდე გამოგზავნილ წერილებში, სააკაშვილი ამბობდა, რომ ქუჩის აქციები უნდა გაგრძელდეს, თუმცა, 13 ოქტომბრის წერილში მოგწერათ, რომ ნაციონალური მოძრაობიდან, აკო მინაშვილთან ერთად უნდა შეაფასოთ ხალხის მუხტი და ისე მოიქცეთ, რომ არც შანსი დაკარგოთ, არც შეცდომა დაუშვათ და გვერდიდან არ უნდა გამოჩნდეს, რომ კონფლიქტია. სააკაშვილმა არ იცოდა, რომ ნაციონალური მოძრაობა არ გააგრძელებდა უწყვეტ ქუჩის აქციებს?
–კი, ეს წერილი გამოვაქვეყნე, თუმცა, აკო მინაშვილი არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც ცალკე მოქმედი პირი, ის ახმოვანებდა პარტიის გადაწყვეტილებას. პირველი კომუნიკაცია სააკაშვილთან შედგა 10 ოქტომბერს და იგეგმებოდა ქუჩის აქციები, რომლებიც გაგრძელდებოდა მეორე ტურამდე და ეს იქნებოდა საარჩევნო კამპანია ქუჩაში. ჩვენი მოძრაობის წევრებისა და სააკაშვილის მიმოწერის შესახებ, ცხადია, გაიგო პარტიამ და როგორც ჩანს, პარტია არ იყო თანახმა, ეს 13 ოქტომბრის სააკაშვილის წერილიდანაც ჩანს, გვწერს, კონფლიქტი არ გამოჩნდეს გარედანო, ესე იგი, იკვეთებოდა კონფლიქტი კონკრეტულად ქუჩის აქციებზე. სააკაშვილმა პასუხისმგებლობა დაგვაკისრა ორივეს, ჩვენ მოძრაობასაც და ნაციონალურ მოძრაობას, პარტიამ გამოგვიცხადა აქციის დღეს, რომ არ წამოგვყვებოდა ქუჩის აქციების განგრძობაზე და გაგვემიჯნებოდა. გახსოვთ, რა განაცხადა ნიკა მელიამ 14 ოქტომბრის აქციაზე? ახლა დავიშალოთ, ჩავატაროთ მეორე ტურები და თუ ივანიშვილი გაბედავს და გაგვიყალბებს მეორე ტურებს, მერე შევიკრიბოთ და აღარ დავიშალოთ. თუ გაბედავს ივანიშვილიო და ვერ გაბედა? და მერე შეიკრიბნენ? გახსენდებათ რომელიმე ქალაქის მერობის კანდიდატი, რომელმაც წააგო მეორე ტური და მერე იბრძოდა ამ ხმების დასაბრუნებლად? გახსენდებათ ნიკა მელიას ერთი განცხადება მაინც, რომ აი, კახა კალაძემ წამართვა ხმები და ვიბრძოლებო? არ სჯერა თავადვე რომ წაართვეს და გაუყალბეს არჩევნები.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს არ ეგონათ, თუ ამდენი ხალხი გამოვიდოდა, თავადვე არ ელოდნენ ამდენი ხალხის მოსვლას. როცა დავინახე ამდენი ხალხი და პარტიამ მაინც უარი თქვა აქციების გაგრძელებაზე, მე ვერ წავედი სააკაშვილის წინააღმდეგ, რადგან, მან წერილით თანაბრად დაგვაკისრა პასუხისმგებლობა. ამ გადასახედიდან, შეიძლებოდა, იქვე უნდა გვეთქვა ეს ყველაფერი და წავსულიყავით პარტიის ლიდერების წინააღმდეგ. მეორე მხრივ, ამას ვინ წარმოიდგენდა მაშინ, რომ გავიდოდა ერთი წელი და არაფერი მოხდებოდა, ის კი არა, ნუგზარ ფუტკარაძე მოგვიკლეს და არც მაგისთვის უბრძოლია პარტიას. ამბობენ, რომ გეგმა არ არსებობდა და არაა ეგრე, არსებობდა გეგმა, ეს იყო ქუჩის აქციები მეორე ტურამდე, რომლის პირველი მოთხოვნა უნდა ყოფილიყო სააკაშვილის თავისუფლება.
– აქციის დღეს, 14 ოქტომბერს, იმ ციხის ტერიტორიაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილი იჯდა, ხანძარი მოხდა და ოფიციალური მონაცემით, დაკვამლიანების შედეგად 2 პატიმარი გარდაიცვალა. მაშინ, ბევრი გვიყვებოდა, რომ იმ დღეს, ნიკა მელიას შემოუთვალეს, რომ თუ აქციას არ დაშლიდა, სააკაშვილი „შემთხვევით“ გაიგუდებოდა კვამლისგან – გსმენიათ ამაზე?
– გჯერათ ამ სისულელის? რომელი გონიერი ადამიანი დაიჯერებს ამას? შემოუთვალეს, რომ ტერორისტულ აქტს მოუწყობენ და პარტიის ლიდერმა არაფერი თქვა? არ გაასაჯაროა? და ამ აქციის მერე მაინც ეთქვა, თუ მსგავსი რამ უთხრეს, უკვე 1 წელი გავიდა. მიშა მხოლოდ იმიტომაა ცოცხალი, რომ იგი ძლიერი პიროვნებაა, თორემ, სისტემისა და ივანიშვილის ხელიდან ის განწირულია.
– საუბარი იყო ასევე ფინანსებზე, ცალკე აქციის მონაწილეები მიყვებოდნენ, რომ პარტია არ ხარჯავდა ფინანსებს აქციებისთვის და ცალკე ნაცმოს ლიდერები წუწუნებენ ხოლმე ფინანსებზე და რატომ ვერ მოხდა ფინანსების მოზიდვა?
– ფული საკმარისზე მეტი არსებობს, პარტიის ხომ აქვს თვეში მილიონ ლარამდე დაფინანსება და ეს დაფინანსება ვისი ავტორიტეტით აქვს? სააკაშვილის ავტორიტეტით არ აქვს?
– და მილიონი ლარი ეყოფოდა აქციებს? თან ამ ფულიდან ოფისების ფულსაც ხომ იხდიან?
– ოფისებში ჯდომისთვის აქვთ ეს დაფინანსება? ამ რესურსის ნახევარი მაინც დაეხარჯათ იმ ადამიანის გასათავისუფლებლად, ვისი სახელითაც იღებენ ამ ფულს, ხელფასები არ აეღოთ, ადამიანი კვდება, ქვეყანა გვენგრევა, რა ოფისები? და კიდევ რიგით ამომრჩეველს ამუნათებენ. რა უნდა გააკეთოს რიგითმა ამომრჩეველმა, როცა ნაციონალური მოძრაობა გადაიქცა ნაციონალურ უმოძრაობად? დიახ, ნაციონალური მოძრაობა გადაიქცა ნაციონალურ უმოძრაობად, ესაა სიმართლე. წარმოიდგინეთ ახლა, უკრაინამ რომ შესთავაზოს პუტინს გადადექიო და უმოქმედოდ დაელოდოს, ნაცვლად იმისა რომ ებრძოლოს, აიძულოს, უკან დაახევინოს – გადადგება პუტინი? საქართველოში პოლიტიკური ბრძოლის იარაღის უზარმაზარი რესურსი არის უინტელექტო, არაპატრიოტი ხალხის ხელში, ვგულისხმობ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს – ერთ მაგალითს მოვიყვან შესადარებლად, წარმოიდგინეთ, მოდის მტერი ტანკით, უნდა გადამიაროს, ჩემ თანამებრძოლს აქვს ჯაველინი და იმის ნაცვლად, რომ მითხრას, მოდი, ვესროლოთ ეს ჯაველინი ტანკსო, ამ ჯაველინს გვერდზე დებს და მე მეუბნება, მიდი და ქვა ესროლეო…
– ამბობთ, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე უნდა შეიცვალოს და ვინ უნდა მოვიდეს?
– მიხეილ სააკაშვილის მეგობრები და ოჯახის რომელიმე წევრი, თუ პოლიტიკა არ ესმით, მეგობრობა ხომ უნდა ესმოდეთ და მეგობრის გამო ბრძოლა ხომ მაინც უნდა შეეძლოთ?
– ასე აკო მინაშვილიც სააკაშვილის მეგობარია…
– მეგობრობას დრო გამოცდის და ქმედებებია მნიშვნელოვანი, გარდა ამისა აკო მინაშვილი ავრცელებდა პარტიის პოზიციას და არა პირადს და ახლა მაინც თუ ხედავს, რომ არ იმუშავა ამან, წესით, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ პარტია ამოძრავდეს.
– კონკრეტულად ვის გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ მეგობრები უნდა ჩაუდგნენ პარტიას სათავეში? ვინ არის დღეს სააკაშვილის მეგობარი?
– მე მაგალითად, 2020 წელს, როცა პარტიის თავმჯდომარის არჩევნები იყო, ლევან ვარშალომიძეს მივეცი ხმა, ძალიან აქტიურია ლევან ხაბეიშვილიც. არ ვიცი რას ფიქრობს ვანო მერაბიშვილი და რა რესურსი აქვს, საერთოდ არ ჩანს საჯარო პოლიტიკაში.
– როგორც ვიცი, მერაბიშვილი კიევშია.
– საჯარო პოლიტიკაში არ არის ჩართული. რა მნიშვნელობა აქვს მე ვინ მინდა, თუ მას ექნება სურვილი, დააყენებს საკუთარ თავს სხვა კანდიდატებთან ერთად.
– ახლა ამ ყველაფერს ხომ იმიტომ ჰყვებით, როგორც ამბობთ, რომ გული გტკივათ იმაზე, რაც ხდება, იგივეს რატომ არ აკეთებს სააკაშვილი? კარგი, არ უნდა პარტიის თავმჯდომარის დანიშვნა, მაგრამ იმის თქმა ხომ შეუძლია, გაუმართლა, თუ არა, იმედები?
– პატიმრობაში მყოფი ადამიანია, მეტი რა უნდა თქვას? მოგვიწოდა ქუჩაში გამოსვლისკენ არაერთხელ, მერე სასამართლო პროცესზე თქვა, გამოდით პარლამენტიდან და ქუჩაში გადითო და არ აკეთებენ… მიშა ვერ გამოვა პარლამენტიდან, ვერც ქუჩის აქციების ორგანიზებას დაიწყებს, ციხეშია და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია ფიზიკურად.
– რამდენიმე დღის წინ, ევროსაბჭოს რეზოლუციის მეოთხე დამატებაში ჩაიწერა, რომ სააკაშვილი არის პუტინის პატიმარი, შესაბამისად, ივანიშვილი და მისი მთავრობა პუტინის დავალებების შემსრულებელი გამოდის. სააკაშვილმა ამ რეზოლუციას წერილით უპასუხა და განაცხადა, კი, სიმართლეა, ასეა, მაგრამ სულ არ გამიხარდა ეს ჩანაწერი, რადგანაც ახლა საერთო ენის გამონახვის დროაო და ვინ იგულისხმა?
– მე მისი წერილი ასე გავიგე – მთავარი გამოწვევა ევროინტეგრაციაა და ამ შანსის ხელიდან გაშვებას იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ამასთან შედარებით ჩემი სიცოცხლე და ჯანმრთელობაც კი არაფერიაო. იგი დიდ სურათს ხედავს და ამ ქვეყნის მომავლისა და ევროინტეგრაციისთვის უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. არ მაქვს იმედი, რომ ჩვენი საზოგადოება, თუნდაც ოპოზიციური, მის ამ წერილს ბოლომდე სწორად იგებს – ადამიანი ამბობს, იმდენად დიდი საფრთხის ქვეშ ვდაგავართ ყველანი, ჩემი სიცოცხლე ამასთან არაფერიაო. გვაფრთხილებს, მოგვიწოდებს ვიმოქმედოთ. მე მჯერა, რომ ივანიშვილს და მის გარემოცვას ძალიან სერიოზული სანქციები დაუწესდებათ, გავრცელდა ეჭვები, რომ სანქცირებული ნავთობის გაყიდვასა და ირანული დრონების ყიდვაში დაეხმარა რუსეთს ივანიშვილის მთვარობა და არ დარჩება ეს დაუსჯელი, მაგრამ დროში გაიწელება ეს პროცესი სამწუხაროდ, ჩვენ კი ბევრი დრო არ გაქვს.
– რას გეგმავთ? 2022 წლის 14 ოქტომბერს ისაუბრეთ 2021 წლის 14 ოქტომბერზე, 2022 წლის 30 ოქტომბერს, 2021 წლის 30 ოქტომბერზე მოყვებით და ა.შ. ?
–არა, არა! მაქსიმალურად ვეცდები ყველა ადამიანთან მივიდე, ყველას ვესაუბრო, ყველას მოვუყვე რომ ეფექტი, მხოლოდ ბრძოლას ექნება. ეს უმოქმედობა უნდა შეიცვალოს, გამოსავალი, მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის შეცვლაა. ამხელა რესურსი დევს გამოუყენებლად, ეს უნდა შეიცვალოს.
– არ უშვებთ, რომ ამ რესურსის გამოყენება, რაღაც მიზეზის გამო, თავად სააკაშვილს არ სურს?
–წარმოუდგენელია! რატომ? სააკაშვილს უნდა რომ ივანიშვილი დარჩეს მმართველობაში და ქვეყნის დანგრევა განაგრძოს?
–არ ვიცი, გეკითხებით. რამდენიმე დღის წინ, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროსთან რომ აქცია ყო, სააკაშვილთან ექიმის შეშვების მოთხოვნით, სააკაშვილმა შემოუთვალა, სასწრაფოდ დაიშალეთო…
–ერთი წლის მერე, ამხელა რესურსის პარტია დგას და იხვეწება, სააკაშვილთან ექიმი შეუშვითო. ამაზე ვსაუბრობდი ზემოთ სწორად. 300 კაციც არ იყო ამ აქციაზე და სააკაშვილმა ყველაზე კარგად იცის, ასეთი აქცია როგორი სამარცხვინოა, გაეყვანა, აბა, პარტიას 30 000 ათასი ადამიანი მინიმუმ, თუ იტყოდა, დაშალეთ ეგ აქციაო.
კომენტარები