„ალიას“ ესაუბრება, ეკონომიკის ექსპერტი, ირაკლი ლატარია.
– კვირას ათენში ემიგრანტებს შეხვდა მიხეილ სააკაშვილი, სადაც მოხდა შეხლა-შემოხლა, რამდენად შესაძლებელია, რომ ასეთ ექსცესებს სხვა ქალაქებშიც ჰქონდეს ადგილი და არჩევნების დასრულების შემდეგ – საქართველოშიც?
– ათენში რაც მოხდა, ეს წესით, ბევრ ადგილას არის მოსალოდნელი, ყველგან სადაც გამოჩნდება უკრაინის მოქალაქე, საქართველოდან ძებნილი სააკაშვილი. როდესაც ხედავს, რომ საზოგადოების უმრავლესობა მის სექტასთან არის დაპირისპირებული, მე ვთვლი, არ უნდა ჩადიოდეს ამ ავანტიურას, არ უნდა ჩადიოდეს ქალაქებში და არ უნდა ცდილობდეს, რომ თავისი მომხრე და მოწინააღმდეგე მხარე ერთმანეთს დაუპირისპიროს. ეს არის მარაზმი და სააკაშვილისგან ასეთ რამეებს ყოველთვის ველით. რაც შეეხება, საქართველოს, რადიკალური ოპოზიცია 31 ოქტომბრისთვის არ ემზადება, ემზადება მეორე დღისთვის, რათა დაიწყოს არჩევნების შედეგების ჩაშლა და თქვას, რომ არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ამ წუთას ეს მოლოდინი ეტყობა ოპოზიციურ მხარეს. მათ კვლევების შედეგებიც იციან და ისედაც გრძნობენ, რომ ძალიან მძიმე შედეგით დამთავრდება მათი წლევანდელი პოლიტიკური ასპარეზი, ამიტომ მაქსიმალურად შეეცდებიან, არჩევნების დასრულებისთანავე, იყვირონ, რომ არჩევნები გაყალბდა. რეალურად, ისინი არ ემზადებიან არჩევნებისთვის, ემზადებიან 1-ლი ნოემბრისთვის. არაერთ მოწოდებას, არაერთ მცდელობას ვხედავთ მათი მხრიდან დესტაბილიზაციისკენ. მთელი ეს პერიოდი, მხოლოდ ჩაშლას ცდილობენ რაიმეს, მათი რეიტინგი ეცემა და მათი მიზანი ძალაუფლების დაბრუნებაა ძალისმიერი მეთოდით.
– ძალადობის ფაქტი იყო მარნეულშიც, სადაც „ქართული ოცნების“ წევრები, მერიის თანამშრომელიც კი დააკავეს ძალადობისთვის.
– ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ძალადობას რომელი მხარე ჩაიდენს. ეპოქა როგორ შეიცვალა, ხომ ვხედავთ, რაღა დროს ძალადობაა?! ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა ჩამოვყალიბდეთ იმ პოლიტიკურ ძალებად, რომლებმაც იციან, რომ მუშტით კი არ უნდა დაამტკიცო არჩევნებზე ძალა, უნდა დაამტკიცო ხმითა და ამომრჩევლით. „ოცნება“ ჩაიდენს ძალადობას, ლეიბორისტი, „პატრიოტთა ალიანსი“, ნაცი, თუ ევრონაცი, ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ყველა მოძალადე დამნაშავეა ჩემთვის.
– ჩვენ უკვე გკითხეთ და არჩევნების დასრულებამდე, „ქართული ოცნების“ სიაზე საუბარი არ გსურს, მაგრამ რას ფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობის“ სიაზე და მის პირველ ნომერზე?
– მაგათ ტვინში რა ხდება და რატომ ჩასვეს პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძე, რას გაიგებ? ასეთი ადამიანი, რომელმაც შესძლო და მთელ ერს შეაყვარა თავი როგორც მსახიობმა და მომღერალმა და იყო თითით საჩვენებელი ქართველი, როდესაც თანხმდება რომ პირველ ნომრად ჩასვან იმ ადამიანების სიაში, რომელთა ხელმძღვანელები ან პატიმრები არიან, ან ყოფილი პატიმრები, ან ძებნილები, ჩემთვის პირადად ძალიან გაუგებარია. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, რა იფიქრა და რატომ ჩასვა, ამის ბევრი ვერსია არსებობს, ვთვლი, რომ შიგნით, გუნდში ბევრს „შეუსრულა“ სააკაშვილმა, ჩააჩოჩა ის ადამიანები, ვინც გვეგონა რომ იბრძოდნენ. მაგ პარტიას რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნები აქვს, მაგასაც ძალიან კარგად ხვდებიან და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ გადათამაშებები მოახდინონ. ისეთი ადამიანები ჩასვან სიაში, რომლებიც ცოტა ხნის წინ ანტინაცები იყვნენ. ან ძალიან დიდი ფული გააკეთეს ვიღაცებმა სიებში ხალხის ჩასმით, ან კიდევ, … არ ვიცი, სააკაშვილი იმდენად უპროგნოზოა, რთული გასაგებია, რას აკეთებს დღეს, ან რას გააკეთებს ხვალ…
– კოალიციურ მთავრობას ელოდები ამ არჩევნებისგან?
– არა, არანაირად. 2020 წელს არა და 2024-ში შეიძლება უფრო ველოდოთ კოალიციურ მთავრობას. ახლა „ქართული ოცნება“ იმდენი პროცენტით შევა, რომ მას არ დასჭირდება არავისთან კოალიცია, თუმცა, ეს არ არის კარგი და სასიამოვნო ფაქტი, პირიქით, კარგი იქნება პარლამენტში ბევრი პარტია იყოს. ისევე, როგორც კარგი იქნება, ისეთი ოპოზიციური პარტიები გვყავდეს, რომლებსაც საზოგადოება მოუსმენს. რადიკალური ოპოზიციიდან, რომელზე შეიძლება არჩევანი შეაჩერო? ამიტომ, ბუნებრივია, ეს ხმები მიდის „ქართულ ოცნებაში“. ეს არ არის კარგი ქვეყნის განვითარებისთვის.
– არც ის არის სასიამოვნო, რომ 8 წლის მერეც კი, „ოცნების“ საარჩევნო მესიჯი უცვლელია და ისევ ნაცმოძრაობის დასრულებას გვპირდება.
– ეს არის პარტიის გადასაწყვეტი, მე არა ვარ პარტია. პარტიას თავისი პიარსვლა როგორ ესმის, ეს მისი გადასაწყვეტია. თუ პარტია თვლის, რომ „დავასრულოთ ნაცმოძრაობა“ – ეს სლოგანი იმუშავებს საზოგადოებაზე და ამით ხმებს წაიღებს, კი ბატონო. ფაქტი ისაა, რომ 2016-ში რომ ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ რეიტინგი, იმაზე ბევრად მაღალ რეიტინგს დადებს ახლა, ამ არჩევნებში.
– მიუხედავად უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობისა? ლარის გაუფასურებისა? ფასების ზრდისა? უკმაყოფილო ადამიანები რიცხვის მატებისა?
– უფრო მეტი უკმაყოფილო ადამიანი რომ არის ეს ციფრები საიდან მოიტანე?
– შედი ნებისმიერ უბნის მაღაზიაში და რას ამბობენ ფასებზე, მოისმენ, ნებისმიერი აფთიაქის წინ რომ დადგე 15 წუთით, ხალხი წნევის წამალსაც ვერ ყიდულობს, სხვაზე აღარ ვსაუბრობ, რა პირბადე და რის სადეზინფექციო ხსნარი. საიდან მოვიტანე და ვუსმენ ჩემ ირგვლივ ადამიანებს, მეზობლებს, მეგობრებს, სოციალურ ქსელში, მრავალშვილიან მამებს და დედებს, რომლებმაც არ იციან, შვილები როგორ გამოკვებონ.
– ის, რომ ახლა უფრო მეტი გაჭირვებულია, ეს არ არის ასე, რაზეა საუბარი. თუ პანდემიის პერიოდს გულისხმობთ, ზოგადად მსოფლიოშია ეს პრობლემა. თუ იმაზე საუბრობთ, რომ ვიღაცას გაუჭირდა და ამის გამო შეიძლება ხმა მოჰკლებოდა „ქართულ ოცნებას“, აქ არის მეორე მომენტი, საზოგადოებამ უფრო და უფრო დაინახა ღია „ნაციონალური მოძრაობა“, მათი თამაშები. ამ ყველაფერს რომ ხედავს, ბუნებრივია, მეორე მხარისკენ მიდის. „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იბრძოდა მეორე ადგილისთვის, ბუნებრივია, პირველზე არც ფიქრობს არავინ.
– მეორე ადგილზე კი არის ისედაც 8 წელია.
– აბა, რას ვიძახი? ოპოზიციური ძალები უნდა გაძლიერდნენ ისე, რომ მყარი მეორე ადგილი ჰქონდეთ. ფაქტი არის ის, რაც არის. ნაცებს თუ აკლდებათ, ემატება ის ხმები“ ოცნებას“, ან სხვას. „ოცნებას“ არ დაკლებია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ხმა და ნაცებს ბევრად დააკლდათ ამომრჩეველი, ამაზე ვსაუბრობ.
– პირველ 4 წელიწადში, 2012-2016 წლებში დააკლდა ხმები „ოცნებას“, თუ არა?
– რა თქმა უნდა, დააკლდა.
– და მომდევნო 4 წელიწადში რანაირად მოემატა? ყველაზე გამართულ სახელმწიფოშიც კი სწყინდებათ ხელისუფლება 8 წლის მერე.
– აი, ახლა თქვენ თეორიულად მესაუბრებით, პირველი ოთხი წელი, ახალი მოსული იყო, „ოცნება“ მეტი მოლოდინი იყო და ბუნებრივია, დააკლდებოდა, მარტივია. მეორე ოთხ წელიწადში, შეიძლება ოდნავ კიდევ დაკლებოდა, მაგრამ, ახლა როცა მესამე 4 წელი იწყება, ახლანდელ „ოცნებას“ მოემატა იმის ფონზეც კი, რომ ოპოზიციურ ძალებს დააკლდა ხმები ძალიან, მეორე მხარე ძალიან გაშიშვლდა და საზოგადოებამ ვეღარ ნახა პარალელი ვისთან გაევლო და დარჩა აქედან გამომდინარე „ოცნება“. ამასთანავე, ამ ოთხ წელიწადში, ისიც დავინახეთ, როგორი კრიზისული მართვა აქვს გუნდს, როგორი ცვლილებები, როგორ გადაწყვეტილებებს იღებენ. რა თქმა უნდა, პრობლემები გვაქვს პანდემიის პერიოდში, მაგრამ საზოგადოებამ დაინახა გაზრდილი ექსპორტი, გაზრდილი ინვესტიციები, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, რაც მთავარია, არჩადება, არა მკვლელობები და დაჭერები და ამასთანავე მერე მხარეს არის ხალხი, ვითომ რომ საზღვარს იცავენ და რეალურად მათი გადაცემულია ეს ტერიტორია და ასე შემდეგ. ყველა არის მოლოდინში ძლიერი მეორე მხარის, მაგრამ სანამ ასეთი არ გვყავს, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ემატება პროცენტი და ეს ჩვეულებრივი რაღაცაა.
– რამდენად სწორად მიგაჩნია, „კარტოგრაფების საქმის“ დაწყება წინასაარჩევნოდ და მიმდინარე ომის ფონზე, მით უფრო, როცა გვეუბნებიან, რომ ამ რუკის შესახებ ჯერ კიდევ 2015 წელს იცოდა ირაკლი ღარიბაშვილმა?
– ეს არის ძალიან რთული საკითხი, ძალიან ცუდია, რომ ჩვენ მოვესწარით ჩვენი მიწის გადაცემის ფაქტს, ეს ცუდია ჩვენთვისაც და ჩვენი ისტორიისთვისაც. რატომ ახლა? ეს იყო საგამოძიებო პროცესი, როდესაც მყარად შეეძლოთ მიეღოთ გადაწყვეტილება, ან დაეკავებიათ, ან დაწყებულიყო გამოძიება, მაშინ წაუყენეს ბრალი. ჩვენ საგარეო ურთიერთობებზეც უნდა ვიფიქროთ, მაგრამ პირველ რიგი, საშინაო საქმეებია. მე ამას არჩევნებთან ვერ ვაკავშირებ. რაც შეეხება ომს, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ვნახეთ, რომ ჩვენ არანაირ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, სანამ საომარი მდგომარეობაა აზერბაიჯანში, რადგან ჩვენი მოძმე ქვეყანააო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებაც მოვისმინეთ, ცოტა ხნის წინ, მათ არ უთქვამთ, ომი რომ გვაქვს, ეს საქმე მაშინ რატომ დაიწყეთო. ძალიან ჩვეულებრივად და მეგობრულად გასცეს პასუხი ჩვენ გადაწვეტილებას.
– ჩვენ ჯერ არც არაფერს ვთხოვთ აზერბაიჯანს, მათ შორის, არც ტერიტორიებს, აი, თუ მოვთხოვთ, მერე ალბათ, მათი პასუხიც შეიცვლება. ვნახოთ. სოციალურ ქსელში წერდნენ ადამიანები, მიშას ამდენი ცუდი თუ ჰქონდა გაკეთებული, მარტო კოსტუმებს რატომ ვედავებოდითო…
– არა, ნახეთ რა ცუდად არის შეფუთული. ესეც ნაციონალური მოძრაობისაა, რომელსაც უძლიერესი პიარი ჰყავდა მაგ პერიოდში და „ქართული ოცნებაში“ თითქმის არ არსებობდა პიარი. კოსტუმი არა, აქ არის სახელმწიფო ქონების მითვისება, აქ არის 26 მაისი, ნოემბერი და გირგვლიანის საქმე.
– ჩამოთვლილებიდან, მხოლოდ ორი პროცესი დასრულდა, თუ სწორად მახსოვს…
– რა მნიშვნელობა აქვს, აქ არის საუბარი იმაზე, ვის მიესაჯა და რა მუხლები. კოსტუმით უბრალოდ შეფუთეს, ამათ ხომ შეუძლიათ ასე, გარეჯი ჩვენიაო და როგორც კი აღმოვაჩინეთ დამამტკიცებელი დოკუმენტი, რომ ის მხარე მართლაც ჩვენია, ახლა დაიწყეს, გარეჯი აზერბაიჯანის არისო. წარმოგიდგენიათ, ამ ადამიანებს რა შეუძლიათ და რისი შეფუთვა? კოსტუმი არ არის, აქ არის ძალიან მძიმე დანაშაულებები და ერთ-ერთ საქმედ ესეც გადის, რა თქმა უნდა.
თამო კეშელავა, ალია №37
კომენტარები