ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.
– ბატონი დათო, რამე იყო საქართველოს 2022 წლის პოლიტიკურ ცხოვრებაში კარგი და დადებითი?
-კარგი ერთი რაც იყო ამ წელს, ის იყო, რომ დავინახეთ ჩვენი ერის მისწრაფება ცივილიზებული სამყაროსკენ. ივნისში, ევროკანდიდატატის სტატუსთან დაკავშირებით, ყოველგვარი ორგანიზების, პოლიტიკური პარტიების ჩარევის გარეშე, რუსთაველზე ორჯერ გამოვიდა უამრავი ხალხი და პროტესტი გამოხატა იმის მიმართ, რაც ჩვენი ქვეყნის დაშორებას იწვევს ცივილიზებული სამყაროსგან. გააპროტესტეს ხელისუფლების ქმედება, რომელიც თავისი პოლიტიკით, ქმედებით თუ უმოქმედობით, გვაშორებს ევროპას. ამ ხალხმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს ჭეშმარიტ დასავლურ ღირებულებებს, იმ ფასეულობებს, რომლებიც ჩვენს ცხოვრებასთან ახლოს არის და არა დასავლურ ფსევდოღირებულებებს და ვიღაც კონკრეტულ პიროვნებებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი იბრალებს პროდასავლურობას, მაგრამ მათ ხალხის მხარდაჭერა არ გააჩნიათ, ეს ხალხმა ივნისში მკაფიოდ დააფიქსირა. მარტო ლაპარაკით ვერავინ გავა ფონს, ვერავინ ვეღარ ამოეფარება ლამაზ ლოზუნგებს, ხალხის მოტყუების მიზნით სარგებელი რომ მიიღოს. ხალხი აღარ მოტყუვდება. ვეღარ შეიყვნენ ლაბირინთში, როგორც აქამდე აკეთებენ – შეჰყავდათ ლაბირინთში, პროპაგანდით თავბრუს ახვევდნენ და არ აძლევდნენ რეალობის დანახვის საშუალებას. ახლა ხალხი ყველაფერს კარგად ხვდება. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენს ერში არის უზარმაზარი სურვილი, მუხტი და ეს მუდამ გამოჩნდება ხოლმე მაშინ, როდესაც ღირესეული და რეალური, ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტი ბრძოლა იწყება. აი, ეს იყო დადებითი, სხვა არაფერი.
– ცუდი და უარყოფითი რა იყო?
– ვფიქრობ, 2022 წელი, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უარყოფით წლად შეიძლება ჩაითვალოს. ვერ მივიღეთ ევროკანდიდატის სტატუსი, რადგან გარკვეული და გაუგებარი ახირებები იყო. ვერანაირად ვერ დავაფიქსირეთ პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. ხელისუფლებამ ხალხისგან განსხვავებული პოზიცია დაიკავა და არასამართლიანი, არასაფუძვლიანი ხელოვნური ხიფათები წარმოაჩინა, თითქოს ამ ხიფათებს არიდებდა ჩვენს მოქალაქეებს. ძალიან ბევრი ადამიანი გარბის საქართველოდან და ეს არის ყველაზე დიდი კატასტროფა. 2022 წელს ყველაზე მეტმა ქართველმა დატოვა საქართველო, ეს იყო ამ ანტირეკორდის წელი. ამაში ხელისუფლება ხომ თავისთავად დამნაშავეა და ოპოზიცისაც მიუძღვის თავისი წვლილი. ოპოზიციის ე.წ. კონსტრუქციული თანამშრომლობა და თუ პირდაპირ ვიტყვით, ოპოზიციის დიდი ნაწილის მიყიდვა ხელისუფლებისადმი, კლავს პოლიტიკური ცვლილებების შანსებს, ქვეყანაში ცვლილებების პერსპექტივას ამცირებს. ამ და სხვა მიზეზების გამო, კიდევ უამრავმა ადამიანმა დატოვა საქართველო, უცხოეთში თავის საშველად გაიქცნენ და მონური შრომით ცდილობენ ოჯახების გადრჩენას. წელს ეს იყო ყველაზე ცუდი.
– ოპოზიციის ნაწილი რომ გაიყიდა და პარლამენტში შევიდა, გაყალბებული არჩევნები „გაუთერეს“ „ქართულ ოცნებას“, ამას დადებითი მხარეც ჰქონდა – ხალხმა დაინახა, ვინ ვინ არის, ვინ მგლისკენ და ვინ -თხისკენო, არა?
– კი, ყველა მედალს ორი მხარე აქვს და ეგ დადებითი მხარე იყო, თუმცა, ჯობდა, რომ ოპოზიცია არ გაყიდულიყო, საქმე ბოლომდე მიეყვანა,ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნები დაენიშნა და ეგ არ დაგვენახა. ოპოზიციის ამ ქმედებამ, ხალხში საკმაოდ სერიოზული ნიჰილიზმი გააჩინა. ეს, რომ მარტო პოლიტიკურ ცხოვრებაზე ასახულიყო, ამას ხალხი იოლად გადაიტანდა, მაგრამ ის ადამიანები, რომელთაც ქვეყანა დატოვეს ამ ნიჰილისტური განწყობის, მორიგი იმედგაცრუებისა და პერსპექტივის უპერსპექტივობად გადარდასახვის გამო, იმათ რა ვიყოთ? არც ამ ხალხის გადაწყვეტილება იყო იოლი, მაგრამ წასვლა ბევრად იოლია, ვიდრე დაბრუნება. რამდენი წასული იცით ამ ქვეყნიდან და რამდენი დაბრუნებული? მხოლოდ ერთეულები ბრუნდებიან, როდესაც ჯამში მილიონები მიდიან. ამის მიხედვით განსაჯეთ. დანგრევა ადვილია, აშენებაა ძნელი. ვინც ამ ქვეყნის აღმშენებლები უნდა იყვნენ, ის ხალხი წავიდა. ქვეყნის გონებრივი და ფიზიკური ძალა. დასაქმებული ადამიანები გარბიან ანუ, კომპეტენტური ადამიანები. ეგ არის ყველაზე დიდი უბედურება. უცხო ქვეყანაში არალეგალურ ცხოვრებას არჩევენ სამშობლოში ლეგალურ ცხოვრებას. ამაში ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად არიან დამნაშავენი და დამნაშავე დასასჯელია, რომ ამ ადამიანებს იმედის ბოლო ნაპერწკალი არ ჩაუქრეს.
– აქტიური, ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ხალხი გარბის უმეტესწილად და ეს ხელისუფლებას აწყობს. რაც ნაკლები უკმაყოფილო ადამიანი ეყოლება ქვეყანაში, მით უკეთესი მისთვის. თვისთავად, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციის მხარდაჭერები გარბიან. ოპოზიციაც ვერ მალავს ამას, ზოგი საკრებულოს წევრიც წავიდა უცხოეთში და ზოგის რეგიონული და რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელი.
– რა თქმა უნდა, ძირითადად ოპოზიციურად განწყობილი ხალხი მიდის უცხოეთში და მათი დიდი ნაწილი არა მარტო რიგითი აქტივისტი, ბევრი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობდა რაღაც ფორმით. კი, ეგეთი ხალხი საფრთხეა ხელისუფლებისთვის და აწყობს მათი წასვლა. აბა, „ქართული ოცნების“ მომხრეები არ მიდიან მცირე გამონაკლისის გარდა. კი, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ხალხიც წავიდა, მაგრამ მასობრივი გადინება იქ არ ყოფილა. ხელისუფლების მხარდამჭერებს აქვთ საძოვარი, რომელსაც სძოვენ და ეს ჰყოფნით. „ქართული ოცნება“ ამ გზით ახერხებს ამ ხალხის მხარდაჭერის შენარჩუნებას, თორემ იდეური მხარდამჭერები არ ჰყავს. საქართველო არ არის არც „ნაცმოძრობისა“ და არც „ქართული ოცნებისა“. საქართველო არის ქვეყნა, რომელსაც უზარმაზარი გენი, კულტურული კოდი გააჩნია. ამას ეს ორივე ხელისუფლება ებრძოდა თავიანთი მმართველობის პერიოდში და ცხადია, „ქართული ოცნება“ დღესაც ებრძვის. არც ერთი ხელისუფლება ქვეყნის კულტურული კოდის გაძლიერებას ხელს არ უწყობდა. ყველა ქართველობას და იმ ფასეულობებს ებრძოდა, რითაც აქამდე მოვაღწიეთ. ეს ბრძოლა ყველაზე ცუდია, რაც ხელისუფლებებს გაუკეთებიათ და მოვა დრო და ამის გამო საკადრისი პასუხი აუცილებლად გაეცემათ. იმ უპოვარებს, ბოგანოებს, ვინც ხელისუფლებაში მოდიან და საშვილიშვილოდ მდიდრდებიან, აუცილებლად მოეთხოვებათ ამ ქვეყნის ძარცვა-გლეჯა. აგერ, ვანო მერაბიშვილი „გაათეთრეს“, რომელ ბიზნესებსაც ხელისუფლებაში ყოფნისას ფლობდა, ყველაფერი დარჩა და ახლა პოლიტიკაში დაბრუნებსაც აპირებს. „ქართულმა ოცნებამ“ გადაარჩინა ვანო მერაბიშვილი. 6 წელი ციხე აკმარა „ორი გვამის“ მაძებარს და იმ ორიდან, ერთი გვამი მიუტანეს – უდანაშული გია კრიალაშვილი მოკლეს, ჩაცხრილეს. კობა ოთანაძე ეგულებოდათ მეორე გვამად, მაგრამ სასწულებრივად გადარჩა დაცხრილული კაცი. მარტო ეს, „მუხროვანის ამბოხი“ იყო? სხვა დანაშაულებები არ ჰქონდა ჩადენილი მერაბიშვილს? ბევრი, ძალიან ბევრი დანაშაული ჩაიდინა და აპატიეს, სისხლის სამართლის საქმეები „გაუთეთრეს“.
ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ მგონია, რომ 2024 წელს ამ მოცემულობაში დავრჩებით. წინ ძალიან დიდი ცვლილებები გველის, ბევრი რამ შეიცვლება. რეგიონული თვალსაზრისითაც რა პოლიტიკასაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს, ეს ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიანი არ არის. „ნაცმოძრაობა“ დაიშლება რამდენიმე ნაწილად, განადგურდება. მისი განადგურება „ქართული ოცნების“ განადგურებასაც გამოიწვევს ავტომატურად, რადგან „ნაცმოძრაობაა“ მისი დასაყრდენი. 2024 წლის არჩევნებზე აღარ ეყოლება ბუა „ქართულ ოცნებას“ და ვეღარ შეაშინებენ, ვეღარ ეტყვიან, თუ ჩვენ არ მოგვცემთ ხმას, ესენი დაბრუნდებიანო. „ნაცმოძრაობას“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები და შიდა დაპირისპირება გადაიყოლებს. ამით დაამთავრებენ. რაც მისგან დარჩება, ის უკვე აღარავისთვის აღარ იქნება ანგარიშგასაწევი ძალა, საფრთხობელად ვერ გამოდგება. ძალიან საინტერესო პერიოდში შევდივართ და ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ ქართველმა ხალხმა, რომ ხელისუფლებაში ქვეყანაზე და ხალხზე მზრუნველი პოლიტიკური ძალები მოვიყვანოთ. აუცილებელია, ემიგრანტებმა მიიღონ დისტანციურად, ელექტრონულად ხმის მიცემის საშუალება და შეიცვლება ხელისუფლება. მერე ხალხი უნდა გათავისუფლდეს ვალებიდან, უკანონო და კაბალური ვალებიდან, რომელიც ქართული ბანკებისა მართებთ. საქართველო არაერთხელ დაუპყრიათ სხვა და სხვა სახელმწიფოებს და მომთაბარე ტომებს. მერე, როგორც დაპყრობილ ქვეყანას, ხარკს გვაკისრებენ და ამ ხარკს ხალხი იხდიდა. არც ერთ დამპყრობელს არ დაუდია ქართველი ხალხისთვის იმხელა ხარკი, რაც ჩვენმა საბანკო სექტორმა დაადო, ასეთი კაბალური, უსამართლო და უნამუსო გადასახადები არასდროს ჰქონია ჩვენს ხალხს. ამაში მონაწილეობს ჩვენი ე. წ. ეროვნული ბანკი. არა მარტო უგვანი პოლიტიკური ძალებისგან, ამათგანაც უნდა გავთავისუფლდეთ.
დაბოლოს, „ალიას“, მის თანამშრომლებს, თქვენი გაზეთის და საიტის მკითხველებს გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! სიკეთისა და წარმატებების მომტანი იყოს თქვენთვის 2023წელი!
კომენტარები