რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, საერთაშორისო ბაზარზე გაზრდილი ნავთობისა და ენერგოპროდუქტების ფასების საპასუხოდ, აშშ-ის მთავრობამ სტრატეგიული რეზერვების (SPR) გამოყენების და ბაზრისთვის 180 მილიონი ბარელი ნავთობის მიწოდების გეგმა წარადგინა.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ინიციატივას შეუერთდა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოც (IEA) და საერთო ჯამში, საერთაშორისო ბაზრისთვის 240 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის მიწოდებაა დაგეგმილი.
მიწოდების ზრდის ამბის გავრცელებას ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირება მოჰყვა, ამჟამად ბარელი WTI Crude-ის ღირებულება 96 დოლარამდეა შემცირებული, Brent-ის ფასი კი 100 დოლარამდე დაეცა. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ნავთობის ფასები 110-117 დოლარის დიაპაზონში იყო, გასული თვის დასაწყისში კი ბარელი Brent-ის ღირებულება $130-ს აღწევდა.
საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაიაფების ფონზე მოსალოდნელია, რომ ქართულ ბენზინგასამართ სადგურებში საწვავის ფასები შემცირდეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქართულ ბაზარზე საერთაშორისო ფასების მყისიერი ასახვა არ ხდება და ამისათვის დაახლოებით ორკვირიანი პერიოდია საჭირო, რადგან ნავთობიმპორტიორებს მიმდინარესთან ერთად, წარსულში გადახდილი ფასების გათვალისწინებაც უწევთ.
საწვავის მოსალოდნელი გაიაფების საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ წლის განმავლობაში საწვავის ფასები ეტაპობრივად დაიწევს, რისი ვარაუდის საშუალებასაც ახლადგაფორმებული, შედარებით იაფი კონტრაქტები იძლევა.
„ჩვენი მოლოდინია, რომ საწვავის ფასები დაიწევს. ამის საფუძველი ახლადგაფორმებული კონტრაქტებია, რომლითაც საწვავი უფრო დაბალ ფასშია და ქვეყანაში ჯერ არ შემოსულა. ამას ვაკვირდებით და გვაქვს დიალოგი კერძო სექტორთან, რომ ამ სიტუაციით ვინმემ უფრო ბოროტად არ ისარგებლოს.
ნავთობზე დადებული ფიუჩერსული გარიგების ფასები წლის მეორე ნახევარში კიდევ მცირდება და წლის ბოლოს კიდევ უფრო დაწეულია.”
რაც შეეხება მინისტრის მიერ აღნიშნული სამომავლო კონტრაქტების, ანუ ფიუჩერსების ფასებს, Market Watch-ის მონაცემებით, ფიქსირდება ფიუჩერსული გარიგებების ფასების შემცირების ტენდენცია, კერძოდ, ბარელი ნედლი ნავთობის ივლისი-აგვისტოს კონტრაქტები ამჟამად ბირჟაზე 94 დოლარად ივაჭრება, ოქტომბერ-ნოემბრის ფიუჩერსების ფასები 92-91 დოლარის ფარგლებშია, 2022 წლის დეკემბრის თვის კონტრაქტების ღირებულება კი ამჟამად დაახლოებით 90-91 დოლარს შეადგენს. ეკონომიკის მინისტრის ვარაუდი, საწვავის გაიაფებასთან დაკავშირებით, აღნიშნულ მონაცემებს ეყრდნობა.
შეგახსენებთ, რომ ფიუჩერსი ვადიანი საბირჟო კონტრაქტია, რომლის გარიგების მხარეები იღებენ ვალდებულებას, წინასწარ დადგენილ ვადაში, ფიქსირებულ ფასად გაყიდონ და შეიძინონ გარკვეული საქონელი, ამ შემთხვევაში, ნედლი ნავთობი.
ბიზნეს– მედია
კომენტარები