დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულის პერიდოში ყველა სკოლის მასწავლებელი, უნივერსიტეტების პერსონალი და სტუდენტები უნდა აიცრას, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში დაიწყოს.
ვაქცინაციის ოფიცრები ივლიან სკოლებში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში და მსურველებს აცრისთვის ჯავშნის გეკეთებაში დაეხმარებიან.
ამის შესახებ მან, 15 ივნისს, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ზაფხულში უნდა ჩავატაროთ მაქსიმალური რაოდენობა აცრების, რომ შევხვდეთ უსაფრთხოდ უნივერსიტეტებში სწავლის დაწყებას. ანუ, ყველა მასწავლებელი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი, რომელიც მივა უნივერსიტეტში უნდა იყოს ორჯერადად აცრილი. ისევე როგორც ყველა სკოლის მასწავლებელი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, რომ სკოლა იყოს უსაფრთხო ბავშვებისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა მსჯელობს, ორჯერადად აცრილი პირებისთვის გარკვეული შეღავათები დაწესდეს და ისინი სავალდებულო ტესტირების ჩატარებისგან გათავისუფლდნენ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინის რამდენიმე ასეული დოზა არსებობს, რომელიც მძიმე პაციენტების და ასევე საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის გამოიყენება.
„ფაიზერი დარჩა სულ რამდენიმე ასეული დოზა რომელიც იხმარება ორგანოგადანერგილებზე, მძიმე ონკოლოგიურ პაციენტებზე და ასევე ჩვენი სტუდენტებისთვის, ვინც ჩაირიცხა წამყვან უნივერსიტეტებში და მოთხოვნაა, მათ ვცრით“, – აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
ამირან გამყრელიძის მოადგილის, პაატა იმნაძის დაზუსტებით კი, აცრა იძულებითი ღონისძიება არ იქნება.
„რა თქმა უნდა, ეს არ იქნება იძულებითი ღონისძიება, თუმცა, კერძო სასწავლებლებს შეუძლიათ თავიანთ კონტრაქტებში გაითვალისწინონ ეს. ალბათ, იცით, რომ ბევრ ქართველ სტუდენტს, რომელიც საზღვარგარეთ სასწავლებლად მიდის, არ იღებენ, თუ აცრილი არ არის. ეს ნორმალური პრაქტიკაა მსოფლიოში “, – აღნიშნა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამირან გამყრელიძეს არ დაუკონკრეტებია, რატომ ცრის საზღვარგარეთის უნივერსიტეტების ქართველ სტუდენეტებს “ფაიზერით”, აკი, ჩინური ვაქცინა სხვა ქვეყნებისთვისაც მისაღებიაო? უნივერსიტეტები ითხოვენ ფაიზერით იყოს სტუდენტი აცრილი? და იმ შემთხვევაში რას გააკეთებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, საქართველოს უნივერსიტეტებმა, სკოლებმა, მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და სტუდენტებმა, რომ ფაიზერით მოითხოვოს აცრა?
პაატა იმნაძის თქმით, როგორც ხედავთ, აცრა ნებაყოფლობითია, მაგრამ კერძო სასწავლებლებს შეუძლიათ კონტრაქტში გაითვალისწინონ და ჩაამატონ პუნქტი იმის შესახებ, რომ პირი, რომელსაც უნდა რომ ასწავლოს, ან ისწავლოს – უნდა იყოს აცრილი. გარდა იმისა, რომ ეს პირდაპირი მინიშნებაა კერძო სასწავლებლებისთვის, რას მდგომარეობა იქნება საჯარო სკოლების შემთხვევაში? როგორ არის ის ნებაყოფლობითი, რის გაწერასაც წინასწარ მიანონსებს სახელმწიფო მოხელე კერძო კონტრაქტში? ეს ყოფილა ნორმალური პრაქტიკა მსოფლიოში – მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, ნორმალური პრაქტიკაა, ვაქცინა დროულად მიაწოდონ თავიანთ მოქალაქეებს და თავიდან აირიდონ შემდგომი და შემდგომი ტალღები – მაგალითად, ზაფხულის შემდეგ კი არა, ზაფხულამდე რომ გვყოლოდა ქვეყნის მოსახლეობის 70 პროცენტამდე მაინც აცრილი, ისევ იქნებოდა სექტემბერში მეოთხე ტალღა მოსალოდნელი? ვინ იქნება პასუხისმგებელი იმ მოსალოდნელ ტალღაზე, რომელსაც დღეის მდგომარეობით რამდენიმე ასეული დოზა ფაიზერით ვხვდებით? არ ვსაუბრობთ ჩინურ ვაქცინაზე, რომელიც კრიტიკას, უკვე არაერთი ექიმი ღიადაც აღარ ერიდება.
კომენტარები