ალტ-ინფოს ერთ-ერთი ლიდერის და მათივე პარტიის “კონსერვატიული მოძრაობის” თავმჯდომარის, ზურაბ მახარაძის, რომელმაც, 13 მარტს განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ქვეყანას ტოვებს, რადგან მოუწევს “ადგილზე მუშაობა”, სოციალურ გვერდზე წერილი ვრცელდება, სადაც წერია:
“მოგესალმებით მეგობრებო, ერთ თვიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაგიბრუნდით.
როგორც იცით, ჩვენი პარტიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, მომიწია გარკვეული დროით ქვეყნის დატოვება და ქვეყნის შიდა ყოველდღიური ცხოვრებიდან ცოტა ხნით გადართვა ჩვენს რეგიონში მიმდინარე გლობალურ ცვლილებებსა და გამოწვევებზე ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციების და მოსამზადებელი შეხვედრების გამართვა, სამომავლო მიზნების დასახვა, საკონსულტაციო და სამუშაო ჯგუფების ფორმირება, რომელთა საშუალებითაც ძალიან მალე, მას შემდეგ რაც დასრულდება უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია, საშუალება მოგვეცემა უფრო გაფართოებული დელეგაციით, მაღალი რანგის შეხვედრები გავმართოთ სახელმწიფო დუმის, ფედერაციული საბჭოს, საექსპერტო-პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან, რაც სავარაუდოდ მოხდება მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში.
გვქონდა წარმატებული და ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრები აღნიშნული წრეების წარმომადგენლებთან რაც საშუალებას მაძლევს ვიმედოვნო, რომ დაგეგმილი ხსენებული გაფართოებული შეხვედრა, უფრო დიდ და ხელშესახებ შედეგს მოიტანს, იმ ფონზე როდესაც უკრაინის პერიპეტიები სავარაუდოდ დასრულებული იქნება და რუსეთის სტრატეგიული უსაფრთხოება მეტწილად (დღევანდელთან შედარებით) უზრუნველყოფილი და დაკმაყოფილებული.
აღსანიშნავია, რომ ამ მოლაპარაკებების ფონს, აიოლებდა ის გარემოებაც, რომ საქართველო არ შეერთებია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, არ გაჟღერებულა ხისტი და არადიპლომატიური მოპყრობა რუსეთის სტრატეგიული ინტერესებისა და უსაფრთხოების მიმართ, რაც უკვე აღინიშნა და დადებითად იქნა შეფასებული რუსეთის ფედერაციული საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის მიერ.
ფაქტობრივი, არაოფიციალური ნეიტრალიტეტი, რისი მიღწევაც მოხერხდა ალტ ინფოს და კონსერვატიული მოძრაობის აქტიური და თავგადადებული ძალისხმევით, ამ მოლაპარაკებებს საგრძნობლად წინ წევს და ამ გაფართოებული შეხვედრის წინ მნიშვნელოვან პლაცდარმს გვაძლევს სამომავლო ურთიერთობების დალაგებასა და ნორმალიზებისთვის.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჩვენი რეგიონის სირთულისა და სპეციფიურობის გამო, გრძელვდიანი ნეიტრალიტეტის მიღწევა, ჩვენთვის წარმოუდგენელ ამოცანად იქცევა. ეს შესაძლებელია კონკრეტულ მომენტსა და ვითარებაში, სამწუხაროდ ჩვენი გეოგრაფიული ლოკაცია იძულებულს გვხდის, ვეძებოთ ძლიერი დასაყრდენი, მოკავშირე და მენტალურად ახლოს მდგომი ძალა, რომელიც ჩვენს კულტურულ, ისტორიულ, რელიგიურ და ეთნიკურ თვითმყოფადობას არათუ დაემუქრება, არამედ აღნიშნულის შენარჩუნებისა და სწორი გზით განვითარების საშუალებას მისცემს.
ჩვენ ასევე გვჭირდება ისეთი პარტნიორი ორგანიზაციები, იქნება ეს სამხედრო თუ ეკონომიკური, რომლებში შესასვლელადაც არ მოგვიწევს სამარცხვინო 30 წლიანი ლოდინი, სადაც არ გვთხოვენ საკუთარი იდენტობის, ფასეულობების და ტრადიციების წაშლას, უარყოფას, არ გაგვხდიან სამათხოვრო გრანტების მომლოდინეს, რომელთაც ისევ ამ ძალების ადგილობრივი წარმომადგენლები ინაწილებენ და ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას ყოველდღიურად გაუსაძლისს ხდიან.
რა თქმა უნდა საუბარი იყო 3+3 ფორმატის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა(ОДКБ) და ევრაზიული კავშირის წევრობაზე, სადაც დასაწყისისთვის მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნულ ორგანიზაციებში შესასვლელად 30 წელი ნამდვილად არ დაგვჭირდება და წარდგენის შემთხვევაში ძალიან მალე დაკმაყოფილდება მოთხოვნა, მაგრამ ჩვენ ჯერ ამისგანაც ძალიან შორს ვართ და საუბარი მეტწილად საკონსულტაციო სახის იყო, სადაც საქართველოს, სურვილის შემთხვევაში შეეძლება დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა. თუმცა ჯერ სამუშაო პროცესია და წინასწარ რაიმეს თქმა მართებული არ იქნება.
მინდა აღვნიშნო, რომ უშუალოდ მოსკოვში, ძალიან შესამჩნევი იყო ჩემთვის ადგილობრივი მოსახლეობის ამაღლებული განწყობა, შემართება, ერთიანობა და გარკვეულ წილად ამ ყველაფრიდან გამომდინარე სიხარული, რამეთუ ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, თუ არ ჩავთვლით 2014 წელს, პირველად განიცდიან იმ სიამაყის გრძნობას, რაც მათი ქვეყნის ძლიერი საერთაშორისო პოზიციონირებიდან მომდინარეობს. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს ჩვენს გადაცემებში, რომ ეს ადამიანები ცხოვრობენ თავიანთი იმპერიული ამბიციების შესაბამისად და მათთვის რაიმე საყოფაცხოვრებო პრობლემის შექმნა ვერანაირად ვერ ზემოქმედებს მათ იმპერიულ მისწრაფებებზე და განზრახვებზე და ნებისმიერი მოლოდინი, ამ ადამიანების გაატეხვის და საკუთარ მიზნებზე უარის თქმის ფუჭი და წყლის ნაყვაა. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ხდება პოსტ-საბჭოთა სივრცის აღდგენა, რუსეთის გავლენების ზრდა მათთვის ბრენდული ტანისამოსის თუ სხვადასხვა წარმოების სმარტფონების რუსეთში არ შეტანა, ვერანაირ ხელშესახებ წინააღმდეგობას ვერ ქმნის. აღსანიშნავია ისიც, რომ არ შეინიშნება არანაირი ეკონომიკური თუ სოციალური კრიზისი და ადამიანები კვლავინდებურად ცხოვრობენ, მუშაობენ, სწავლობენ, ერთობიან და წელს განსაკუთრებით ემზადებიან 9 მაისის აღსანიშნავად. არსებობს მოლოდინი, რომ სწორედ ამ დღისთვის დასრულდება სპეცოპერაცია უკრაინაში და დაიწყება ახალი თავფურცელი რუსეთის ისტორიაში.
ახლა რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
არ შემიძლია არ გამოვეხმაურო 5-6 ივლისს დაკავებული ბიჭების უსამართლო სასამართლო პროცესს, სადაც ამერიკის ელჩის და მასთან ასოცირებული ორგანიზაციების ზეწოლით, ხელისუფლებამ ეს ბიჭები გაწირა და მათმა სასამართლომ დაუმსახურებლად მიუსაჯა 5 წლიანი პატიმრობა. როგორც ვამბობდით, ეს კეთდება იმისთვის, რომ ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი პატრიოტი და ეროვნულად მოაზროვნე ქართველი დარჩეს სახლში და სახლიდან უყუროს გარყვნილი, სოდომიტი ორგანიზაციების მიერ მოწყობილ პრაიდს და პატიმრობის შიშით ხელი არ შეუშალოს და არ აღკვეთოს გარყვნილების ზეიმი ქვეყნის ცენტრალურ პროსპექტსა თუ მოედანზე. ეს კეთდება ჩვენს დასაშინებლად და დასათრგუნად. ამ მარაზმის შეჩერების და აღკვეთის ერთადერთი ლეგიტიმური გზა, არის მუდმივი პერმანენტული აქციები ამერიკის საელჩოსთან, ელჩ კელი დეგნანის გაწვევის, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის მოთხოვნით, ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმების მოთხოვნით. ჩვენ საქმე გვაქვს პირდაპირ ამერიკასთან და ქვეყნის დასავლელ კოლონიზატორებთან. ჩვენ არ გამოვეკიდებით მათ ლაქიებსა და მარიონეტებს, რომლებსაც პერიოდულად გვიცვლიან და ამით რაღაც დემოკრატიულ ილუზიას გვიქმნიან.
მას შემდეგ რაც უკრაინის საკითხი გადაწყდება და ამერიკის გავლენა რეგიონში დასუსტდება, ჩვენ ძალიან მალე, მაისის პირველი რიცხვებიდან, მოსკოვში ვიზიტამდე (რომელიც როგორც ვთქვი ან მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში გაიმართება), დავიწყებთ ფართომასშტაბიან, პერმანენტულ მოძრაობას, აქციებს უშუალოდ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და ეს აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენს ეროვნულ მიზანს არ მივაღწევთ.
ასევე მინდა გამოვეხმაურო ჩავლილ 9 აპრილს და კონკრეტულად ჩვენს ეთერში გასულ გადაცემას, სადაც პარტიის წევრის, ბატონი ირაკლი ზაქარიაშვილის მიერ იქნა გაჟღერებული კონკრეტული პოზიცია, ისეთი რაც ჩვენ მანამდეც გაგვიჟღერებია და რატომღაც არ მოყოლია ასეთი ვნებათა ღელვა საზოგადოების მხრიდან, ჩემთვის ცოტა გაუგებარია რატომ მოხდა ეს ამ შემთხვევაში. თუმცა თუ სურათს კარგად შევხედავთ, დავინახავთ რომ კონსერვატიულ მოძრაობას მხოლოდ ლიბერალური ფლანგი არ ებრძვის, არამედ ფსევდო და ურაპატრიოტებიც, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ ჩვენი საქმიანობისთვის ხელის შეშლას, ტალახის და ლაფის სროლას ჩვენი მიმართულებით და არ ერიდებიან ყველანაირი სიბინძურის კადრებას. ასეთი ორი გამორჩეული ფიგურანტია ამ შემთხვევაში, ესენი არიან ძმები ნემსაძეები, პროფესიით დამბეზღებელი, ჩამშვები, სპეცსამსასხურების აგენტები და მათგან სამწუხაროდ ასეთი ქცევა პირველი არ არის. არც მათგან და არც მათი სექტისგან, სადაც პიროვნების კულტს, ფანატიზმის, ბელადიზმს დიდი ადგილი უჭირავს მათი ეს მათი ვიწრო წრე, ე.წ “ეროვნულების” ყოველთვის მანიპულირებენ კონკრეტული სახელებითა და გვარებით და მათთვის კორექტული, საწინააღმდეგო აზრი პიროვნებების თუ მოვლენების შეფასებისა თავშივე მიუღებელია.
9 აპრილი დიდი თარიღია და იგი ჩვენი ახლო წარსული ეროვნული იდენტობის მთავარი ქვაკუთხედია. ის ადამიანები რომლებიც შეეწირნენ ამ დღეს, იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, მათ შორის რელიგიური, კულტურული, იბრძოდნენ სუვერენიტეტისთვის, საპატიო ადგილისთვის მსოფლიო რუკაზე. რომელი გვაქვს დღეს? ალბათ სწორი იქნება რომ დავსვათ ეს შეკითხვა. ჩვენს რელიგიას ყოველდღიურად თავს ესხმიან, კულტურას, ტრადიციებს, ფასეულობებს გვინადგურებენ, ჩვენი სუვერენიტეტი ვაშინგტონსა და ბრიუსელზეა მიბარებული, თავისუფლება კი ევროებსა და დოლარებზე გაყიდული.
აქედან გამომდინარე, თუ ვინმე გამოთქვამს წუხილს რომ ეს ასე არ იყოს, სურვილს რომ მეორედ არ მოგვიწიოს 9 აპრილის გავლა და ჩვენ ვიმყოფებით იმ წერტილში, სადაც ერთი არასწორი მოძრაობა, არათუ რუსთაველზე მხუთავი აირით და ნიჩბებით მომარჯვებულ რუსის ჯართან, არამედ მსოფლიოს ნომერ მეორე (შეიძლება პირველ) არმიასთან მოგვიწევს შეჯახება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც უპირობო ჩვენს მარცხს და განადგურებას უდრის. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება წარსული შეცდომების გამეორების. არ გვაქვს უფლება ვიღაცის “იზმი” მოვიხვიოთ თავს იქნება ეს “მიშიზმი” “ზვიადიზმი” თუ ა.შ და აღმოვჩნდეთ პიროვნები კულტის მძევლები.
ძალიან ბევრი დამიგროვდა სათქმელი, იქიდან გამომდინარე რომ რუსეთში ფეისბუქი დაბლოკილია, მხოლოდ და მხოლოდ მინსკში მომეცა საშუალება აქ შემოსვლის. ყველაფერი კარგად არის, წინ ძალიან ბევრი სიურპრიზი გველოდება, იწყება ახალი რეალობა, იხსნება ახალი შესაძლებლობები და ჩვენ ეს შესაძლებლობები აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ!?”
მიუხედავად იმისა, რომ პარტიის თავმჯდომარის გვერდზე, სოციალურ ქსელში, წერილი რამდენიმე საათის წინ გავრცელდა, პარტიის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში, 9 აპრილის შემდეგ ინფორმაცია არ განახლებულა. თუ პარტია განცხადებას გაავრცელებს, ზურაბ მახარაძის გვერდზე გავრცელებულ წერილზე, ინფორმაციას ჩვენც განვაახლებთ.
მოგვიანებით, ალტ–ინფოს გვერდზე გავრცელდა განცხადება, სადაც წერია, რომ ეს არ არის ზურაბ მახარაძის განცხადება და პროვოკაცია მოუწყვეს.
(ვიდეო) – “მომიწევს ადგილზე მუშაობა” – სად გაემგზავრა ზურაბ მახარაძე?
კომენტარები