ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნელი დოროყაშვილი ამბობს, რომ ადვოკატ ირმა ჭკადუას წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.
“ირმა ჭკადუა ორი წლის განმავლობაში ისევე, როგორც სასამართლო დარბაზში, ასევე მედიასივრცეში და მედიის გარეთ არღვევს ჩემი და ჩემი არასრულწლოვანი შვილის უფლებებს. ვამზადებ სარჩელს ქალბატონი ირმა ჭკადუას წინააღმდეგ, აუცილებლად ვუჩივლებ ცილისწამებაზე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე. ვგულისხმობ ცილისწამებას, ჩემი და არასრულწლოვნის ინტერესების დაკნინებას. ჩემი, როგორც პიროვნების სახელისა და სტატუსის შებღალვას, პირველი იქნება ირმა ჭკადუა, რომელიც ემსახურება ამას ორი წელია და ეს იყო მისი თვითმიზანი. თვითონ გახადეს საჯარო თემა და საზოგადოებისთვის აქტუალური, თორემ მე ამდენი ხნის განმავლობაში ჩუმად ვიყავი. ახლა დაიხვია ხელზე, რომ ვითომ ჩემი არასრულწლოვანი შვილის ინტერესებს მე ვარღვევ, რასაც თვითონ აკეთებენ ბოლო 2 წელია”, – განაცხადა დოროყაშვილმა.
ამასთან, დღევანდელ სასამარტლო პროცესზე საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულებები წარმოადგინეს და განიხილეს. ნელი დოროყაშვილის თქმით, მის მიმართ განხორციელებული ძალადობა რამდენიმე ვიდეოზეა ასახული.
„ჩაალაგე ტანსაცმელი და გადადი სხვაგან საცხოვრებლად, არაადამიანი ხარ“, – ასე მიმართავს ერთ-ერთ ვიდეოში ნეკა დოროყაშვილი ტირილით ბასილაშვილს.
საქმეში 4 ვიდეოჩანაწერი ფიგურირებს. როგორც დოროყაშვილმა პროცესზე განაცხადა, მას მოხვდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ მოქნეული ჩანთა, რომელშიც ჩოგნები ელაგა.
„ჩემი მიმართულებით ჩანთა მოიქნია და მომხვდა. ჩანთა, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილმა მომიქნია, ჩოგნებით იყო სავსე“, – განაცხადა დოროყაშვილმა, თუმცა, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატების განცხადებით, წარმოდგენილ ვიდეოში ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობა არ ჩანს.
ადვოკატები განმარტავენ, რომ ეს ჩანაწერი რეალობას არ ასახავს. ისინი დაინტერესდნენ, თუ რატომ არ არის წარმოდგენილი ვიდეო სრულყოფილი და რატომ ვერ შეძლო დოროყაშვილმა ვიდეოს სრულყოფილად ჩაწერა.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.
კომენტარები