ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის პოსტს ეხმაურება წერილით:
„ნუ ვეძებთ კატას ბნელ ოთახში
COVID-19-თან ბრძოლაში საქართველოს მიერ დადებული შედეგები კარგი მენეჯმენტის შედეგია. ა.წ. 27 აგვისტოს ქ-ნმა მაია ბუწაშვილმა ფეისბუქზე განათავსა პოსტი, სადაც ის ცდილობს გაანალიზოს, თუ რატომ არის სიკვდილობის მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალი ევროპისა და ამერიკის განვითარებულ ქვეყნებში, ზოგიერთ განვითარებად ქვეყანასთან შედარებით. განხილულია ყველა შესაძლო მიზეზი, გარდა იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს COVID-19-ის უკეთესი მენეჯმენტი ზოგადად და კლინიკებში კერძოდ. ამას ქ-ნი მაია არ უშვებს.
ყურადღებას იპყრობს ფრაზა „ხომ წარმოუდგენელია, რომ ამ უკანასკნელ ქვეყნებში (მათში საქართველოც შედის) COVID-ით დაავადებულებს უფრო კარგად უვლიან და მკურნალობენ, ვიდრე მსოფლიო მედიცინის საუკეთესო დონის ქვეყნებში“.
თავის ა.წ. 3 სექტემბრის პოსტში ქ-ნი მაია ასევე ამბობს – „როგორ დავიჯერო, რომ ჩვენ ექსკლუზიურად მივხვდით, რომ მკაცრი კარანტიანი კარგია და იმათ გაუჭირდათ ამის მიხვედრა და რაც დაემართათ ამიტომ დაემართათ“. როგორც ამბობენ „შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო”.
საყურადღებოა აგრეთვე ამ პოსტზე ბ-ნ გიორგი კანდელაკის კომენტარი, რომლის მიხედვითაც აშშ-ში სიკვდილობის რეალური მაჩვენებელი, არა 3,4%, არამედ მხოლოდ 0,26%-ია, ანუ საქართველოს სიკვდილობის მაჩვენებელზე (1,21%) უფრო დაბალი და რომ ჩვენი საავადმყოფოები „გავსებულია სრულიად ასიმპტომური პაციენტებით“?!, რომლებიც „მიწას რომ ხნავდნენ, ისე წამოიყვანეს საავადმყოფოში“.
შეიძლებოდა ამ პოსტისა და კომენტარისთვის დიდი ყურადღება არც მიგვექცია, რომ არა ერთ რამ. ასეთი პოსტები თესავენ მოსახლეობაში ნიჰილიზმს, უნდობლობას და იმის განცდას, რომ საქართველოში არ შეიძლება რაიმე კარგად და მითუმეტეს სხვა ქვეყნებზე უკეთ კეთდებოდეს.
ქ-ნ მაიას და ბ-ნ გიორგის ინტელექტისა და პროფესიონალიზმისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, კატეგორიულად ვერ დავეთანხმებით მათ პოზიციას და ტენდენციურ შეფასებებს და შევეცდები განვმარტო რატომ. თუ მათთვის ჩემი არგუმენტები დამაჯერებელი არ იქნება, მზად ვარ შევხვდე ტელედებატებში.ქ-ნო მაია!
გეთანხმებით, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რესურსი მთლიანობაში გაცილებით უფრო მწირია, ვიდრე ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, შვეიცარიის და სხვა მსგავსი ქვეყნების, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ცალკეულ სეგმენტებში არ შეგვიძლია უფრო წარმატებული ვიყოთ. ასეთი მაგალითი არაერთია. თუნდაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მიღწეულია განკურნების მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 99% (რაც მთელმა მსოფლიომ აღიარა).
ალბათ ისიც გახსოვთ, რომ ჩვენს იმ დროისთვის (2016 წელს) ინოვაციურ პროტოკოლს თქვენ „ნაჯახის სუპი“ უწოდეთ და ამ „ნაჯახის სუპმა“ განკურნების მსოფლიოში სარეკორდოდ მაღალი მაჩვენებლები დადო. მე არ ვიცი, რა ხდება აღრიცხვიანობის თვალსაზრისით ბანგლადეშში, ზიმბამბვეში, ან ტუვალუში, ვერც იმაზე დავდებ თავს, თუ რამდენად სარწმუნოა ამ მხრივ აღმოსავლეთ ევროპის და აზიის ავტორიტარული ქვეყნების მონაცემები, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოში COVID-19-თან დაკავშირებით ნებისმიერი, სულ მცირე მანიპულირებაც კი გამორიცხულია და ეს თქვენც კარგად იცით. ამიტომ საქართველოს მიერ დადებულ შედეგებს ძალიან მაღალი ნდობა აქვთ და ეს შედეგები მთლიანად განპირობებულია იმით, რომ ქვეყანა სხვებზე უკეთ მართავს COVID-19-ის პანდემიას.
დიახ, ეს ასეა, გჯერათ, თუ არა ამის და მოგწონთ, თუ არა ეს.პანდემიასთან ბრძოლაში ქვეყნის წარმატების ყველაზე მთავარი მაჩვენებელი – ეს არის მოსახლეობის 1 მილიონზე COVID-19-ის შემთხვევების და განსაკუთრებით COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა, რაც არანაირ მანიპულირებას და განსხვავებულ ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება და მსოფლიოს (World meter, ჯანმო და სხვ.) ოფიციალური მონაცემებით ორივე ამ მაჩვენებლით საქართველო უპირობო ლიდერია ევროპის 49 ქვეყანას შორის. კერძოდ, საქართველოში ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე სულ COVID-19-ის 379 შემთხვევა და 5 გარდაცვლილი მოდის, რაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე ევროპის და ამერიკის ქვეყნებში.
ასე მაგალითად, საქართველოში მოსახლეობის ყოველ 1 მილიონზე COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 113-ჯერ ნაკლებია ვიდრე აშშ-ში, 115-ჯერ ნაკლები ვიდრე შვედეთში, 124-ჯერ ნაკლები ვიდრე ესპანეთში, 122-ჯერ ნაკლები ვიდრე დიდ ბრიტანეთში, 117-ჯერ ნაკლები ვიდრე იტალიაში, 94-ჯერ ნაკლები ვიდრე საფრანგეთში, 24-ჯერ ნაკლები ვიდრე რუსეთში, 22-ჯერ ნაკლები ვიდრე გერმანიაში, 59-ჯერ ნაკლები ვიდრე სომხეთში, 10-ჯერ ნაკლები ვიდრე აზერბაიჯანში, 15-ჯერ ნაკლები ვიდრე თურქეთში და ა.შ. და ა.შ.
ანუ საქართველო ბევრად სჯობნის არამარტო ევროპის და ამერიკის განვითარებულ ქვეყნებს, არამედ განვითარებადსაც და ასე განსაჯეთ, იმ ქვეყნებსაც კი, რომლებიც მანიპულირებაში არიან ეჭვმიტანილი. ეს არის COVID-19-ით გარდაცვლილთა ზუსტად დათვლილი მაჩვენებლები 1 მილიონ მოსახლეზე და მასზე ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს, თუ რას შეიტანთ დენომინატორში – მხოლოდ ჰოსპიტალიზებულ და მძიმე პაციენტებს, თუ უსიმპტომოებს და სავარაუდოდ ინფიცირებულებს და ეს არის ყველაზე სარწმუნო კრებითი მაჩვენებელი, თუ როგორ უმკლავდებოდა ესა თუ ის ქვეყანა COVID-19-ის პანედემიას და მისი განსხვავებული ინტერპრეტაცია შეუძლებელია.
როგორ გახდა ეს შესაძლებელი. ჩინეთში COVID-19-ის გაჩენისთანავე საქართველოში ჩამოყალიბდა ეპიდემიოლოგების, ექიმების და მთავრობის ერთიანი გუნდი, რომელმაც სხვა ქვეყნების უმეტესობისგან განსხვავებით დროულად და სწორად შეაფასა მოსალოდნელი საფრთხე და წინსწრებით გაატარა პრევენციული ღონისძიებები. საქართველოს სახელმწიფო ვერტიკალის საპასუხო ღონისძიებები იყო დროული, ადექვატური და ძალიან ეფექტური. ამასთან ყველა შემთხვევაში გამოიყენებოდა მხოლოდ პროპორციული ძალა, არც მეტი, არც ნაკლები. ხაზს ვუსვამ პროპორციული და არა გადაჭარბებული. ამის შესანიშნავი მაგალითია კონტროლი საზღვრებზე, საგანგებო ზომების შემოღება და მოხსნა საჭირო დროს და საჭირო მოცულობით, მყისიერი რეაგირება COVID-19-ის თითეულ მიკროაფეთქებაზე და კერის უმოკლეს დროში ლოკალიზება/ლიკვიდაცია ადგილობრივი მოსახლეობის ყველა საჭირო სერვისებით უზუნველყოფის ფონზე.
ამ პროცესში განსაკუთრებული როლი შეასრულა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა (ბ-ნი ამირან გამყრელიძე, ბ-ნი პაატა იმნაძე, ქ-ნი ხათუნა ზახაშვილი და სხვ.) და პირადად პრემიერ მინისტრმა და მისმა გუნდმა, რომლებმაც კრიზისული სიტუაციების მართვის უმაღლესი კლასი გამოავლინეს.
რაც შეეხება COVID-19-ის ავადმყოფების მკურნალობას და მოვლას, თავიდანვე შემუშავებული იყო პაციენტთა ნაკადების მოძრაობის ძალიან ეფექტური ალგორითმი – სასწრაფო დახმარების სამსახურის, ოჯახის ექიმების, ცხელების კლინიკების და COVID კლინიკების მონაწილეობით. უზრუნველყოფილი იყო ყველა რისკის ჯგუფის პირის შეუფერხებელი PCR ტესტირება. დიაგნოზის დასმა ხდებოდა 12 საათში, მაქსიმუმ 24 საათში. არცერთი პაციენტი 1 საათითაც კი არ მდგარა რიგში. ყველა ჰოსპიტალიზებული ავადმყოფი უზრუნველყოფილი იყო მულტიდისციპლინური ჯგუფის (და არა მხოლო ინფექციონისტის ან რეანიმატოლოგის) 24 საათიანი მომსახურებით. პაციენტების საბაზისო მკურნალობა უზრუნველყოფილი იყო საერთაშორისო სტანდარტების დონეზე. თავიდანვე გაცნობიერებული გვქონდა, რომ COVID-19 არ არის მხოლოდ ფილტვების დაავადება და ის მულტისისტემურ დაზიანებებს იწვევს, ყველა პაციენტთან ხორციელდებოდა სისხლის შემდედებელი სისტემის მონიტორინგი და თრომბოემბოლიური გართულებების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, დროული და ადექვატური რეაგირება ბაქტერიულ ინფექციებზე, ე.წ. „ციტოკინური შტორმის“ დროული დიაგნოსტიკა და მართვა, ფილტვების დაზიანების L და H ტიპების დიფერენცირება და არასაჭირო ინტუბაციების თავიდან აცილება და სხვ. და სხვ.
პირველივე დღეებიდან მუშაობდა ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც აანალიზებდა მსოფლიო გამოცდილებას, მრავალრიცხოვანი კვლევის შედეგებს, ინოვაციურ მიდგომებს, არჩევდა მათგან საუკეთესოს და ნერგავდა უმოკლეს დროში, სისხლის ექსტრაკორპორალური გაწმენდის (ძვირადღირებული სორბენტების საშუალებით) და კონვალესცენტების პლაზმის გადასხმის ჩათვლით და სხვ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიერ COVID-19-თან ბრძოლაში მიღწეული წარმატებები გამოდგა მდგრადი, რაც გამოიხატება იმაში, რომ პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნას მაშინვე მოჰყვა ახალი შემთვევების ხელახალი მკვეთრი მატება, საქართველოში კი ეს ან არ იყო ან მინიმალურად იყო გამოხატული, კერძოდ, საქართველოში ახალ შემთხვევათა მაქსიმალური დღიური მაჩვენებელი 38-ია, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნებში იგი ასეულობით, ათასებით და ათეულ ათასებით იზომება. ასეთი მდგრადობა შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანაში შექმნილი იყო სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუციების და სერვისების მდგრადი სისტემა.უცხოეთში მცხოვრები, მათ შორის COVID-19-ით ინფიცირებული ჩვენი თანამოქალაქეებისგან და ჩვენი მრავალრიცხოვანი უცხოელი პარტნიორებისგან შესანიშნავად ვიცით (ალბათ თქვენც იცით) თუ რა მდგომარეობა იყო ამ მხრივ სხვა, მათ შორის ევროპის და ამერიკის წამყვან ქვეყნებში.
გულზე ხელი დაიდეთ და გვითხარით, რამდენი ხანი ელოდნენ იქ პაციენტები PCR ტესტირების პასუხს, კომპიუტერულ-ტომოგრაფიულ და სხვა გამოკვლევებს. რამდენი ხანი ელოდნენ პაციენტები, მათ შორის მძიმე პაციენტები ჰოსპიტალიზაციას. ბევრი ავადმყოფი ისე კვდებოდა, რომ ექიმამდეც ვერ აღწევდა. მოსახლეობა საკუთარი ბინების ფანჯრებიდან უდიდესი სტრესის ქვეშ უყურებდა, თუ როგორ მოდიოდნენ სპეცმანქანებით, სპეცტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები და გამოჰყავდათ სახლებიდან მიცვალებულები. ქვეყნები დაკრძალვას ვერ აუდიოდნენ და ამის შემდეგ კიდევ ვინმეს ჰგონია, რომ „იქ“ ყველაფერი კარგად იყო და „აქ“ ყველაფერი ცუდად? ეს რატომღაც ზოგიერთ „ურწმუნოს“ ჰგონია ასე, თორემ მთელი დანარჩენი მსოფლიო ერთხმად აღიარებს საქართველოს უდიდეს წარმატებას და არ ეძებს ამ წარმატების ახსნას რაღაც სოფისტიკურ (ფორმალურად სწორი, მაგრამ არსებითად მცდარი დასკვნა) გათვლებში. საქართველოს წარმატებას ცალსახად აღიარებენ ჯანმო და გაერო, წამყვანი ქვეყნების ხელმძღვანელები, ყველაზე ავტორიტეტული სააგენტოები და გამოცემები, დარგის მსოფლიო ლიდერები, მათ შორის პროფესორი Anthony Fauci, პროფესორი Jens Lundgren და სხვები. არაერთი ქვეყნიდან ითხოვენ საქართველოს გამოცდილების გაზიარებას და ა.შ, და ა.შ.
რაც შეეხება ბ-ნ გიორგის შეფასებას, რომ ამერიკის CDC-ის მონაცემებით აშშ-ში სიკვდილობის პროცენტი არის მხოლოდ 0,26% (და არა 3,04%, როგორც ეს ოფიციალურად დეკლარირებულია), ეს აბსოლუტურად არარელევანტურია, რამდენადაც პრინციპულად სხვა მაჩვენებელს ასახავს. ჯერ ერთი, ეს არის ამერიკის CDC-ს ძველი, 24 მაისის მონაცემები (სადღეისოდ იგი 0,65%-ია), მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთელ მსოფლიოში სიკვდილობის პროცენტი ითვლება ყველა დიაგნოსტირებული COVID-19 შემთხვევისაგან (ე.წ. CFR). ამ პრინციპით World meter-ის, ჯანმო-ს და რაც მთავარია, იგივე ამერიკის CDC-ის ოფიციალური მონაცემებით, აშშ-ში ა.წ. 2 სექტემბერისთვის ოფიციალურად დაფიქსირებულია 6 047 692 დიაგნოსტირებული COVID-19 შემთხვევა და მათგან გარდაიცვალა 184 083 ავადმყოფი (3,04%). რაც შეეხება მაჩვენებელს, რომელზედაც ბ-ნი გიორგი აპელირებს, იქ სიკვდილობის პროცენტი დათვლილია არა დიაგნოსტირებული შემთხვევებიდან, არამედ COVID-19-ით ინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვიდან (ე.წ. IFR). ეს მაჩვენებელი შესადარებლად არ გამოიყენება, რამეთუ ინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვის ზუსტად განსაზღვრა ძალიან ძნელია და შესაძლოა ძალიან დიდ ფარგლებში მერყეობდეს.
და თუ ბ-ნ გიორგის მაინცდამაინც ამ მაჩვენებლის გამოყენება უნდა (რომელიც სადღეისოდ იგივე ამერიკის CDC-ის მონაცემებით არა 0.26% არამედ 0.65%-ია), მაშინ იგი სხვა ქვეყნებშიც ანალოგიურ მაჩვენებლებს (IFR-ს და არა CFR-ს) უნდა შედარდეს და ამ პრინციპით (IFR) დათვლილი სიკვდილობა ყველა ქვეყანაში CFR -ით დათვლილზე გაცილებით დაბალი იქნება, მითუმეტეს, რომ სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში PCR ტესტირებულთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე აშშ-ში. ასე, რომ ამერიკის 0,65%-ის შედარება საქართველოს 1,21%-თან აბსოლუტურად არარელევანტურია და სოფისტიკის სფეროდანაა, რამეთუ საქართველოში IFR შესაძლოა 0,1%-ზე დაბალიც კი იყოს.
და ბოლოს. ბ-ნო გიორგი! რომელ COVID კლინიკებში ხართ ნამყოფი და სად ნახეთ, რომ ისინი გადავსებულია „სახნავ-სათესიდან წამოყვანილი უსიმპტომო ავადმყოფებით“. სინამდვილეში PCR ტესტირებით დიაგნოზის დასმის მომენტისთვის კლინიკურად უსიმპტომო იყო მხოლოდ 11%, შემდგომში მათ ნაწილს სხვადასხვა სიმპტომები გამოუვლინდა, მათ შორის რადიოლოგიურად დადგენილი პნევმონიაც და აბსოლუტურად უსიმპტომო COVID -19-ით პაციენტების რაოდენობა ჰოსპიტალიზებულთა შორის 5-6%-ს არ აღემატება.ასეთია ჩვენი თვალით დანახული სიმართლე და ვიმეორებ – თუ ქ-ნ მაიას და ბ-ნ გიორგის ის დამაჯერებლად არ ეჩვენებათ, მზად ვარ შევხვდეთ მათ ტელედებატებში.
P.S. რაც შეეხება ქ-ნ მაიას ა.წ. 3 სექტემბრის პოსტს – ცნობილი გამოთქმის პერიფრაზი რომ ვიხმაროთ „ნეტარ არიან ურწმუნონი“. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოში მიღებული საგანგებო ზომები და შეზღუდვები სულაც არ ყოფილა ევროპის და ამერიკის სხვა ქვეყნებზე უფრო მკაცრი. უბრალოდ ჩვენთან მათ საჭირო დროს და საჭირო ფორმით ვიყენებდით. არც ეკონომიკის რეცესია არ ყოფილა სხვა ქვეყნებზე მეტად. რაც შეეხება ახლანდელ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, ყველაფერზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობის მხრივ აუცილებელი რეგულაციების დაუცველობა წავახალისოთ და მათი წილი პასუხისმგებლობის შესრულება არ მოვთხოვოთ. მინდა მოსახლეობას მივმართო აბრაამ ლინკოლნის სიტყვებით „ყველა საფრთხე მოგვარებადია, თუმცა რწმენა იმისა, რომ ყველა საფრთხე ჩავლილია, უკვე თვითონ წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს“. რაც შეეხება ქ-ნ მაიას შენიშვნას, რომ „რეგულაციები იმდენად მოზომილი უნდა იყოს, რომ რაღაც მომენტში „ყელში არ ამოუვიდეს ხალხს“ , სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენს მოსახლეობას სწორედ ასეთ რეგულაციებს ვთავაზობთ: „პირბადეების ტარება და სოციალური დისტანცირება დახურულ სივრცეებში, სანიტაიზერები, ხალმხრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება და ყველანაირ სამედიცინო სერვისზე შეუზღუდავი წვდომა“. მერწმუნეთ, ბევრ სხვა ქვეყანაში ეს რეგულაციები ბევრად უფრო მკაცრია. თუ ქ-ნმა მაიამ რაიმე უკეთესი იცის, გვირჩიოს”
კომენტარები